პასუხისმგებლობის არქიტექტურა: როგორ დაიბადა გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის მდგრადი განვითარების ცენტრის შექმნის იდეა და Libra Alliance-ის სტრატეგიული ხედვა

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

მეჰდი მაჯიდი - Libra Alliance-ის დამფუძნებელი & GRUNI-ის მდგრადი განვითარების ცენტრის თანადამფუძნებელი

ცვალებად გლობალურ ბიზნეს სამყაროსთან ერთად იცვლება წარმატების აღქმაც. დღეს კორპორაციული წარმატება მხოლოდ ციფრებსა და ფინანსურ მოგებაზე აღარ დაიყვანება; მას სულ უფრო მეტად განსაზღვრავს სოციალური კეთილდღეობა, ეთიკური ლიდერობა და გარემოზე ზრუნვა. ამ დიდ გარდაქმნას კავკასიის რეგიონში გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტისა (გრუნი) და Libra Alliance-ის ახალი პარტნიორობა უძღვის წინ. სწორედ ამ თანამშრომლობის ნაყოფია გრუნის მდგრადი განვითარების ცენტრი.

ეს ცენტრი ბევრად მეტია, ვიდრე უბრალოდ აკადემიური პროექტი. ის შეიქმნა, როგორც პლატფორმა, რომელმაც სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას ახალი იმპულსი უნდა მისცეს. ცენტრი აერთიანებს უმაღლეს განათლებასა და გაეროს პასუხისმგებლიანი მენეჯმენტის პრინციპებს (PRME), რითაც ცდილობს შეავსოს ის ნაპრალი, რომელიც დღეს საერთაშორისო სტანდარტებსა და კერძო სექტორის ყოველდღიურ გადაწყვეტილებებს შორის არსებობს.

i5 PRME ვორკშოპი - UN PRME-ის წარმომადგენლობა გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში

ლიბრა ალიანსის ჩამოყალიბება და შემდგომში გრუნის მდგრადი განვითარების ცენტრის დაარსებაც, გლობალური განვითარების სფეროში, ეფუძნება პროფესორ მაჯიდის მრავალწლიან და მრავალპროფილურ გამოცდილებას, მათ შორის მის საქმიანობას გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებზე (SDGs) მომუშავე სამუშაო ჯგუფში და მსოფლიო ბანკის მრჩეველის როლში. პროფესორმა გადაწყვიტა, შეექმნა დამოუკიდებელი საკონსულტაციო და საგანმანათლებლო კომპანია, რადგან თვლიდა, რომ დღევანდელ ცვალებად სამყაროში მოქნილობა გადამწყვეტია.

"მთავარი საკითხი მიღწევის განცდა იყო," - იხსენებს მაჯიდი. "დიდი ხნის წინ დაარსებულ ინსტიტუტებში წესები და რეგულაციები ხშირად იმდენად მოძველებულია, რომ ახალ ტენდენციებთან ადაპტაციისთვის ძალიან მცირე სივრცეს ტოვებს. ამიტომ გადავწყვიტე შემექმნა პლატფორმა, რომელიც ღირებულებას შექმნიდა იქ, სადაც ეს ყველაზე მეტად არის საჭირო - მენეჯმენტის, როგორც საზოგადოების ტრანსფორმაციისა და მდგრადი განვითარების მიზნების იმპლემენტაციის მთავარი მამოძრავებელი ძალის, გამოყენებით."

პროფესორი მაჯიდი მიიჩნევს, რომ ბიზნეს სექტორში არსებული პრობლემების ტრადიციულ აღქმაში ფუნდამენტური კულტურული ნაპრალი არსებობს. თუ ძველი მიდგომა ზრდას ნებისმიერ ფასად ითხოვდა, ახალი ხედვა საზოგადოების კეთილდღეობას მთავარ ამოსავალ წერტილად აქცევს.

"ეს აღარ არის არჩევანი. თუ არ ხართ პროცესის მონაწილე, ე.ი. ჩამორჩებით მას. ეს არის სტრატეგიული აუცილებლობა სამყაროში, სადაც ინფორმაცია უფასოა, მაგრამ ეთიკური, ცვლილების მომტანი გადაწყვეტილებების იმპლემენტაციის უნარი ჭეშმარიტად განმასხვავებელი ნიშანია." - ამბობს ის.

თავდაპირველად პროფესორი მაჯიდი მთელ ცენტრალურ აზიას აკვირდებოდა, თუმცა საბოლოოდ არჩევანი საქართველოზე შეაჩერა. მიზეზი ღრმა კულტურული ფესვებია - მან დაინახა, რომ ქართული ღირებულებები, ხელოვნების სიყვარული და განათლებისადმი პატივისცემა ბუნებრივად თანხვედრაშია მდგრადი განვითარების პრინციპებთან. პარტნიორად კი გრუნი შეარჩია, რადგან უნივერსიტეტის ინოვაციური და სტუდენტებზე ორიენტირებული მიდგომით მოიხიბლა.

"მე ვეძებდი უნივერსიტეტს, რომელიც მომავალზე იქნებოდა ორიენტირებული და სადაც ხელმძღვანელობა ჩემს ხედვას მყისიერად გაიგებდა. გრუნიში ჩვენ ვიპოვეთ გარემო, რომელიც სრულად უწყობდა ხელს ჩვენი ხედვის განხორციელებას. ხელმძღვანელობამ იდეა მხოლოდ კი არ მოიწონა, არამედ გამოყო სივრცე საზღვრების გასაფართოებლად და სიახლეების დასანერგად. საქართველოს აქვს პოტენციალი, იყოს რეგიონისთვის მდგრადობის კულტურისა და განათლების ხერხემალი და ეს ცენტრი არის პირველი ნაბიჯი ამ პოტენციალის მატერიალიზებისთვის."

ცენტრი მიზნად ისახავს ამ სექტორში კადრების დეფიციტის აღმოფხვრას ინოვაციური საგანმანათლებლო პროგრამების შეთავაზებით, რომლებიც სრულ შესაბამისობაშია გაეროს პასუხისმგებლიანი მენეჯმენტის განათლების პრინციპებთან (UN PRME). პროგრამები ისეა აგებული, რომ სტუდენტებმა მხოლოდ ტექნიკური ცოდნა კი არ მიიღონ, არამედ იპოვონ საკუთარი "მოწოდება"- მიზნის მიღწევაზე დაფუძნებული მიდგომა პროფესიული განვითარებისთვის.

ინოვაციურ სასწავლო პროგრამებს შორისაა:

სასწავლო პროგრამების გარდა, იქმნება სპეციფიკური, ინდუსტრიების მოთხოვნებზე მორგებული სასერტიფიკატო კურსებიც. მათ შორისაა სოციალური გავლენის შეფასება, მდგრადი ინდუსტრიული ტრანსფორმაცია და მაღალეფექტური ორგანიზაციები. პროგრამებში აქცენტი კეთდება იმაზე, რომ მდგრადობა, ფინანსური თვალსაზრისით, რისკების შემცირების მეთოდია. სოციალური რეპუტაციისა და აღიარების უზრუნველყოფით, კომპანიები ეფექტურად ამცირებენ ოპერაციულ რისკებს და ამავდროულად ზრდიან გრძელვადიან შემოსავლებს.

ცენტრის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მახასიათებელია მისი მისწრაფება საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისადმი შემოქმედებითი და კულტურული ინიციატივების მეშვეობით. მდგრადი განვითარების მიზნების ოლიმპიადიდან და სოციალური მეწარმეობის ლაბიდან დაწყებული, კედლის მხატვრობის კონკურსითა და მდგრადი განვითარების მიზნების შესახებ ცნობიერების ამაღლების ფოტო-ვიდეო-ხელოვნების პროექტით დამთავრებული, ცენტრი აქტიურად ანგრევს აკადემიური სამყაროს ტრადიციულ ბარიერებს.

მდგრადი განვითარების შესახებ ცნობიერების ამაღლების ფოტო-ვიდეო-ხელოვნების კონკურსის დასკვნითი ცერემონია

პროფესორი მაჯიდი "საჯარო-კერძო-სოციალური პარტნიორობის" ("Public-Private-Social Partnership" (PPSP) მომხრეა. იგი მიიჩნევს, რომ ტრადიციული საჯარო ორგანიზაციებისა და კერძო კომპანიების პარტნიორობის მოდელი მდგრადობისთვის არასაკმარისია; საზოგადოება უნდა იყოს ჩართული გადაწყვეტილებების შემუშავების პროცესში.

"ხელოვნება ხსნის გონებას; ის გვხდის კრეატიულს. ხელოვანები წარმოიდგენენ ახალ სამყაროს და შემდეგ გამოსახავენ მას. ეს არის ზუსტად ის, რისი ხილვაც გვსურს ბიზნეს მენეჯერებისგან: წარმოიდგინონ მდგრადი სამყარო და შემდეგ განახორციელონ მათი გეგმები. სწორედ ამიტომ, ჩვენ ბავშვებსაც კი ვუკავშირდებით მდგრადობის თემატიკაზე შექმნილი საბავშვო წიგნის ,,SDGs Storytelling"-ის მეშვეობით. ჩვენ არამხოლოდ სერვისს ვთავაზობთ საზოგადოებას, არამედ ვაინტეგრირებთ საკუთარ თავს მასში." - ამბობს პროფესორი მაჯიდი Entrepreneur-თან ინტერვიუში.

მდგრადობის თემატიკაზე შექმნილი საბავშვო წიგნის - SDGs Storytelling-ის - პრეზენტაცია

გრუნის მდგრადი განვითარების ცენტრისა და Libra Alliance-ის გრძელვადიანი ხედვა, უპირველეს ყოვლისა, გაფართოებას გულისხმობს. სადოქტორო პროგრამა უკვე იხსნება, სამაგისტრო პროგრამა კი სტუდენტების პირველ ნაკადს სექტემბრიდან მიიღებს. გუნდი უკვე ფიქრობს ამ მოდელის დანერგვაზე ცენტრალურ აზიასა და აღმოსავლეთ ევროპაში.

ქართული ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებისთვის და მომავალი ლიდერებისთვის გზავნილიც ნათელია: რესურსები მოაქვს ხედვას.

"ადამიანები ხშირად ვჩერდებით, რადგან ვფიქრობთ, რომ ფული არ გვაქვს. მაგრამ თანამედროვე მსოფლიოში ფინანსები მხოლოდ ფასილიტატორის როლშია. აქტიური თანამშრომლობა და სოციალური კეთილდღეობის რწმენა არის ის, რაც რეალურად ცვლის სამყაროს."

გრუნის მდგრადი განვითარების ცენტრი ახლა იწყებს თავის ისტორიას, თუმცა ის უკვე არის გამოვლინება იმისა, რომ საქართველოს აქვს რეალური პოტენციალი, ხელი შეუწყოს რეგიონში პასუხისმგებლიანი, ინოვაციური და მდგრადი მომავლის მშენებლობას.