"მასწავლებლის გავლენის" ჯილდოზე რეგისტრაცია დაიწყო
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
ყველაფერი იწყება მასწავლებლით - სწორედ ამ იდეაზე დაფუძნებით გამოცხადდა "მასწავლებლის გავლენის" ჯილდო - საქართველოს უნივერსიტეტის ახალი კონკურსი, რომელიც მიზნად ისახავს იმ პედაგოგების აღმოჩენას, მხარდაჭერასა და პროფესიულ აღიარებას, ვინც საკუთარ საქმიანობას რეალურ და მდგრად ცვლილებად აქცევს.
"მასწავლებლის გავლენის" ჯილდო ხორციელდება საქართველოს უნივერსიტეტის წლიური ინიციატივის - "საქართველოს უნივერსიტეტი მასწავლებლისათვის" - ფარგლებში. პროექტის მიზანია მასწავლებლის პროფესიის მხარდაჭერა, მათი გაძლიერება და პროფესიული განვითარების ახალი შესაძლებლობების შექმნა მთელი წლის განმავლობაში. ინიციატივა ეფუძნება რწმენას, რომ ყველაფერი იწყება მასწავლებლით - მეგზურით, ლიდერით და იმ ადამიანით, ვინც განათლების სფეროში რეალურ ცვლილებებს ქმნის.
ჯილდო ასახავს მნიშვნელოვან იდეას: თანამედროვე მასწავლებელი მხოლოდ ცოდნის გადამცემი აღარ არის. ის არის ინოვატორი და საზოგადოებრივი ლიდერი, რომლის გავლენა სცდება საკლასო ოთახის საზღვრებს და ვრცელდება სკოლაზე, კოლეგებზე, მოსწავლეებსა და მთლიანად თემზე. "მასწავლებლის გავლენა" სწორედ ამ ფართო მნიშვნელობით განისაზღვრება - როგორც ცვლილება, რომელიც აისახება მოსწავლეების აკადემიურ და პიროვნულ განვითარებაზე, სკოლის კულტურაზე, განათლების ხარისხზე და საზოგადოების განვითარებაზე.
კონკურსის ფარგლებში გაიცემა სამი "მასწავლებლის გავლენის" ჯილდო, ხოლო გამარჯვებულებს სპეციალურად შექმნილი ჟიური გამოავლენს. პროცესის მიზანია არა მხოლოდ გამარჯვებულების გამოვლენა, არამედ იმ ისტორიების მოძიება და გაძლიერება, რომლებიც შეიძლება გახდეს შთაგონების წყარო მთელი პროფესიული საზოგადოებისთვის.
საქართველოს უნივერსიტეტში აღნიშნავენ, რომ ინიციატივის მთავარი ღირებულება სწორედ პარტნიორობაა: "მასწავლებლისა და უნივერსიტეტის პარტნიორობა განათლების ეკოსისტემის გაუმჯობესების აუცილებელი პირობაა. ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ მასწავლებლები, რომლებიც რეალურ გავლენას ახდენენ, იყვნენ აღიარებული და დაფასებული - მათი გამოცდილება უნდა იქცეს შთაგონების ძალად სხვა პედაგოგებისთვის."
"მასწავლებლის გავლენის" ჯილდო ტრადიციული კონკურსებისგან განსხვავდება იმითაც, რომ ის მხოლოდ ერთჯერად დაჯილდოებას არ გულისხმობს. მონაწილეები მიიღებენ წვდომას პროფესიულ ვორქშოფებზე, საჯარო ლექციებსა და ფორუმებზე, რაც მათ პრაქტიკულ ინსტრუმენტებს მისცემს სასწავლო პროცესის განვითარებისთვის. ინიციატივის გრძელვადიანი მიზანია საქართველოში ჩამოყალიბდეს მასწავლებელთა გავლენის ქსელი - პროფესიონალების გაერთიანება, რომლებიც ერთმანეთს გამოცდილებას უზიარებენ და ერთად ქმნიან განათლების მომავალს.
მოქმედ მასწავლებლებს შეუძლიათ თავად წარადგინონ საკუთარი კანდიდატურა, ან მათ წარდგენას შეძლებენ დირექტორები და კოლეგები. განაცხადების მიღება უკვე დაიწყო და 20 ივლისამდე გაგრძელდება. რეგისტრაცია მიმდინარეობს ბმულზე: მასწავლებლის გავლენის ჯილდო .
განათლების სისტემის რეალური ცვლილება იწყება ერთი მასწავლებლის გავლენით, რომელიც საბოლოოდ მთელ საზოგადოებას ცვლის.