ქართველი მკვლევარის წარმატება უნგრეთში: მარიამ ფილიშვილს სამართლის დოქტორის ხარისხი მიენიჭა
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ქართველმა იურისტმა და სამართლის დოქტორმა მარიამ ფილიშვილმა უნგრეთის დებრეცენის უნივერსიტეტში (University of Debrecen) სამართლის დოქტორის (PhD) აკადემიური ხარისხი მოიპოვა. სადოქტორო კვლევა განხორციელდა სრულად დაფინანსებული ოთხწლიანი პროგრამის ფარგლებში, გეზა მარტონის სამართლის სადოქტორო სკოლაში.
აკადემიური გზა საქართველოში დაიწყო, სადაც საერთაშორისო შავი ზღვის უნივერსიტეტში სამართლის ბაკალავრის ხარისხი წარჩინებით მიიღო. მაღალი აკადემიური მოსწრებისათვის დაჯილდოებული იყო როგორც სახელმწიფო, ისე საუნივერსიტეტო სტიპენდიებით. სტუდენტობის პერიოდში მონაწილეობდა პოლონეთის ლოძის უნივერსიტეტის გაცვლით პროგრამაშიც, რამაც მისი საერთაშორისო აკადემიური გამოცდილება კიდევ უფრო გააღრმავა.
სწავლის შემდეგი ეტაპი უნგრეთს დაუკავშირდა, სადაც დებრეცენის უნივერსიტეტში ევროპული და საერთაშორისო ბიზნეს სამართლის მაგისტრის ხარისხი მოიპოვა. როგორც სამაგისტრო, ისე სადოქტორო საფეხურზე სწავლობდა უნგრეთის მთავრობის პრესტიჟული Stipendium Hungaricum-ის სრული დაფინანსებით.
სადოქტორო ნაშრომი თანამედროვე სამართლის ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ თემას, ბლოკჩეინის ტექნოლოგიებისა და პერსონალური მონაცემების დაცვის ურთიერთმიმართებას, ეძღვნება. კვლევა ევროკავშირის მონაცემთა დაცვის ზოგადი რეგულაციის (GDPR) ფარგლებში "დავიწყების უფლების" განხორციელების გამოწვევებსა და ბლოკჩეინის საფულეების პროვაიდერების პასუხისმგებლობის საკითხებს განიხილავს.
კვლევითი საქმიანობის ფარგლებში მონაწილეობა აქვს მიღებული მრავალ საერთაშორისო კონფერენციაში, სამეცნიერო პროექტსა და იურიდიულ იმიტირებულ კონკურსებში, მათ შორის Jessup International Moot Court. არის ევროპული სამართლის, მონაცემთა დაცვის, კორპორაციული მართვისა და ციფრული ტექნოლოგიების სამართლებრივი რეგულირების საკითხებზე გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომების ავტორი. სხვადასხვა საერთაშორისო აკადემიურ ღონისძიებაზე არაერთხელ გახდა საუკეთესო სპიკერის ჯილდოს მფლობელი.
2025–2026 წლებში უნგრეთის დოქტორანტთა და DLA კანდიდატთა ეროვნული ასოციაციის (DOSZ) მიერ საქართველოს წარმომადგენლად და აკადემიურ ელჩად იყო არჩეული. ამ სტატუსით მონაწილეობდა საერთაშორისო აკადემიური თანამშრომლობის ხელშეწყობასა და ახალგაზრდა მკვლევართა შორის პროფესიული კავშირების გაღრმავებაში.
სამართლის დოქტორის ხარისხის მოპოვებით იგი უერთდება ქართველ მეცნიერთა იმ თაობას, რომელიც საერთაშორისო აკადემიურ სივრცეში საქართველოს ღირსეულად წარმოადგენს და განაგრძობს მუშაობას ციფრული ტექნოლოგიების, მონაცემთა დაცვისა და ხელოვნური ინტელექტის სამართლებრივი რეგულირების თანამედროვე გამოწვევების საკითხებზე.