მომავლის მუხტი: როგორ აშენებს ერთი ანტრეპრენერი საქართველოს ელექტრომობილების ინფრასტრუქტურას

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ბესიკ პაპიაშვილმა შენიშნა ის, რაც სხვებს გამორჩათ. Electrify Georgia მოგებიანი კომპანიაა, რომელიც იზრდება და ქვეყნის დამოკიდებულებას ენერგოდამოუკიდებლობის მიმართ თითქმის შეუმჩნევლად ავითარებს.

2022 წლის ზაფხულში ბესიკ პაპიაშვილმა თავისი პირველი Tesla Model 3 შეიძინა. მისი თქმით, ეს გამოცდილება გარდამტეხი აღმოჩნდა არა მხოლოდ სისწრაფის ან მშვიდი მგზავრობის გამო, არამედ ერთი გაცილებით ნაკლებად გლამურული დეტალის: როცა ელემენტის დონე დაეცა და მიხვდა, რომ მანქანის დასამუხტად უახლოესი ადგილი არ არსებობდა.

"ელემენტის დაცლის შიში, – ამბობს ის. ეს განცდა კარგად არის ცნობილი ელექტრომობილების პირველი მომხმარებლებისთვის იმ ბაზრებზე, სადაც დამტენი ტექნოლოგიები არ არის განვითარებული. "საქართველოში არსებული მდგომარეობის შესწავლა დავიწყე და მალევე აღმოვაჩინე, რომ რესურსი პრაქტიკულად არ არსებობდა. ელექტრომობილები შემოდიოდა, დამტენი ტექნოლოგიები კი არა".

ადამიანების უმეტესობისთვის ეს, უბრალოდ, იმედგაცრუება იქნებოდა. მისთვის კი, ადამიანისთვის, რომელმაც უკვე შექმნა საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მობილობის პლატფორმა, ეს ახალ ბიზნესიდეად იქცა.

როგორ შეიქმნა სისტემა, რომელიც ადგილობრივ ბაზარზე მანამდე არ არსებობდა?

Electrify Georgia 2024 წელს დაარსდა, წინა ორი წელი კი ბაზრის შესწავლას მოვანდომეთ, ტექნოლოგიურ პარტნიორებს ვაფასებდით, მოთხოვნებს ვაკვირდებოდით. ჩვენმა კომპანიამ პირველი გადამხდელი მომხმარებლები 2025 წლის დასაწყისში მიიღო და მას შემდეგ მათი რიცხვი ორნიშნა ტემპით იზრდება.

დღეს Electrify Georgia თბილისის მასშტაბით 20 აქტიურ სწრაფ დამტენს მართავს და გაფართოებას აგრძელებს. თუმცა მთავარი მხოლოდ სადგურების რაოდენობა არ არის, გადამწყვეტი სიჩქარეა. კომპანიამ ცოტა ხნის წინ საკუთარ ქსელში 320 კვტ სიმძლავრის ულტრასწრაფი დამტენი დადგა, რითაც კავკასიის რეგიონში პირველი ოპერატორი გახდა, რომელიც მომხმარებლებს ამ სიჩქარის დამუხტვას სთავაზობს.

როდესაც ვამბობთ სწრაფს, ამას ნამდვილად ვგულისხმობთ. ჩვენ ქსელს დღევანდელი ელექტრომობილების ბაზრისთვის არ ვაშენებთ, მას ხუთი წლის შემდეგ არსებული ბაზრისთვის ვქმნით.

რამდენად მოგებიანი და ეფექტიანი იყო კომპანიისთვის პირველი აქტიური წელი?

ინფრასტრუქტურულ ბიზნესებში ოპერირების პირველივე წელს მოგებაზე გასვლა იშვიათია. ჩვეულებრივ, საჭიროა წლები, ქსელის განვითარების, მომხმარებლების მოზიდვისა და კაპიტალის ინტენსიური ინვესტირებისთვის, სანამ ერთეულზე დაფუძნებული ეკონომიკური მაჩვენებელი დადებით ნიშნულს მიაღწევს. Electrify Georgia-მ ეს მხოლოდ თორმეტ თვეში შეძლო.

ჩვენ ამ შედეგს ლოკაციების შერჩევისადმი დისციპლინირებულ მიდგომას ვუკავშირებთ. ფართო დაფარვის გაფართოების ნაცვლად, კომპანია რეალური მომხმარებლის ქცევის მონაცემებსა და მოთხოვნის ანალიზს ეყრდნობა, რათა განსაზღვროს, სად იქნება რეალურად დამტენების საჭიროება, და ეს არ იყოს უბრალოდ მოცემულობა რუკაზე.

დამტენები იქ უნდა განათავსო, სადაც ადამიანები რეალურად ჩერდებიან და არა იქ, სადაც შენ გგონია, რომ უნდა ჩერდებოდნენ. რაც უფრო მეტ მონაცემს ვაგროვებთ, მით უფრო ზუსტი ხდება ჩვენი გაფართოების გადაწყვეტილებები. დღეს ყოველი ახალი ლოკაცია, რომელსაც ვამატებთ, წინაზე უფრო ძლიერი ბიზნესარგუმენტით არის გამყარებული.

ჩვენ კომერციული სტრატეგიაც სტრატეგიულ საცალო და კვების პარტნიორობებზე ავაგეთ, დამტენები ისეთ ადგილებში განთავსდა, სადაც მომხმარებლების გაჩერების ბუნებრივი დრო დატენვის პროცესს ემთხვევა. უკვე გვაქვს შეთანხმებები წამყვან კვებით და საცალო ბრენდებთან, ხოლო რამდენიმე მსხვილ საერთაშორისო ოპერატორთან მოლაპარაკებები ამ ეტაპზეც მიმდინარეობს.

რას ნიშნავს თქვენთვის ელექტრომობილების დამუხტვის ბიზნესი და რამდენად უკავშირდება ეს საერთო ეროვნული განვითარების სტრატეგიას?

საქართველო მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული იმპორტირებულ საწვავზე. ეს დამოკიდებულება დაუცველობის შეგრძნებას ქმნის, ეკონომიკურს, გეოპოლიტიკურს და საბოლოოდ, ეგზისტენციალურს. უკვე ვნახეთ, რა ხდება, როცა ენერგომომარაგების ჯაჭვები ირღვევა. ამას კიდევ ვნახავთ. მთავარი კითხვა ის არის, მზად ვართ თუ არა ამისთვის.

საქართველოს აქვს განახლებადი ენერგიის უზარმაზარი პოტენციალი, ჰიდროენერგია, მზისა და ქარის ენერგია, თუმცა ტრანსპორტის სექტორის ენერგომომარაგებისთვის ქვეყანა კვლავაც იმპორტირებულ წიაღისეულ საწვავზეა დამოკიდებული. ელექტრომობილების გავრცელების დაჩქარება, ძლიერი ადგილობრივი დამუხტვის ინფრასტრუქტურის მხარდაჭერით, ამ დამოკიდებულების შემცირების ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი გზაა.

ყოველი მანქანა, რომელიც ჩვენს ერთ-ერთ დამტენს უერთდება, ნიშნავს ერთით ნაკლებ ავტომობილს, რომელიც იმპორტირებულ საწვავს მოიხმარს. თუ ამას მთელ ქსელზე და ათწლეულის პერსპექტივაზე გადაამრავლებ, ნათლად დავინახავთ, რა ეროვნული მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს იმას, რასაც ჩვენ ვაშენებთ.

რეალური ღირებულება რეალური პრობლემების გადაჭრიდან და ადამიანების ცხოვრების გამარტივებიდან მოდის. მობილობა ფუფუნება არ არის, ადამიანებს სჭირდებათ უსაფრთხო, საიმედო და მდგრადი გადაადგილების გარანტი. ჩვენ მოძრაობისთვის ვართ შექმნილები, მთავარი კითხვაა როგორ.

როგორია განვითარების შემდეგი ეტაპი?

თბილისი მხოლოდ დასაწყისია. Electrify Georgia-ს გეგმა ეროვნული მასშტაბის გაფართოებას გულისხმობს, დამუხტვის ქსელს, რომელიც საქართველოს ავტომაგისტრალებს გასდევს და ქალაქებს ერთმანეთთან ისე აკავშირებს, როგორც დღეს ბენზინგასამართი სადგურები, თუმცა უფრო სუფთა, სწრაფი და სულ უფრო მეტად ადგილობრივად გენერირებულ ენერგიაზე დაფუძნებული სისტემით.

ამბიცია დიდია. თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია დროის ფანჯარაც. საქართველოს ელექტრომობილების ბაზარი ჯერ კიდევ განვითარების იმ ეტაპზეა, როდესაც კარგად კაპიტალიზებულ და მონაცემებზე დაფუძნებულ ოპერატორს შეუძლია თავად განსაზღვროს ბაზრის სტანდარტი, და არა უბრალოდ არსებულ კონკურენციას მოერგოს. მაგრამ ეს შესაძლებლობა უსასრულოდ არ გაგრძელდება: რეგიონული და საერთაშორისო მოთამაშეები კავკასიის ბაზრის მიმართ ინტერესს უკვე ავლენენ.

მე ვხედავ პოტენციალს და ვმოქმედებ, სწორედ ამას ვაკეთებ. საქართველოს ეს ინფრასტრუქტურა სჭირდება. ეკონომიკური მოდელი მუშაობს. მისიას მნიშვნელობა აქვს. ერთადერთი კითხვა ის არის, რამდენად სწრაფად შევძლებთ ამ ყველაფრის აშენებას.

თბილისში, Electrify Georgia-ს ერთ-ერთ ლოკაციაზე, როდესაც უყურებ როგორ იმუხტება ელექტრომობილი იმ დროში, რა დროშიც ყავას მიირთვემს, ადვილია გჯეროდეს იდეის.