თამარ ტურაშვილი - პროფესორი, რომელიც ორგანიზაციულ კეთილდღეობასა და ლიდერობის კულტურას ქართულ ბიზნესში ნერგავს

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

თანამედროვე ბიზნეს გარემოში წარმატება მხოლოდ სტრატეგიასა და ტექნოლოგიებზე აღარ არის დამოკიდებული - სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება ის, თუ რამდენად ახერხებს ორგანიზაცია ადამიანური პოტენციალის სწორად გამოყენებას, თანამშრომლების მოტივაციასა და ჯანსაღი სამუშაო კულტურის შექმნას. სწორედ ამ მიმართულებაზე მუშაობს თამარ ტურაშვილი - ფსიქოლოგიის დოქტორი, ორგანიზაციული და პოზიტიური ფსიქოლოგიის ასოცირებული პროფესორი და ტრენინგებისა და საკონსულტაციო კომპანია Lemon-ის დამფუძნებელი, რომელსაც სფეროში 25-წლიანი გამოცდილება აქვს.

მეცნიერებიდან ბიზნესსა და საკონსულტაციო საქმიანობამდე

თამარ ტურაშვილის ტრენინგ-პროგრამები და საკონსულტაციო საქმიანობა პასუხობს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან გამოწვევას ორგანიზაციებში - ადამიანური პოტენციალის სწორად გამოყენებას კომპანიის კორპორატიული ღირებულებებისა და ბიზნეს მიზნების შესაბამისად.

"ბევრ კომპანიას აქვს რესურსი, სტრატეგია და ტექნოლოგია, თუმცა ყოველთვის მარტივი არ არის ადამიანების რეალური ჩართვა, მოტივაცია და განვითარება. სწორედ აქ ვხედავ ჩემს როლს - დავაკავშირო თანამშრომლების პოტენციალი და პროფესიული მიზნები ორგანიზაციის სტრატეგიულ მიზნებთან. ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პასუხისმგებლიან ბიზნესებთან თანამშრომლობა, სადაც თანამშრომელთა პოტენციალზე ზრუნვა რეალური ღირებულებაა და არა მხოლოდ ფორმალური რესურსი ბიზნეს მიზნების მისაღწევად. ამიტომ თანამშრომლობის დაწყებამდე საჭიროებების, მიზნების და ეთიკური კონტექსტის შესწავლა ჩემთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია.

საავტორო ტრენინგების შექმნის იდეა ჩემი მრავალწლიანი პრაქტიკული გამოცდილებიდან გაჩნდა. ჩემი მიზანი იყო შემექმნა პრაქტიკული და თან მეცნიერებაზე და კვლევაზე დაფუძნებული პროგრამები, რომლებიც რეალურ ცვლილებას იწვევს არა მხოლოდ ცოდნაში, არამედ ქცევაში, ლიდერულ მიდგომებში და ორგანიზაციულ კულტურაში", - ამბობს თამარ ტურაშვილი.

საქმიანობის მთავარი ფოკუსი

კომპანიის საქმიანობის მთავარი ფოკუსს ორგანიზაციულ კეთილდღეობაზე მუშაობა, ლიდერული კომპეტენციების განვითარება და მათი ორგანიზაციულ კულტურულ ღირებულებებად ინტეგრაცია წარმოადგენს. თამარ ტურაშვილის პროფესიული მიდგომები ეფუძნება პოზიტიური ფსიქოლოგიის კონცეპტუალურ ჩარჩოს, რაც ნიშნავს, რომ განვითარება იწყება არა მხოლოდ პრობლემების აღმოჩენით, არამედ პოტენციალის, ძლიერი მხარეებისა და შესაძლებლობების გააქტიურებით.

"ჩემი მუშაობის მთავარი საკითხია, რომ ორგანიზაციებში: გამოიკვეთოს ძლიერი მხარეები; შეიქმნას მხარდამჭერი და განვითარებაზე ორიენტირებული გარემო; გაძლიერდეს თანამშრომელთა ჩართულობა და პასუხისმგებლობა; ლიდერული კომპეტენციები გადაიქცეს ყოველდღიურ ქცევად და კულტურულ ღირებულებად. სწორედ ეს ქმნის მდგრად ბიზნეს შედეგს", - აღნიშნავს ის.

საავტორო ტრენინგები

თამარ ტურაშვილი 25 წელია აკადემიურ სივრცეში მუშაობს და, პარალელურად, აქტიურად თანამშრომლობს ბიზნეს სექტორთან. ამ გამოცდილების საფუძველზე შექმნა 20-ზე მეტი საავტორო პროგრამა, რომლებიც პოზიტიურ ფსიქოლოგიას, ორგანიზაციულ ფსიქოლოგიასა და რეალურ ბიზნეს პრაქტიკას ეფუძნება.

"ჩემი პროგრამები მხოლოდ უნარების განვითარებაზე არ არის მიმართული. ისინი ფოკუსირებულია ლიდერის დამოკიდებულებების ცვლილებაზე, გუნდის თანამშრომლობის ხარისხისა და კულტურული ღირებულებების გაძლიერებაზე, რადგან რეალური ცვლილებები სწორედ ამ სამ დონეზე ხდება: როგორ ფიქრობს ლიდერი, როგორ მოქმედებს გუნდი, როგორ ყალიბდება ორგანიზაციული კულტურა.

ვამაყობ, რომ 12+ წელზე მეტია ვარ ორგანიზაციული ფსიქოლოგიის ასოცირებული პროფესორი საქართველოს უნივერსიტეტში და ჯიპაში პოზიტიური ფსიქოლოგიის ასოცირებული პროფესორი. ასევე რამდენიმე წელი ვმუშაობდი გერმანიაში, ფრანკფურტის უნივერსიტეტში, ორგანიზაციისა და განათლების ფსიქოლოგიის მიმართულებით, სადაც მივიღე ჩემი პირველი საერთაშორისო ტრენინგების გამოცდილება ბანკების, წარმოების მენეჯერებისა და საავიაციო კომპანიების მენეჯერებთან.

როგორც აკადემიური სფეროს წარმომადგენელი, ვეყრდნობი კვლევებსა და სიღრმისეულ ცოდნას; როგორც კონსულტანტი, კი რეალურ ბიზნეს პრაქტიკას. ჩემი ტრენინგებისა და კვლევების შედეგები წარმოდგენილი იყო საერთაშორისო კონფერენციებსა და კონგრესებზე: ბერლინში, მონრეალში, ბორდოში, ბარსელონაში, ფრანკფურტში, ბუდაპეშტში და სხვა ქვეყნებში. "ლემონი" სწორედ ამ ორი მიმართულების მეცნიერებისა და პრაქტიკის სინთეზია", - ამბობს ის.

პარტნიორები ბიზნეს სექტორში

თამარ ტურაშვილის ბიზნეს პარტნიორები, მისივე თქმით, პასუხისმგებლიანი და განვითარებაზე ორიენტირებული კომპანიები არიან, რომლებიც ზრუნავენ ფსიქოლოგიური კეთილდღეობის მდგრადი სისტემების შექმნაზე, ლიდერების განვითარებასა და თანამშრომლების პროფესიულ ზრდაზე.

"ვმუშაობ სხვადასხვა ინდუსტრიასთან, მათ შორის:

  • საბანკო, სადაზღვევო და საფინანსო სექტორი;
  • წარმოება;
  • ვაჭრობა და დისტრიბუცია;
  • მომსახურების სფერო;
  • საკონსულტაციო და სხვა ბიზნეს მიმართულებები.

ჩემთვის მნიშვნელოვანია ვიმუშაო იმ ორგანიზაციებთან, რომლებსაც ესმით: ადამიანების განვითარება არის არა დამატებითი აქტივობა, არამედ ბიზნესის ზრდის საფუძველი", - აღნიშნავს პროფესორი.

შედეგზე ორიენტირებული მიდგომა

თამარ ტურაშვილი ხაზს უსვამს, რომ კომპანიებთან თანამშრმლობა მოიცავს სამ აუცილებელ ეტაპს, რომელსაც ყველა ტრენინგის დროს გადიან, იქნება ეს ორდღიანი ვორქშოფი, მაგალითად მოლაპარაკების მართვის, თუ ერთწლიანი განვითარების პროგრამა, მაგალითად ლიდერობის ან გაყიდვების მიმართულებით:

  1. მიზნების, საჭიროებებისა და პოტენციალის სიღრმისეული დიაგნოსტიკა;
  2. სპეციალიზებული, კომპანიის საჭიროებებზე მორგებული პროგრამის შექმნა და ჩატარება;
  3. შედეგების გაზომვა.

"მთავარი აქ არის ერთი რამ: შედეგი არ იზომება მხოლოდ მონაწილეების კმაყოფილებით. შედეგი იზომება იმით, თუ როგორ იცვლება თანამშრომლების დამოკიდებულებები, ქცევა, გუნდის მუშაობის ხარისხი, კორპორატიული კულტურა და საბოლოოდ როგორ აისახება ეს ბიზნეს შედეგებზე.

მაგალითად ლიდერობის განვითრების ერთ-ერთ პროგრამაში, ცვლილება დაიწყო კომუნიკაციიდან - ლიდერებმა დაიწყეს სწორი და ინტენსიური უკუკავშირი, რამდენიმე თვეში კი გუნდში გაიზარდა ნდობა, პასუხისმგებლობა და შედეგებზე ფოკუსი, ასევე ერთ-ერთ კომპანიაში გაყიდვების გუნდთან მუშაობისას, მოლაპარაკებების სტრატეგიის გაუმჯობესებამ და სამუშაო დროის უფრო ეფექტურად გამოყენებამ პირდაპირ იმოქმედა შედეგებზე - გაიზარდა კლიენტებთან თანამშრომლობის ხარისხი და შემცირდა არაეფექტური რესურსების ხარჯვა", - ამბობს ის.

მთავარი გამოწვევა და ინსპირაცია

ის აღნიშნავს, რომ ყველაზე დიდი გამოწვევა ბაზრისთვის იმის ჩვენება იყო, რომ ტრენინგი არ არის ერთჯერადი აქტივობა - ის შეიძლება იყოს სისტემური ცვლილების ნაწილი. რომ გაუმჯობესებებს და ცვლილებებს სწორი და სისტემური მუშაობა სჭირდება.

"თავიდან ამ ხედვის მიღება მარტივი არ იყო. ბიზნეს არ აქვს დრო თვეობით გამოყოს თანაშრომლები ბიზნეს უნარების გასავითარებლად, მაგრამ შედეგებზე დაფუძნებულმა მიდგომამ, გაზომვადმა ეფექტებმა, ლიდერების პროფესიულმა და პიროვნულმა განვითარებამ და რეალურმა ბიზნეს შედეგებმა ჩემი საკონსულტაციო საქმიანობა კომპანიებთან ურთიერთნდობაზე და პარტნიორობაზე დაფუძნებულ პროცესად აქცია. დღეს ბიზნესები მზად არიან მთელი წლის მანძილზე ყოველ თვე ორი დღე ინტენსიურად იმუშაონ ლიდერულ ან გაყიდვების კომპეტენციების განვითარებაზე და ასეთი მუშაობით წარმოუდგენლად მაღალ შედეგებსაც ვიღებთ", - ამბობს პროფესორი.

თამარ ტურაშვილს ინსპირაციას აძლევს ცვლილებები, რომლებსაც ორგანიზაციებში ხედავს ჩატარებული პროგრამების შემდეგ.

"როდესაც ლიდერი იწყებს სხვაგვარად ფიქრს; როდესაც გუნდი იწყებს უფრო ეფექტურ თანამშრომლობას; როდესაც თანამშრომლები უკეთ იყენებენ საკუთარ შესაძლებლობებს; როდესაც ორგანიზაცია ხდება უფრო ძლიერი, ჯანსაღი და შედეგზე ორიენტირებული. ინსპირაციას მაძლევს ის უკუკავშირიც, რომელსაც გენერალური მენეჯერები და HR ხელმძღვანელები მიზიარებენ, როდესაც ნაკლებად იხარჯება დრო არამიზნობრივად, უმჯობესდება მოლაპარაკებების მართვის უნარები, იზრდება გაყიდვები და მომსახურების ხარისხი, თანამშრომლები უფრო ფოკუსირებულები ხდებიან შედეგებზე და ბიზნეს ინტერესების ეთიკურად განხორციელებაზე", - ამბობს კომპანია "ლემონის" დამფუძნებელი.

ქალი Entrepreneur და პასუხისმგებლიანი ბიზნესის ხედვა

"მე არასდროს მიცდია დამემტკიცებინა, რომ ქალი ლიდერი ვარ. მე უბრალოდ ვაკეთებ საქმეს, რომელიც ძალიან მიყვარს და რომელსაც უდიდესი პასუხისმგებლობით ვეკიდები.ანტრეპრენერობა ჩემთვის ნიშნავს გაბედო, აიღო პასუხისმგებლობა საკუთარ იდეაზე და თავდაუზოგავად იმუშაო მის რეალობად ქცევაზე", - აღნიშნავს ის.

თამარ ტურაშვილის მთავარი მიზანი არ არის რომ კომპანია "ლემონი" გახდეს ყველაზე წამყვანი კომპანია ლიდერობისა და ორგანიზაციული განვითარების მიმართულებით.

"ჩემი და ჩემი გუნდის მთავარი მიზანია დავეხმაროთ ყველა პასუხისმგებლიან ბიზნესს, რომელიც ჩვენთან ითანამშრომლებს, სწორად წარმართოს ფსიქოლოგიური კეთილდღეობის პროგრამები, იზრუნოს თანამშრომლების განვითარებაზე და შექმნას ისეთი გარემო, სადაც ადამიანები არა მხოლოდ მუშაობენ, არამედ იზრდებიან, ქმნიან ღირებულებას და თავს ბედნიერად გრძნობენ", - ამბობს თამარ ტურაშვილი, ტრენინგებისა და საკონსულტაციო კომპანია "ლემონის" დამფუძნებელი.