"ვცხოვრობ, რათა ვიმუშაო" – მსოფლიოს ყველაზე პოპულარული იუთუბერი, MrBeast აღიარებს, რომ სამუშაოსა და პირად ცხოვრებას შორის ბალანსი საერთოდ არ აქვს
By Sherin Shibu
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
MrBeast-მა თავისი YouTube-იმპერია გიჟურ იდეებზე და ექსტრემალურ ტრიუკებზე ააგო – გამოქვაბულში ცხოვრება, უკაცრიელ კუნძულზე სრულიად მარტო დარჩენა და ასე შემდეგ. ყოველი ახალი იდეით ის წინაზე უფრო შორს მიდის. 27 წლის MrBeast-ს, რომლის ნამდვილი სახელიც ჯიმი დონალდსონია, რეკორდული 476 მილიონი გამომწერი ჰყავს.
2026 წლის გაზაფხულზე მან გამოუშვა დოკუმენტური სერიალი – "როგორ მუშაობს MrBeast დღეში 18 საათს". ამის შემდეგ დონალდსონმა, რომელიც გამომწერების რაოდენობით მსოფლიოს ნომერ პირველი იუთუბერია, სამუშაოსა და პირადი ცხოვრების ბალანსის ნაკლებობაზე ისაუბრა.
"მე ვცხოვრობ იმისთვის, რომ ვიმუშაო და არ მაქვს 100%-ით ჯანსაღი პროფესიული და პირადი ცხოვრების ბალანსი", – დაწერა დონალდსონმა X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში. "ჩემთვის სასწაულის ტოლფასი იყო, თუ დღე 15 საათზე ნაკლებს გრძელდებოდა", – ამბობს დონალდსონი დოკუმენტურ სერიალში და აღნიშნავს, რომ თავის განრიგს წუთების მიხედვით გეგმავს.
გასულ ზაფხულს, Amazon Prime-ის კონკურსის, "Beast Games"-ის მეორე სეზონის გადაღებებისას, დონალდსონს ძალიან ცოტა თავისუფალი დრო ჰქონდა. მიუხედავად ამისა, მას არც თავის მთავარ საქმეზე შეუნელებია ტემპი – მასშტაბური YouTube-ვიდეოების გამოშვებაზე, რომლებიც რეგულარულად აჭარბებს 100 მილიონ ნახვას.
YouTube-ის ვარსკვლავი უმცირეს დეტალებსაც კი სიღრმისეულად სწავლობდა, როგორიცაა, მაგალითად, ვიდეოს ქავერები, ე.წ. thumbnails. მათ სრულყოფილებამდე მისაყვანად, მან დუბლიორიც დაიქირავა კონცეფციების დასატესტად, რათა იდეალურ კადრამდე მისულიყო. "ყველაფერი იდეალურად უნდა იყოს, რადგან ბევრი დრო არ მაქვს", – ამბობს ის დოკუმენტურ სერიალში.
დონალდსონს სულ უფრო დიდი ამბიციები ამოძრავებს. ის უკვე აღარ არის უბრალოდ ვიდეოკრეატორი – ის ცდილობს თავისი კომპანია, Beast Industries, სრულფასოვან გასართობ გიგანტად აქციოს, რომელიც ერთ დღეს Disney-ს გაუწევს კონკურენციას.
Beast Industries ზრდის ფაზაშია. კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, სილიკონის ველის (Silicon Valley) ვეტერანმა, ჯეფ ჰაუსენბოლდმა LinkedIn-ის პოსტში განაცხადა, რომ თანამშრომელთა რაოდენობის 50%-ით გაზრდას გეგმავს. ახალი კადრებით კომპანია დააკომპლექტებს ნიუ-იორკის, ლოს-ანჯელესის, სან-ფრანცისკოსა და ჩრდილოეთ კაროლინას ქალაქ გრინვილის ფილიალებს. ახალი პოზიციები მოიცავს მარკეტინგის, ინჟინერიისა და სამომხმარებლო პროდუქტების მიმართულებებს.
Bloomberg-ის თანახმად, Beast Industries-ში ამჟამად 450 ადამიანია დასაქმებული, რომელთაგან 300-ზე მეტი ვიდეოებს ქმნის. Business Insider-ის მიხედვით, დონალდსონი 5 მილიარდ დოლარად შეფასებული კომპანიის ნახევარზე ოდნავ მეტს ფლობს.
ნიუ-იორკის ოფისის რეკრუტერის ერთ-ერთ ვაკანსიაში ანაზღაურების მთლიანი პაკეტი 130 000-დან 160 000 დოლარამდე იყო მითითებული, პლუს წილი კომპანიაში. ვაკანსიებში უპირატესობა ენიჭება მუშაობის მრავალწლიან გამოცდილებას და არა ფორმალურ განათლებას. პოზიციების უმეტესობა უმაღლესი განათლების დიპლომს არ მოითხოვს.
მიუხედავად იმისა, რომ MrBeast-ის ბიზნესი 5 მილიარდ დოლარადაა შეფასებული, დონალდსონი ამტკიცებს, რომ ეს ღირებულება მის პირად ჯიბეში ნაღდ ფულად არ ქცეულა.
"ამჟამად მინუსებში ვარ. ფულს ვსესხულობ. ცოტა ფული მაქვს, – განუცხადა დონალდსონმა The Wall Street Journal-ს 2026 წლის დასაწყისში, – მუშაობით ისეთი დაკავებული ვარ, რომ ჩემს პირად საბანკო ანგარიშზე რეალურად არც ვფიქრობ. უბრალოდ, სრულად ფოკუსირებული ვარ მაქსიმალურად საუკეთესო ვიდეოების შექმნასა და ბიზნესის მაქსიმალურად გაფართოებაზე".
მიმდინარე წლის დასაწყისში, Fortune-ის შეფასებით, დონალდსონის ქონება 2,6 მილიარდ დოლარს შეადგენდა.
დონალდსონი არ არის ერთადერთი ლიდერი, ვისაც ექსტრემალური სამუშაო გრაფიკი აქვს. Nvidia-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, ჯენსენ ჰუანგმა, რომელიც მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებულ კომპანიას ხელმძღვანელობს, დეკემბერში, The Joe Rogan Experience-ის პოდკასტში განაცხადა, რომ კვირაში შვიდი დღე მუშაობს და ფხიზლად ყოფნის ყოველ წამს შფოთავს, რომ Nvidia ერთ დღეს შესაძლოა გაკოტრდეს. ის დღეს დილის 4 საათზე იწყებს და ისეთ დღესასწაულებზეც კი მუშაობს, როგორიცაა შობა და მადლიერების დღე.
"მუდმივად ზღვარზე ცხოვრება – ეს გრძნობა არაფრით განსხვავდება იმ გრძნობისგან, რაც დღეს დილით გაღვიძებისას მქონდა. ვფიქრობდი, რომ მალე ბიზნესიდან გავვარდებოდი", – ამბობს ჯენსენ ჰუანგი.
Tesla-ს აღმასრულებელ დირექტორს, ილონ მასკს, მსგავსი ინტენსიური სამუშაო გრაფიკი აქვს. 2022 წლის ნოემბრის კონფერენციაზე მასკმა გააზიარა, რომ ერთ დროს სამი წლის განმავლობაში Tesla-ს ქარხნებში ცხოვრობდა. ის ამტკიცებდა, რომ ქარხნების იატაკზე ეძინა, რაც "არაკომფორტული" იყო, თუმცა ამის მიზანი თანამშრომლებისთვის იმის ჩვენება იყო, რომ ის კომპანიის წარმატებისთვის თავდადებული იყო. მასკმა პოდკასტის, In Good Company-ს 2024 წლის ეპიზოდში ასევე თქვა, რომ ბიზნესის ფეხზე დასაყენებლად წლების განმავლობაში "ყოველი ფხიზლად ყოფნის საათი" მუშაობდა. "ბევრჯერ მქონია 100-საათიანი სამუშაო კვირების პერიოდები, როდესაც დღეში დაახლოებით ექვსი საათი მეძინა. ამას არავის ვურჩევდი. ეს მხოლოდ საგანგებო სიტუაციების დროს არის დასაშვები", – თქვა მასკმა პოდკასტში.
თუმცა, სხვა ლიდერები ხშირად ხაზს უსვამენ სამუშაოსა და პირადი ცხოვრების ბალანსის მნიშვნელობას. ერთ-ერთი ასეთი აღმასრულებელი დირექტორია კარი საარინენი, რომელიც პროექტების მართვის 1,25 მილიარდ დოლარად შეფასებულ სტარტაპს – Linear-ს ხელმძღვანელობს. საარინენმა გასულ წელს Entrepreneur-ს განუცხადა, რომ ის თანამშრომლებს სტანდარტული, კვირაში 40-საათიანი გრაფიკით მუშაობას სთხოვს და წელიწადში ხუთკვირიან ანაზღაურებად შვებულებასაც სთავაზობს. მისი თქმით, კომპანიები, რომლებიც დასაქმებულებს დამქანცველი სამუშაო გრაფიკით ამუშავებენ, რისკზე მიდიან, რადგან თანამშრომლები შესაძლოა სრულად გამოფიტონ.
თარგმანი: ნინო იმერლიშვილი