საქართველოს ახალგაზრდა მეან-გინეკოლოგთა და რეპროდუქტოლოგთა ასოციაცია – ახალი ეპოქა ქართულ მეან-გინეკოლოგიასა და რეპროდუქტოლოგიაში

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

სამედიცინო სფეროში მოღვაწეობა ყოველდღიურად გვაჩვენებს, რამდენად დინამიკური და მუდმივად განვითარებადია მედიცინა. ასეთ გარემოში გადამწყვეტ მნიშვნელობას იძენს უწყვეტი განათლება, პროფესიული სოლიდარობა და საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებული პრაქტიკა. საქართველოს ახალგაზრდა მეან-გინეკოლოგთა და რეპროდუქტოლოგთა ასოციაციის დამფუძნებლისა და პრეზიდენტის, მარიამ თევდორაშვილის თქმით, მიუხედავად პროფესიული ზრდის შესაძლებლობებისა, სამედიცინო სფეროს ახალგაზრდა წარმომადგენლებისთვის ხშირად არ არსებობს ერთიანი, სტრუქტურირებული სივრცე, სადაც ცოდნა, პრაქტიკული გამოცდილება და პროფესიული მხარდაჭერა ერთმანეთთან იქნება ინტეგრირებული.

"სწორედ ამ საჭიროებამ დამანახა, რომ ცვლილებას ლოდინი კი არა, შექმნა სჭირდება. ამ ხედვით ჩამოყალიბდა საქართველოს ახალგაზრდა მეან-გინეკოლოგთა და რეპროდუქტოლოგთა ასოციაცია (GYORA), რომელიც აერთიანებს ახალგაზრდა პროფესიონალებს და მათ სთავაზობს არა მხოლოდ თეორიულ ცოდნას, არამედ მიმართულებას, მხარდაჭერასა და განვითარების რეალურ შესაძლებლობებს. ამ მომენტიდან დაიწყო არა მხოლოდ ასოციაციის ისტორია, არამედ ჩემი პასუხისმგებლობის ახალი ეტაპი", – ამბობს ის.

მარიამ თევდორაშვილი აღნიშნავს, რომ ყველა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას რაღაც დოზით სიმამაცე სჭირდება – განსაკუთრებით მაშინ, როცა მას იღებ იმ ეტაპზე, როდესაც თავადაც ჯერ კიდევ გზის დასაწყისში ხარ. მისი თქმით, ყველაფერი ნულიდან დაიწყო – არ იყო მხარდაჭერა, არც რჩევა, არც კითხვებზე პასუხი.

"ჩემთან ერთად არსებობდა მხოლოდ ორი რამ: ძლიერი სურვილი და რწმენა. სწორედ ამ რწმენამ მომცა ის სიმამაცე, რომელიც ხმამაღალი ჟესტი კი არა, ყოველდღიური არჩევანია – არ დაველოდო, არ გადავდო, არ გავჩერდე შიშის დროს და გავაგრძელო მაშინაც კი, როცა არავინ გაძლევს გარანტიას, რომ აუცილებლად გამოგივა. ყოველი ნაბიჯი, რომელიც საკუთარი ძალებით გადავდგი, იყო სწავლა და საკუთარი თავის გამოცდა – როგორ ვიყო საკუთარი თავის მეგზური, როგორ გადავაქციო შიში მოქმედებად და როგორ შევქმნა გზა, რომელიც სხვებსაც დაანახებს, რომ შეუძლებელი შესაძლებელია".

სრულიად ახალი გზის არჩევა და დამოუკიდებლად ნულიდან ყველაფრის დაწყება ჯერ კიდევ რეზიდენტურაში სწავლის პერიოდში გადაწყვიტა. ამბობს, რომ თითოეული დღე სავსე იყო სწავლით, კლინიკური პასუხისმგებლობითა და მუდმივი გამოწვევებით, რაც უამრავ დაბრკოლებას ქმნიდა, რასაც ფინანსური სირთულეებიც ემატებოდა.

"სწორედ ამ სირთულეებმა მასწავლა, რომ პრობლემების გადაჭრა დიდწილად ყოველდღიურ, გონივრულ და სტრატეგიულ არჩევანზეა დამოკიდებული. გარდა პროფესიული გამოწვევებისა, ეს გზა ჩემთვის გულისხმობდა საკუთარი შესაძლებლობების დამტკიცებას – როგორც საკუთარი თავისთვის, ასევე ოჯახისთვისაც. ნაბიჯ-ნაბიჯ, სისტემატურად და მიზანმიმართული მოქმედებით შევძელი ის, რაც თავიდან წარმოუდგენლად ჩანდა. ამ გამოცდილებამ დამარწმუნა, რომ ყველაზე დიდი წინააღმდეგობები ხშირად ჩვენი ყველაზე დიდი შესაძლებლობებია – როგორც პროფესიულ ზრდაში, ისე პირად განვითარებაში", – ამბობს GYORA-ს დამფუძნებელი და დირექტორი.

გენდერულ სტრეოტიპებზე საუბრისას მარიამ თევდორაშვილი ხაზს უსვამს, რომ პირველი ნაბიჯები პროფესიულ გზაზე არასდროს არის მარტივი, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება ახალგაზრდა ქალს, რომელიც საკუთარ ინიციატივას ქმნის და პასუხისმგებლობას იღებს.

"ამ პროცესმა გამოწვევები კიდევ უფრო ნათლად წარმოაჩინა – ჩემი შესაძლებლობები ხშირად ეჭვქვეშ დგებოდა მხოლოდ სქესისა და ასაკის გამო. მიუხედავად ამისა, სწორედ ამ გამოცდილებამ გამაძლიერა. თითოეულმა ეტაპმა დამანახა, რომ პროფესიული წარმატება განისაზღვრება ცოდნით, პასუხისმგებლობითა და გამბედაობით – არა სტერეოტიპებით", – აღნიშნავს ის.

მარიამ თევდორაშვილის თქმით, ყველაზე რთული და გარდამტეხი მომენტი არის ის წამი, როდესაც წყვეტ, აღარ დაელოდო იდეალურ პირობებს და პასუხისმგებლობას მთლიანად საკუთარ თავზე იღებ. მისთვის დამოუკიდებელი საქმიანობა პროფესიულზე მეტად შინაგანი გარდაქმნის პროცესი აღმოჩნდა.

"ამ დროს იწყებ საკუთარი შესაძლებლობების ახლებურად გაცნობას და გამკლავებას შინაგან ხმასთან, რომელიც გეკითხება, "შეძლებ?". დამწყებ ანტრეპრენერებსა და ტოპმენეჯერებს ვურჩევდი – ნუ დაელოდებით იდეალურ პირობებს. სტრატეგია მნიშვნელოვანია, მაგრამ გაცილებით მნიშვნელოვანია შინაგანი სიმტკიცე, ყოველდღიური ნაბიჯები და თანმიმდევრულობა. ყველაზე დიდი შეცდომა შიში კი არა, უმოქმედობაა. შეცდომები გარდაუვალია, მაგრამ ისინი ზრდის ინსტრუმენტია, თუ მათზე პასუხისმგებლობას იღებ.

განსაკუთრებით კი ქალებს, რომლებიც საკუთარ ბიზნესზე ფიქრობენ, თუმცა სხვადასხვა მიზეზით თავს იკავებენ, მინდა ვუთხრა, რომ ხშირად ბარიერი გარეთ კი არა, ჩვენ შიგნით არსებობს. ნუ მისცემთ ეჭვებს უფლებას, განსაზღვროს თქვენი შესაძლებლობები. ნუ დაელოდებით გარანტიებს. არც გზა იქნება ყოველთვის მარტივი და არც გარემო – ყოველთვის მხარდამჭერი. მაგრამ თუ გაქვთ ხედვა და ღირებულება, რომელსაც ქმნით, უკვე გაქვთ საფუძველი. სწორედ ამიტომ დაიწყეთ, რადგან საბოლოოდ, წარმატება ეკუთვნის არა მათ, ვინც არასდროს შეცდა, არამედ მათ, ვინც გაბედა დაწყება", – გვიზიარებს თავის ხედვას მარიამი.

GYORA-ს დამფუძნებელი და დირექტორი ამბობს, რომ ანტრეპრენერი არ არის უბრალოდ ადამიანი, ვინც ბიზნესს მართავს ან იდეებს ახორციელებს – ის არის ადამიანი, რომელიც ხედავს სამყაროს არა ისეთად, როგორიც არის, არამედ ისეთად, როგორიც შეიძლება გახდეს.

"იქ, სადაც სხვები კითხულობენ: "შესაძლებელია?", ანტრეპრენერი საკუთარ თავს ეკითხება: "როგორ გავხადო შესაძლებელი?". ანტრეპრენერებად არ იბადებიან – ასეთებად ყალიბდებიან. ყალიბდებიან გამოცდილებით, შეცდომებით, თვითკრიტიკითა და უწყვეტი სწავლით. ყალიბდებიან მაშინ, როცა ირჩევენ პასუხისმგებლობას კომფორტის ნაცვლად და ზრდას – შიშის ნაცვლად. ანტრეპრენერობა სწორედ ეს გაბედულებაა – იმის გაკეთება, რაც ჯერ არ არსებობს. ეს არის სიმამაცე, რომელიც ქმნის მომავალს, და სწორედ ასეთი სიმამაცით იბადება ნამდვილი ლიდერობა".

მისთვის ინსპირაცია იწყება იდეით – იმ მომენტით, როცა ხედავს შესაძლებლობას იქ, სადაც სხვები მხოლოდ მოცემულობას ხედავენ. მისი თქმით, ინსპირაციას აძლევს პროგრესი: შეგრძნება, როცა გუშინდელი ხედვა დღეს უკვე სისტემად იქცა, ხოლო დღევანდელი შრომა ხვალის შედეგს აშენებს.

"ბიზნესში თითოეული ნაბიჯი, იქნება ეს წარმატება თუ სირთულე, გამოცდილებად გარდაიქმნება და სწორედ ეს მუდმივი მოძრაობა მაძლევს სტიმულს, არ გავჩერდე. ინსპირაცია მოდის ადამიანებიდანაც – მათი ნდობიდან, დადებითი შეფასებებიდან და განვითარების სურვილიდან. ყველაზე დიდი მოტივაცია მოდის იმ შეგრძნებიდან, როცა შენი საქმიანობა რეალურ ღირებულებას ქმნის და ვიღაცისთვის ეს სივრცე გახდა შესაძლებლობა, თავდაჯერებულობა ან პირველი პროფესიული ნაბიჯი. თუმცა ინსპირაცია მხოლოდ დადებით შეფასებებში არ არის. ბუნებრივია, არსებობს განსხვავებული აზრი, დამოკიდებულება და მოლოდინები. არიან მიმბაძველებიც, იდეის გადამღებებიც, პლაგიატორებიც – ადამიანები, რომლებიც აკვირდებიან და ელიან შენს ახალ ნაბიჯებს. თუმცა ისინი გახსენებენ, რომ შენ ქმნი რაღაც ორიგინალურს და შენი ნაბიჯები სხვის მოძრაობას იწვევენ. ყოველი გამოწვევა არის სარკე, რომელიც გაჩვენებს სად ხარ და საით შეგიძლია წახვიდე", – აღნიშნავს ის.

მარიამ თევდორაშვილი ამბობს, რომ საქართველოს ახალგაზრდა მეან-გინეკოლოგთა და რეპროდუქტოლოგთა ასოციაცია ყოველდღიურად ვითარდება, არ ჩერდება, ამტკიცებს, რომ ცოდნა, გამოცდილება და პრაქტიკა ერთად ქმნის ძლიერ, ინოვაციურ და პროფესიულ სივრცეს.

"სწორედ ამიტომ შევძელით უმოკლეს დროში მნიშვნელოვანი შედეგების მიღწევა. საქართველოს ახალგაზრდა მეან-გინეკოლოგთა და რეპროდუქტოლოგთა ასოციაცია (GYORA) უკვე არის ევროპისა და ამერიკის წამყვანი სამედიცინო ორგანიზაციების წევრი, რაც საშუალებას აძლევს ჩვენს წევრებს, მიღონ გამოცდილება არა მხოლოდ ქართველი, არამედ მსოფლიოს წამყვანი პროფესორებისგან".

მისი თქმით, აქტიურად ტარდება ტრენინგები, აკრედიტებული კონფერენციები, ვებინარები და Hands-on Workshop.

"უახლოესი ერთი წლის განმავლობაში ჩვენი მიზანია კიდევ უფრო გავაფართოოთ საერთაშორისო პარტნიორობა, შემოვიტანოთ მეტი პრაქტიკული და კვლევითი პროგრამა, და შევქმნათ გარემო, სადაც ყოველი პატარა ნაბიჯი ქმნის ახალ შესაძლებლობებს, ახალ ისტორიებსა და უკეთეს მომავალს. განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ ქველმოქმედებასაც. "გაუზიარე სიყვარული, გაავრცელე სიკეთე" – ეს არ არის მხოლოდ სახელწოდება, ეს ჩვენი დამოკიდებულებაა. გვჯერა, რომ პროფესიული წარმატება სრულფასოვანია მაშინ, როცა მას თან სდევს ადამიანური სითბო, მხარდაჭერა და საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა.

მიხარია, რომ ამ გზაზე შევიძინე უამრავი მეგობარი და უფროსი კოლეგები – ადამიანები, რომლებიც გვაძლევენ მოტივაციას, გვიზიარებენ გამოცდილებას და გვაძლიერებენ როგორც პროფესიონალებს, ისე ადამიანებს. თითოეული წევრის ჩართულობა, ენერგია და მხარდაჭერა აძლიერებს ასოციაციას, რისთვისაც მათ დიდი მადლობა მინდა გადავუხადო. სწორედ ამ შეგრძნებაში, ამ ერთიანობაში ვპოულობ პასუხს. ეს გზა არ იყო მარტივი, თუმცა თუ თავიდან დაწყება მომიწევდა, ისევ ამ გზას ავირჩევდი, რადგან ეს მართლა ამად ღირდა", – ამბობს მარიამ თევდორაშვილი, საქართველოს ახალგაზრდა მეან-გინეკოლოგთა და რეპროდუქტოლოგთა ასოციაციის დამფუძნებელი და დირექტორი.