სიმართლე თუ ჰარმონია? – რატომ არის რთული "სიმართლის თქმა" მაღალტექნოლოგიურ კომპანიებში ჯეფ ბეზოსის აზრით?

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

თანამედროვე ბიზნესსამყაროში ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა არა ტექნოლოგიური პროგრესი, არამედ ადამიანური ბუნებაა. ლექს ფრიდმანის პოდკასტში სტუმრობისას Amazon-ის დამფუძნებელმა, ჯეფ ბეზოსმა, ვრცლად ისაუბრა იმ ფსიქოლოგიურ ბარიერებზე, რომლებიც ხელს უშლის ორგანიზაციებს სიმართლის დანახვაში.

ბეზოსის თქმით, ადამიანები ბუნებით "სიმართლის მაძიებელი ცხოველები" კი არა, "სოციალური ცხოველები" ვართ. ბეზოსის აზრით, ჩვენი ინსტინქტები 10 000 წლის წინანდელ სოფელშია ჩარჩენილი.

"თუ შენ სოფელში ყველა მეზობელს ეთანხმები, გადარჩები და გამრავლდები. მაგრამ თუ სიმართლის მთქმელი ხარ, შესაძლოა შუაღამისას თავში კეტი ჩაგცხონ", – ამბობს ბეზოსი.

მისი თქმით, სიმართლე ხშირად უხერხული, დამღლელი და ვიღაცებისთვის შეურაცხმყოფელია. სწორედ ამიტომ მაღალეფექტურმა ორგანიზაციებმა უნდა შექმნან სპეციალური მექანიზმები, რომლებიც წაახალისებს ადამიანებს, იყვნენ გულწრფელები მაშინაც კი, როცა ეს სოციალურ ჰარმონიას არღვევს.

ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო დეტალი, რომელიც ბეზოსმა პოდკასტში გაამჟღავნა, არის ის, თუ როგორ მართავს იგი შეხვედრებს. მისი მიზანია, იერარქიამ არ ჩაახშოს კრიტიკული აზრი.

ბოლო სიტყვა ლიდერს: ბეზოსი შეხვედრებზე ყოველთვის ბოლოს საუბრობს. მისი თქმით, თუ ყველაზე გავლენიანი პირი თავიდანვე დააფიქსირებს აზრს, ყველაზე ძლიერი და ჭკვიანი თანამშრომლებიც კი ქვეცნობიერად დაიწყებენ საკუთარი პოზიციის შეცვლას ლიდერის სასარგებლოდ.

სტრატეგია უმცროსიდან უფროსისკენ – იდეალურ შემთხვევაში, აზრის გამოთქმა ყველაზე დაბალი რანგის თანამშრომლით უნდა დაიწყოს. ეს უზრუნველყოფს "გაფილტრული" აზრებისგან თავის არიდებას.

მონაცემები, როგორც ძალა – კულტურა ისე უნდა იყოს მოწყობილი, რომ უმცროს თანამშრომელს შეეძლოს უფროსის აზრის უარყოფა, თუ მას ხელთ მყარი მონაცემები აქვს.

მიუხედავად იმისა, რომ მონაცემები უმნიშვნელოვანესია, ბეზოსი აღიარებს, რომ ყველაზე დიდი სიმართლეები ხანდახან ინტუიციის ნდობიდან მოდის.

მისი თქმით, თუ ვინმეს გამოცდილებას ენდობით და მისი ინტუიცია თქვენსას ემთხვევა, მაშინაც კი, თუ მყარი ციფრები ჯერ არ გაქვთ, ეს არის სიგნალი, რომ დროა ამ მიმართულებით კვლევა დაიწყოთ.

დასკვნის სახით ბეზოსი გვირჩევს: იმისთვის, რომ წარმატებას მივაღწიოთ, მუდმივად უნდა შევახსენოთ საკუთარ თავს, რომ დისკომფორტი სიმართლის თქმისას ნორმალურია. ეს არ არის ის, რისთვისაც ბუნებამ შეგვქმნა, მაგრამ ეს არის ის, რაც პროგრესისთვის აუცილებელია.