თბილისი Technogym Education Days-ის მასპინძელი გახდა
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
24-25 ივნისს თბილისში საერთაშორისო საგანმანათლებლო ღონისძიება Technogym Education Days გაიმართა. ღონისძიების მასპინძელი Technogym საქართველოს წარმომადგენლობა გახლდათ.
ამიერკავკასიის ქვეყნებს შორის ღონისძიებას პირველად სწორედ საქართველომ უმასპინძლა, რაც ადგილობრივი ფიტნეს-ინდუსტრიისთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა და ხაზს უსვამს ქვეყნის მზარდ როლს რეგიონულ პროფესიულ და საგანმანათლებლო სივრცეში.
ორდღიან ტრენინგს ქართველი და აზერბაიჯანელი ფიტნეს-ტრენერები, სპორტისა და ველნეს-ინდუსტრიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. პროგრამა აერთიანებდა როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ სესიებს, რომლის ფარგლებშიც მონაწილეები გაეცნენ თანამედროვე სავარჯიშო მეთოდოლოგიებს, გამძლეობის განვითარების მექანიზმებს, ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობებსა და ფიტნეს-ტექნოლოგიების უახლეს ტენდენციებს.
ღონისძიების მთავარი სპიკერები მსოფლიოში აღიარებული გამძლეობის მწვრთნელი კრის ჰინშოუ და Technogym-ის გლობალური მასტერი ლევინ თაჰმაზი იყვნენ. მათ მონაწილეებს საერთაშორისო გამოცდილება, თანამედროვე პრაქტიკები და ინდუსტრიის განვითარების აქტუალური მიმართულებები გაუზიარეს.
"ეს მნიშვნელოვანი აღიარებაა საქართველოს ფიტნეს-ინდუსტრიისთვის. ღონისძიება ადასტურებს ქვეყნის მზარდ როლს რეგიონში და მის პოტენციალს, ჩამოყალიბდეს როგორც ფიტნეს-განათლებისა და პროფესიული განვითარების ერთ-ერთ მნიშვნელოვანი ცენტრი", – მამუკა ქერიმოვი, Technogym საქართველოს წარმომადგენელი.
ღონისძიების მასპინძლად Gold's Gym შეირჩა. მამუკას შეფასებით, არჩევანი განაპირობა იმან, რომ ეს სივრცე საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე ფიტნეს-ცენტრია, რომელიც Technogym-ის ინვენტარით არის აღჭურვილი და სრულად აკმაყოფილებს მსგავსი მასშტაბისა და მნიშვნელობის საერთაშორისო ღონისძიების მოთხოვნებს.
Technogym Education Days-ის მთავარი მიზანი საერთაშორისო გამოცდილების, თანამედროვე განათლებისა და ინოვაციური ტექნოლოგიების გაზიარება იყო ადგილობრივი და რეგიონული ფიტნეს პროფესიონალებისთვის. სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა პროგრამის მრავალფეროვანი შინაარსიც, რომელიც თანამედროვე ფიტნეს-ინდუსტრიის თითქმის ყველა მნიშვნელოვან მიმართულებას მოიცავდა.
ორდღიანი ტრენინგის მონაწილეებმა დეტალური ინფორმაცია მიიღეს თანამედროვე ფიტნეს ტენდენციების, პერსონალიზებული სავარჯიშო სისტემების, ხელოვნური ინტელექტის ინტეგრაციის, ჯგუფური ვარჯიშების თანამედროვე ფორმატებისა და მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესების ინოვაციური მიდგომების შესახებ.
ფიტნეს-ინდუსტრიაში ტექნოლოგიების როლი წლიდან წლამდე იზრდება და განსაკუთრებული ყურადღება სწორედ ხელოვნურ ინტელექტს ეთმობა.
"ხელოვნური ინტელექტი მომხმარებლის მონაცემების ანალიზის საფუძველზე ქმნის უფრო პერსონალიზებულ სავარჯიშო პროგრამებს. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო Technogym Team Go-ს პროგრამა, რომელიც ამ მიმართულებით ახალ შესაძლებლობებს ქმნის და ინდუსტრიის განვითარებას უწყობს ხელს".
ღონისძიების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა იყო Group Cycle ეკოსისტემა, რომელიც ინოვაციურ ტექნოლოგიებს, მონაცემთა ანალიტიკასა და მოტივაციის თანამედროვე ინსტრუმენტებს აერთიანებს. სისტემა მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს, რეალურ დროში აკონტროლონ საკუთარი შედეგები, შეაფასონ პროგრესი და მიიღონ უფრო ეფექტიანი სავარჯიშო გამოცდილება.
ღონისძიების წარმატებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს სპიკერებმა. კრის ჰინშოუ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ სპეციალისტად მიიჩნევა გამძლეობის, სუნთქვის ტექნიკებისა და მაღალი შედეგების სპორტული მომზადების მიმართულებით. მისი პროფესიული გამოცდილება მოიცავს მსოფლიოს წამყვან სპორტსმენებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობას.
ლევინ თაჰმაზი კი Technogym-ის გლობალური მასტერ-ტრენერია, რომელსაც მრავალწლიანი გამოცდილება აქვს ფიტნეს-განათლების, ტექნოლოგიებისა და ბიზნესის სფეროებში. მათი ტრენინგები მონაწილეებს შესაძლებლობას აძლევდა, გასცნობოდნენ მსოფლიო დონის პრაქტიკებსა და ინდუსტრიის განვითარების თანამედროვე ტენდენციებს.
დღეს ფიტნეს-სექტორი არაერთი გამოწვევის წინაშე დგას. მათ შორისაა მომხმარებელთა სწრაფად ცვალებადი მოთხოვნები, კვალიფიციური კადრების განვითარება და ტექნოლოგიურ ცვლილებებთან ეფექტიანი ადაპტაცია.
"თანამედროვე ციფრული პლატფორმები, ხელოვნური ინტელექტი და უწყვეტი პროფესიული განათლება სექტორს საშუალებას აძლევს, გაზარდოს მომსახურების ხარისხი, მომხმარებელთა ჩართულობა და ბიზნესის ეფექტიანობა.
ისეთი საერთაშორისო ღონისძიებები, როგორიცაა Technogym Education Days, ხელს უწყობს ადგილობრივი პროფესიონალების განვითარებას, საერთაშორისო პარტნიორობების გაძლიერებას და ქვეყნის როგორც თანამედროვე ფიტნესისა და ველნეს-ინდუსტრიისთვის მნიშვნელოვანი ჰაბის პოზიციონირებას".