Falling Walls Lab: ქართველი ინოვატორი ბერლინის მსოფლიო ფინალში საქართველოს წარადგენს

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Falling Walls Lab-ის ეროვნულ ეტაპზე გამარჯვება მხოლოდ ინდივიდუალური წარმატება არ გახლავთ. ეს არის აღიარება, რომ საქართველოში შექმნილ ინოვაციურ იდეებს საერთაშორისო მასშტაბით კონკურენციის გაწევისა და გავლენის მოხდენის სრული პოტენციალი აქვს.

გამარჯვება ნიშნავს შესაძლებლობას, ბერლინში, მსოფლიოს საუკეთესო ახალგაზრდა მეცნიერებისა და ინოვატორების გვერდით, საკუთარი ქვეყანა გლობალურ სამეცნიერო და ტექნოლოგიურ სივრცეში წარმოაჩინო.

როგორც Bio Shield-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, შალვა იაშვილი აღნიშნავს, ამ გამარჯვების პირველი ემოცია უდიდესი სიამაყისა და პასუხისმგებლობის განცდა იყო.

"როდესაც სცენიდან საკუთარ სახელს იგებ, აცნობიერებ, რომ შრომაში გატარებული საათები და ჩატარებული უამრავი ექსპერიმენტი ფუჭი არ ყოფილა. თუმცა, სიხარულთან ერთად, მაშინვე გაჩნდა იმის შეგრძნებაც, რომ ნოემბერში, ბერლინის გლობალურ სცენაზე, არა მხოლოდ ჩემს სტარტაპს, არამედ მთელ საქართველოს წარვადგენ. ეს უდიდესი მოტივაციაა".

Falling Walls Lab-ის სამწუთიანი პრეზენტაციის ფორმატი მონაწილეებისგან არა მხოლოდ სამეცნიერო ცოდნას, არამედ საკუთარი იდეის მკაფიოდ და გასაგებად გადმოცემის უნარსაც მოითხოვს. როგორც მკვლევარს, ბუნებრივია, ყველა სამეცნიერო დეტალისა და ნიუანსის გაზიარების სურვილი გაქვს, თუმცა შეზღუდული დრო გაიძულებს, რთული ტერმინოლოგია დაივიწყო და ისაუბრო მთავარზე, რა არის პრობლემა, როგორ აგვარებს მას შენი ინოვაცია და რა გლობალური გავლენა შეიძლება ჰქონდეს.

"ეს არის უნარი, რთული მეცნიერება გასაგებ და ხელშესახებ ისტორიად აქციო".

ეროვნული გამარჯვების შემდეგ მთავარი გამოწვევა ბერლინის მსოფლიო ფინალია, სადაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან შერჩეული ინოვატორები შეიკრიბებიან. შალვა აღნიშნავს, რომ მისი მთავარი მიზანი მხოლოდ კონკურსში მონაწილეობა არ არის, გაცილებით მნიშვნელოვანი საერთაშორისო პარტნიორობების ჩამოყალიბებაა.

Bio Shield უკვე ევროპულ ბაზარზე გასვლას გეგმავს, სადაც საკვების დანაკარგების შემცირება და ეკოლოგიურად სუფთა ტექნოლოგიების განვითარება განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. სწორედ ამიტომ, მსოფლიო ფინალი განიხილება, როგორც შესაძლებლობა, გაიმართოს შეხვედრები წამყვან ინვესტორებთან, მეცნიერებსა და ინდუსტრიის ლიდერებთან, რათა Bio Shield რეგიონული პროექტიდან გლობალურ ბაზარზე მყარად პოზიციონირებულ ბიზნესად ჩამოყალიბდეს.

დღეს მსოფლიოს წინაშე არაერთი სერიოზული გამოწვევა დგას, კლიმატის ცვლილება, სასურსათო უსაფრთხოება, რესურსების შემცირება და მზარდი ეკონომიკური ზარალი. შალვა ფიქრობს, რომ ამ პრობლემების გადაჭრა ტრადიციული მიდგომებით უკვე შეუძლებელია.

Falling Walls-ის მთავარი კონცეფცია, "კედლების დანგრევა", სწორედ ძველი აზროვნების შეცვლასა და სრულიად ახალი გადაწყვეტილებების შეთავაზებას გულისხმობს.

"Bio Shield-ის შემთხვევაში, ჩვენ ვანგრევთ საკვები პროდუქტების ლპობისა და ტრანსპორტირების პროცესში მათი გაფუჭების კედელს (Breaking the Wall of Decay), რაც პირდაპირ უკავშირდება გლობალური შიმშილისა და ეკონომიკური ზარალის შემცირებას. ეს არის კომპლექსური გადაწყვეტა, რომელიც ერთდროულად ემსახურება ბიზნესს, ადამიანის ჯანმრთელობასა და პლანეტის ეკოლოგიას. სწორედ ამიტომ არის ეს იდეა დღეს ასეთი აქტუალური".

შალვა გვიყვება, რომ Falling Walls Lab-ის მსგავსი პლატფორმები მეცნიერებასა და რეალურ ეკონომიკას ერთმანეთთან აკავშირებს. ხშირად უნიჭიერესი მეცნიერები და მათი იდეები უნივერსიტეტების კედლებში რჩება, რადგან მათ არ აქვთ შესაძლებლობა, საკუთარი ნამუშევარი ფართო აუდიტორიას წარუდგინონ. მსგავსი კონკურსები კი მათ აძლევს შანსს, მიიღონ საერთაშორისო აღიარება, იპოვონ თანამოაზრეები და საკუთარი კვლევა რეალურ ბიზნესად და ინდუსტრიულ გადაწყვეტილებად აქციონ.

ამ წარმატებას შალვა მხოლოდ პირად მიღწევად არ განიხილავს. მისი შეფასებით, ეს მნიშვნელოვანი გზავნილია მთლიანად საქართველოს ინოვაციური ეკოსისტემისთვის.

"საქართველო ნელ-ნელა იკავებს ადგილს მსოფლიო სამეცნიერო და ტექნოლოგიურ რუკაზე. ქართველ ახალგაზრდებს ხშირად გვაქვს განცდა, რომ გლობალური მასშტაბის პროექტებში წარმატებას ვერ მივაღწევთ. ეს კონკურსი კი ამტკიცებს, რომ თბილისში დაბადებულ იდეას შეუძლია მსოფლიო ზუსტად ისევე შეცვალოს, როგორც ნებისმიერ სხვა წამყვან დედაქალაქში შექმნილ ინოვაციას. ეს არის პირდაპირი გზა გლობალურ სამეცნიერო და ტექნოლოგიურ ელიტაში ინტეგრაციისკენ".

მისივე თქმით, მსგავსი კონკურსები მეცნიერების პოპულარიზაციაშიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს. როდესაც სამეცნიერო კვლევები მხოლოდ აკადემიურ ჟურნალებში რჩება, ფართო საზოგადოება ვერ ხედავს მათ რეალურ მნიშვნელობასა და პოტენციალს. Falling Walls Lab კი მეცნიერებას უფრო ხელმისაწვდომსა და გასაგებს ხდის როგორც ბიზნესისთვის, ისე ახალგაზრდებისთვის.

"როდესაც ფართო აუდიტორია, იქნება ეს ბიზნესმენი, სტუდენტი თუ ნებისმიერი დაინტერესებული ადამიანი, ხედავს, როგორ შეიძლება რთული ბიოტექნოლოგიური პრობლემის მარტივი და გასაგები პრეზენტაციით ახსნა, ინოვაციების მიმართ ინტერესი და ნდობა მნიშვნელოვნად იზრდება. ეს მომავალი თაობებისთვის შთაგონების ერთ-ერთი საუკეთესო წყაროა".

შალვა მიიჩნევს, რომ საერთაშორისო კონკურსების ყველაზე მნიშვნელოვანი უპირატესობა, შეფასებით, ადამიანური კავშირებია, რომლებიც ხშირად გაცილებით დიდ გავლენას ახდენს, ვიდრე თავად გამარჯვება.

მისი თქმით, კონკურენცია დროებითია, თუმცა საერთაშორისო პროფესიული ქსელები წლების განმავლობაში ინარჩუნებს მნიშვნელობას და ხშირად სწორედ ერთი წარმატებული შეხვედრა ხდება მრავალმილიონიანი ინვესტიციის ან საერთაშორისო კვლევითი პარტნიორობის დასაწყისი.

ამ წარმატებას წინ უძღოდა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო გამოცდილება, ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის კონკურსში მონაწილეობა, რომელიც BTU-ის მხარდაჭერით გახდა შესაძლებელი.

შალვა იხსენებს, რომ სწორედ ეს იყო მისი პირველი სერიოზული ნაბიჯი საერთაშორისო ასპარეზზე. ამერიკელ მენტორებსა და სტარტაპებთან მუშაობამ მნიშვნელოვანი გამოცდილება მისცა, ხოლო გამარჯვებამ დაარწმუნა, რომ Bio Shield-ის მიმართ ინტერესი მხოლოდ ადგილობრივი ბაზრით არ შემოიფარგლება.

"სწორედ ამ წარმატებამ გაგვიხსნა გზა იმ სტრატეგიული ნაბიჯებისკენ, რომლებმაც საბოლოოდ მიგვიყვანა როგორც Falling Walls Lab-ის გამარჯვებამდე, ისე 500 Global-ის აკადემიაში მოხვედრამდე".

Falling Walls Lab-ის ეროვნულ ეტაპზე გამარჯვება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ქართულ მეცნიერებასა და ტექნოლოგიურ ინოვაციებს საერთაშორისო წარმატების მიღწევის რეალური შესაძლებლობა აქვს. ბერლინის მსოფლიო ფინალი კი იქნება არა მხოლოდ კიდევ ერთი კონკურსი, არამედ შესაძლებლობა, საქართველოში შექმნილმა იდეამ გლობალურ ბაზარზე საკუთარი ადგილი კიდევ უფრო მყარად დაიმკვიდროს.