ილია II: არ შეეჩვიოთ სიღარიბეს მისი სიტყვები შეუფასებელი საგანძურია, რაც თანამედროვე და მომავალ თაობებს ცხოვრებაში სწორი გზის პოვნასა და საკუთარი თავის საუკეთესო ვერსიის შექმნაში დაეხმარება.
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
პატრიარქის ქადაგებებსა და ეპისტოლეებში, ღრმა საღვთისმეტყველო საკითხებთან ერთად, ხშირად ისეთ რჩევებსა და დარიგებებსაც ვხვდებით, რაც ადამიანებს ყოველდღიურ ცხოვრებაში, მათ შორის პროფესიულ თუ ბიზნესსაქმიანობაშიც ეხმარება.
ილია II ხშირად ეხებოდა მეწარმეობის, სოფლის მეურნეობის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების მნიშვნელობას და ადამიანებს პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღებისკენ, პირველი – თუნდაც მცირე ნაბიჯების გადადგმისკენ, შრომისკენ, ძიებისკენ, მოქმედებისა და მუდმივი განვითარებისკენ მოუწოდებდა.
მისი სიტყვები შეუფასებელი საგანძურია, რაც თანამედროვე და მომავალ თაობებს ცხოვრებაში სწორი გზის პოვნასა და საკუთარი თავის საუკეთესო ვერსიის შექმნაში დაეხმარება.
შევეცადე, კათოლიკოს-პატრიარქის უდიდესი დანატოვარიდან დღევანდელობისთვის აქტუალური რამდენიმე რჩევა შემერჩია.
რას ველოდებით?
"სულ რაღაცას ველოდებით, თუმცა, ველოდებით სხვებისგან და არ ვფიქრობთ იმის შესახებ, თუ თვითონ ჩვენ რა უნდა ვაკეთოთ. ჯონ კენედმა, როცა ის ამერიკის პრეზიდენტად აირჩიეს, ისტორიული სიტყვები წარმოთქვა; მან ხალხს მიმართა: "ნუ იფიქრებთ იმაზე, რა უნდა გაგიკეთოთ ამერიკამ, არამედ იფიქრეთ იმაზე, თითოეულმა თქვენთაგანმა ამერიკას რა უნდა გაუკეთოს". ეს სიტყვები მეტად მნიშვნელოვანია. ჩვენ ყველანი ვფიქრობთ, თუ რა უნდა გააკეთოს ჩვენთვის მთავრობამ, ახლობლებმა, მეგობრებმა, მშობლებმა თუ შვილებმა, მაგრამ ჩვენ თვითონ რა უნდა გავაკეთოთ ჩვენი სამშობლოსთვის, – ამაზე თითქმის არ ვფიქრობთ".
ამპარტავნებაზე
"შეჩვევა იცის სიღარიბემ და ეს ძალიან საშიშია. ადამიანი უნდა ეძებდეს თავის ადგილს ამ ცხოვრებაში. ყოველი ადამიანი დღესაც თუ კარგად იფიქრებს, ნახავს თავის ადგილს. თუ ადამიანს უნდა, სამუშაოს მუდამ იშოვის. ბევრი ტაქსიზე მუშაობს. ესეც რამხელა ღვაწლია, მთელი დღე იმუშაოს ადამიანმა და საღამოს კიდევ მიდის და ტაქსიზე მუშაობს, რომ ოჯახს რაღაც შემატოს. ამპარტავნება ჩვენი თვისებაა. ამპარტავნები ვართ. ხომ შეიძლება მიწის დამუშავება? მიწის დამუშავება, მე ვფიქრობ, შემოსავლის მიზნითაც კარგია და ამავე დროს მიწა მკურნალია ადამიანის. თვითონ ადამიანი მიწისაგან შექმნილია, ეს ჩვენი მიწა არის ჩვენი ნათესავი, ჩვენი ნაწილია, ჩვენ ვართ მისი ნაწილი".
სიღარიბეზე
"მინდა მოგახსენოთ, რომ ჩვენ შეჩვეული ვართ უსაქმურობას, ადამიანი ეჩვევა უსაქმურობას, სიღარიბესაც. ბრძენმა ხალხმა იცოდა, დედაჩემი სულ გვაფრთხილებდა ბავშვებს, არ შეეჩვიოთ სიღარიბესო. სიღარიბემ შეჩვევა იცის. იმ დროს, როდესაც შიმშილი იყო საბჭოთა კავშირში, რუსეთიდან ჩამოდიოდა მშიერი ხალხი. ბევრ ქართულ ოჯახს საჭმელ-სასმელი ჰქონდა. მე მახსოვს, ჩვენს ოჯახს ჰქონდა ძალიან ბევრი კარტოფილი, ღორის სალა, მწნილი, კიტრი, პომიდორი, კომბოსტო, არაფერი არ უჭირდა ოჯახს. თუ ადამიანი გონივრულად ხელმძღვანელობს ოჯახს, არაფერი არ უჭირს".
კატეგორიულ აზროვნებაზე
"როცა ერთ პროფესორს ჰკითხეს, რას თვლიდა ადამიანისათვის ყველაზე საშიშად, მან უპასუხა, რომ ყველაზე საშიში კატეგორიული აზროვნებააო. მართლაც, ეს ისეთი მდგომარეობაა, როცა ადამიანი ფიქრობს, რომ მხოლოდ თვითონაა მართალი და ამიტომ სხვისი მოსმენაც კი არ შეუძლია. ყველამ უნდა ვიზრუნოთ იმისათვის, რომ დიალოგის კულტურა, მოსმენის უნარი გვქონდეს. ეს ყველას ეხება, იქნება ის მინისტრი თუ სხვა მაღალი თანამდებობის პირი, პატრიარქი, მღვდელმთავარი, მღვდელი თუ ნებისმიერი რიგითი ადამიანი; ჩვენ უნდა მოვუსმინოთ ერთმანეთს და, თუ სხვისი აზრი უკეთესია, მივიღოთ და გავიზიაროთ".
ბედნიერებაზე
"ბედნიერება არ არის დამოკიდებული არც ფულზე, არც სასახლეებსა და არც ძვირფას მანქანებზე... ბედნიერია ის, ვინც სწორად ცხოვრობს და თავისი ცხოვრებით კმაყოფილია: ვინც სხვა ადამიანებს სიხარულსა და სიყვარულს ანიჭებს".
რწმენა და ცოდნა
"რწმენისა და ცოდნის ურთიერთდამოკიდებულება უძველესი საკითხია; ქრისტიანი მოაზროვნენი ჯერ კიდევ I-II საუკუნეებში მსჯელობდნენ ამის თაობაზე. ისეთი დიდი ფილოსოფოსი და მეცნიერი, როგორიც კლიმენტი ალექსანდრიელი იყო, დაწვრილებით განიხილავს ამ საკითხს და ამბობს, რომ ადამიანისთვის ორივე აუცილებელია: ცოდნაც და რწმენაც. მისი დასკვნით, მხოლოდ მორწმუნე არის მონა ღვთისა, ხოლო მორწმუნე და ამავე დროს მცოდნე და განათლებული ადამიანი მეგობარია უფლისა. სწორედ ამ სრულყოფის კიბეზე უნდა ავმაღლდეთ".
გამოუვალ მდგომარეობაზე
"არ არსებობს ჩიხი, არ არსებობს კედელი, რომელიც არ გაირღვევა, გამოსავალი ყოველი მდგომარეობიდან მოინახება. შეიძლება კაცმა რომელიმე საქმე წამოიწყოს და არ გამოუვიდეს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ საერთოდ ყველაფერზე ხელი ჩაიქნიოს. გონება იმიტომ მოგვცა უფალმა, რომ ვეძიოთ; ოღონდ იმგვარი საქმე უნდა გამოვნახოთ, რომელიც სულისთვისაც და სხეულისთვისაც სასარგებლო იქნება".
ავამოქმედოთ ადამიანები
"ჩვენი უპირველესი ამოცანაა – ავამოქმედოთ ადამიანები. არსებობს ასეთი გამოთქმა: "მე გეხმარები შენ იმისათვის, რომ შენ დაეხმარო საკუთარ თავს". ყოველმა ჩვენგანმა უნდა იფიქროს, რა უნდა გააკეთოს, რა წვლილი უნდა შეიტანოს ჩვენი სამშობლოს კეთილდღეობის საქმეში".
პატარა ნაბიჯებზე
"ჩვენ, ქართველები, მაქსიმალისტები ვართ, ყველაფერი ბევრი გვსურს და თანაც ამის მიღწევა უცებ გვინდა, მაგრამ ეს ასე ადვილი როდია. როცა ასი კმ გაქვს გასავლელი, ჯერ ხომ პირველი ნაბიჯები უნდა გადადგა? ყოველი დიდი საქმე მცირეთი იწყება. თუკი პატარას კარგად გავაკეთებთ, ღმერთი გზას გამოგვიჩენს და მას სხვა უფრო დიდი და უკეთესი საქმენი მოჰყვება".
ადამიანი და ბუნება
"საერთოდ, ბუნება ადამიანს არა მხოლოდ ასაზრდოებს, არამედ კურნავს კიდევაც. მასთან სიახლოვისას სიცოცხლის წყურვილი ძლიერდება და ახალი იდეები იბადება".
საკუთარ თავზე გამარჯვებაზე
"როცა ჩვენ გამარჯვებაზე ვფიქრობთ, რატომღაც გვგონია, რომ სხვაზე უნდა გავიმარჯვოთ, სინამდვილეში კი, გამარჯვება უწინარესად ჩვენს თავზე უნდა მოვიპოვოთ, ჩვენს თავს უნდა ვებრძოლოთ და საკუთარი ნაკლი გამოვასწოროთ. ადამიანი, რომელიც თავის თავზე გაიმარჯვებს, ყველგან გამარჯვებული და დაცული იქნება".
ბედზე
"რა არის ბედი, ვისზეა დამოკიდებული? რა თქმა უნდა, ყველაფერი ღვთისგანაა. ღმერთი სიყვარულია, თითოეული ჩვენგანი კი ღვთის სიყვარულის, ღვთის წყალობის შედეგია, მაგრამ, ამავე დროს, ბევრი რამ დამოკიდებულია თვითონ ადამიანზეც. იციან თქმა, რომ ამა თუ იმ პიროვნებას ბედი აქვს, ან არ აქვსო, ეს არ არის სწორი. ვიმეორებ, ბედს ბევრად განსაზღვრავს თვითონ ადამიანი".
მადლობა, უწმინდესო!
გიორგი შარაშიძე
მთავარი რედაქტორი
editor@entrepreneur.ge