შინ დაბრუნების დროა - კრეატიული სააგენტო ნაიადას სოციალური კამპანია

By Entrepreneur-ის გუნდი

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ქუთაისი ის ქალაქია, სადაც სტუმრობა ყველას უყვარს. ის გარემო და განსაკუთრებული, სახლური ატმოსფერო, რომელსაც ქუთაისელები ქმნიან, ხშირად დაუვიწყარ მოგონებად რჩება. ამიტომაც არის, რომ ვინც ერთხელ მაინც ყოფილა ქუთაისში, აუცილებლად ბრუნდება უკან.

ქუთაისში ყოველთვის გელიან და გულთბილად გიღებენ კარს. თუმცა ამ სტუმართმოყვარე, გაპრანჭული ქალაქის მიღმა, სხვა რეალობაც არსებობს, ქუთაისი ნელ-ნელა ცარიელდება.

გვირილობისთვის არაერთი ბრენდი ქმნის ვიდეორგოლს, სადაც ქალაქი თბილ მასპინძლად არის წარმოჩენილი. ადგილად, რომელიც სტუმარს ხელგაშლილი ხვდება. ამ ვიდეოებში ხშირადაა შთამაგონებელი ფრაზები და დადებითი ემოცია, თუმცა ნაკლებად ისმის მთავარი კითხვა, რა სჭირდება რეალურად დღეს ქუთაისს და რა არის მისი სათქმელი.

ნაიადას სოციალური კამპანია სწორედ ამ სიჩუმეს არღვევს. მისი მიზანი ქალაქის ლამაზი სურათის შექმნა კი არ არის, არამედ მისი ამეტყველება და ისეთად წარმოჩენა, როგორიც რეალურადაა: გამოწვევებით, სიჩუმით და იმ სიცარიელით, რომელიც ნელ-ნელა უფრო შესამჩნევი ხდება.

ბრენდის მთავარი გზავნილი - "შინ დაბრუნების დროა" - კამპანიის მთავარ ვიდეოში ჟღერდება, რომელიც ქუთაისობისთვის შეიქმნა და სოციალურ შინაარსს ატარებს. გზავნილი პირდაპირი მოწოდებაა დასაბრუნებლად და ქალაქის სიცოცხლის აღდგენაში მონაწილეობის მისაღებად.

Article content

ვიდეოს შინაარსი პირად ისტორიას ეფუძნება. დასაწყისში მთხრობელი მანქანის საბარგულში დებს ჩემოდანს, კეტავს კარს და გზას ადგება ტექსტით: "…და შემდეგ სახლში დაბრუნება გადავწყვიტე".

კადრებში ქუთაისის ყოველდღიური და სიმბოლური ელემენტები ჩანს: ქუჩები, ბაღები, ბაგრატის ტაძარი, ძველი და დაცარიელებული სახლები, ქალაქისთვის დამახასიათებელი დეტალები. ვიდეოს ფონად გასდევს სიმღერა "ციცინათელა", რომელიც მას ემოციურობას სძენს.

ერთ-ერთ კულმინაციურ მომენტში, ცარიელი სახლების ვიზუალთან ერთად, გაჟღერებულია ფრაზა: "ქუთაისში ბევრი სახლი დაცარიელდა", რაც პირდაპირ სოციალურ რეალობას უსვამს ხაზს. ვიდეო სრულდება მთავარი გზავნილით "შინ დაბრუნების დროა".

კამპანიის მთხრობელია ნაიადას თანადამფუძნებელი, მარიამ ტყეშელიაძე, რომლის პირადი ისტორია კამპანიის გულწრფელობას მატებს. მისი თქმით, ქუთაისი მისთვის ყოველთვის სახლთან ასოცირდებოდა და დაბრუნების გადაწყვეტილება იყო არჩევანი, დაბრუნებულიყო იქ, სადაც მისი ყოფნა მნიშვნელოვანია.

მისი ხედვით, შინ დაბრუნება მხოლოდ გადაადგილება არ არის, ეს არის დაბრუნება იქ, სადაც შეგიძლია რაღაც უკეთესობისკენ შეცვალო.

კამპანიის იდეა სწორედ ქალაქის დემოგრაფიულ და სოციალურ მდგომარეობაზე დაკვირვებას ეფუძნება. ქუთაისში მოსახლეობის შემცირება და ახალგაზრდების გადინება უკვე თვალსაჩინო პროცესად არის ქცეული, რაც კამპანიამ პირდაპირ საკომუნიკაციო თემად აქცია.

ნაიადა კრეატიული მარკეტინგული სააგენტოა, რომელიც ბრენდებს ეხმარება აღმოაჩინონ და გააზიარონ ის "მაგია", რასაც შინაგანად ატარებენ. კომპანია ანი ტყეშელიაძის ინიციატივით შეიქმნა იდეით, რომ ქუთაისში არსებობდეს პლატფორმა, სადაც კრეატივი ადგილობრივ ყოფასთან დიალოგში იქნება. ეს კამპანია სწორედ ამ იდეის გაგრძელებაა.

Article content

კამპანიის მიზანი მარტივი და ამავე დროს ამბიციურია: დააფიქროს ადამიანები.

"შინ დაბრუნების დროა" არ არის ბრძანება. ეს არის ნიშანი, რომ დაბრუნების სურვილის შემთხვევაში, ახლაა სწორი მომენტი, როცა ამ გადაწყვეტილების მიღება შეიძლება.

კამპანიამ გამოქვეყნებისთანავე მნიშვნელოვანი გამოხმაურება გამოიწვია. სოციალურ ქსელებში აუდიტორიის კომენტარები მკაფიოდ აჩვენებს, რომ გზავნილი რეზონანსულია:

"ზუსტაად ის თქვით, რაც ამ ქალაქს ყველაზე მეტად სწყურია, შინ დაბრუნების დროა"

"ყველაზე გულწრფელი ვიდეოა, რაც ბოლო დროს მინახავს"

"მოვა დრო და მეც დავბრუნდები ?"

"ყოჩაღ. რატომღაც, არავინ ახსენებს, რომ ქუთაისის პრობლემების შედეგი მისი დაცარიელებაა."

"ნამდვილად შინ დაბრუნების დროა"

"ეს არის ზუსტად ის, რაც ამ ქალაქს სჭირდება"

კამპანია გრძელდება ფოტო სერიების სახით, რაც კიდევ უფრო აფართოებს მის მთავარ იდეას.

ქუთაისზე საუბარი მხოლოდ მისი სიყვარულით არ უნდა შემოიფარგლებოდეს, ზოგჯერ საჭიროა ისიც ითქვას, რაც მტკივნეულია.

რადგან სწორედ ამ მომენტში იწყება ნამდვილი ცვლილება.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი