"ამერიკის საუკეთესო აღმასრულებელი დირექტორის" რჩევა, რომელიც ამ ლიდერის თქმით, "თქვენს ცხოვრებას შეცვლის"
By Sherin Shibu
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
Microsoft-ის ყოფილი ტექნიკური დირექტორი, ჯეფრი სნოვერი დაესწრო ექსკლუზიურ შეხვედრას, რომელსაც აღმასრულებელი დირექტორი, სატია ნადელა ხელმძღვანელობდა. აი, რა შეიტყო მან.
როგორც Microsoft-ის ყოფილი ტექნიკური დირექტორი, ჯეფრი სნოვერი იხსენებს, Microsoft-ის აღმასრულებელი დირექტორის, სატია ნადელას ლიდერობის ყველაზე დიდი გაკვეთილი საკმაოდ მარტივია: ლიდერებმა "წარმატება უნდა შექმნან იმ რესურსებით, რომლებიც მათ აქვთ" და წუწუნი უნდა შეწყვიტონ.
სნოვერმა, რომელიც Microsoft-ში ორ ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში მუშაობდა და 2019 წლის მარტიდან 2022 წლის ივლისამდე ტექნიკური დირექტორის პოზიციას იკავებდა, ცოტა ხნის წინ გამოქვეყნებულ ბლოგპოსტში დაწერა, რომ როდესაც კომპანიამ იგი ამ თანამდებობაზე დააწინაურა, ნადელამ სხვა უფროს აღმასრულებლებთან ერთად შეხვედრაზე მიიწვია.
ნადელა ოთახში იმყოფებოდა და შეხვედრას თავად უძღვებოდა.
"არ ვიცოდი, რა მოლოდინი უნდა მქონოდა, მაგრამ იმან, რაც იქ მოვისმინე, შეცვალა ჩემი მსოფლმხედველობა და ჩემი ცხოვრება", – წერს სნოვერი.
მისი თქმით, შეხვედრაზე ნადელამ "ლიდერობის შესახებ წარმოუდგენლად ლაკონიური, ზუსტი და ქმედითი გაკვეთილი გააზიარა". ნადელამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ აღმასრულებლებს წარმატება იმ რესურსებით უნდა შეექმნათ, რაც უკვე ჰქონდათ, და არა იმაზე "წუწუნით", რაც არ ჰქონდათ.
სატია ნადელამ აღმასრულებლებს უთხრა, რომ მათი კონტროლის ქვეშ მხოლოდ ორი რამ იყო, როგორ მართავდნენ თავიანთ გუნდებს და როგორ ანაწილებდნენ რესურსებს.
"თუ ამ ოთახში ხართ, თქვენგან უზარმაზარ წარმატებას ველით, – თქვა ნადელამ, უნდა გქონდეთ გამბედაობა და იყოთ თამამები".
ნადელას თქმით, აღმასრულებლები შეიძლება მართლაც წარუმატებლები აღმოჩნდნენ, თუ თამამ ნაბიჯებს გადადგამენ, თუმცა ის მათ მხარს დაუჭერდა იმ შემთხვევაში, თუ ისინი "ინტელექტუალურად პატიოსნები" იქნებოდნენ.
ინტელექტუალური პატიოსნება ნიშნავს, რომ აღმასრულებლებს უნდა ჰქონდეთ საკუთარი თეორია წარმატების შესახებ, რესურსები სწორედ ამ თეორიის მიხედვით უნდა გაანაწილონ, მუდმივად უნდა აკვირდებოდნენ მის შედეგებს და ახალი მონაცემების მიღებისთანავე საჭირო ცვლილებები შეიტანონ.
თუ ისინი ამ ნაბიჯებს შეასრულებდნენ, ნადელა მათ მხარს დაუჭერდა, მაშინაც კი, თუ საბოლოოდ მათი მცდელობა წარუმატებლად დასრულდებოდა.
ნადელას ლიდერობა
სნოვერმა Business Insider-ს განუცხადა, რომ მისი აზრით, ნადელა "ძალიან დიდი სხვაობით ამერიკაში საუკეთესო აღმასრულებელი დირექტორია". ის ამ შეფასებაში მარტო არ არის. კომპენსაციისა და კარიერის ვებსაიტმა Comparably ნადელა 2018 წელს აშშ-ში საუკეთესო აღმასრულებელ დირექტორად დაასახელა. Brand Finance-მა, ბრენდის შეფასების წამყვანმა საკონსულტაციო ფირმამ, გასულ წელს ნადელა მსოფლიოში საუკეთესო აღმასრულებელ დირექტორად დაასახელა.
ნადელა Microsoft-ს 1992 წელს შეუერთდა, და სანამ 2014 წელს აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობას დაიკავებდა, cloud-ისა და enterprise-ის აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი გახდა.
მისი ხელმძღვანელობით Microsoft-ი Windows-ზე ორიენტირებული პროგრამული უზრუნველყოფის მიმწოდებლიდან cloud და ხელოვნურ ინტელექტზე ორიენტირებულ პლატფორმულ კომპანიად გადაიქცა.
ნადელამ Microsoft წამყვან Cloud პროვაიდერად აქცია, რომელიც პირდაპირ კონკურენციას უწევს Google Cloud-სა და AWS-ს. თუმცა, თანამშრომლებმა მისი ლიდერობაც ეჭვქვეშ დააყენეს. გასულ წელს Microsoft-ის თანამშრომლებმა დასვეს კითხვა, თუ რატომ უწევდა ტექნოლოგიურ გიგანტს თანამშრომლების სამსახურიდან გათავისუფლება, როდესაც ის ასევე სარგებლობდა განსაკუთრებული საბაზრო მუშაობითა და ზრდით.
თანამშრომლებისთვის გაგზავნილ მემორანდუმში ნადელამ ისაუბრა Microsoft-ის წარმატებასა და დათხოვნების რაუნდებს შორის არსებულ უთანასწორობაზე, რამაც მისი 228 000 თანამშრომლიდან 15 000-ზე იმოქმედა. მან განაცხადა, რომ "პროგრესი არ არის წრფივი" და ის "ზოგჯერ დისონანსური და ყოველთვის მომთხოვნია".
"Microsoft აღიარებული და დაჯილდოებულია ისეთ დონეზე, როგორიც აქამდე არ უნახავთ, – წერდა ნადელა ივლისის მემორანდუმში, – და მაინც, ამავდროულად, ჩვენ განვიცადეთ დათხოვნების ციკლი. ეს არის "წარმატების საიდუმლო ინდუსტრიაში, რომელსაც ფრენჩაიზ ღირებულება არ აქვს".