ShieldWise - პირველი ქართული SaaS პლატფორმა, რომელიც SME სექტორს კიბერჰიგიენას ასწავლის
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესების (SME) დიდი ნაწილი კიბერუსაფრთხოების მიმართულებით კვლავ მოწყვლადია. სპეციალისტების შეფასებით, კომპანიების უმრავლესობას არ გააჩნია საბაზისო კიბერცნობიერება, რის გამოც ისინი ხშირად სოციალური ინჟინერიის, ფიშინგისა და ფინანსური თაღლითობის სამიზნედ იქცევიან.
სწორედ ამ პრობლემის საპასუხოდ შეიქმნა ShieldWise - პირველი ქართული ავტომატიზებული კიბერჰიგიენის SaaS პლატფორმა, რომელიც მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის კიბერუსაფრთხოების განათლებას უფრო ხელმისაწვდომსა და მარტივს ხდის.
სტარტაპის დამფუძნებლები არიან ალექსანდრე მაისურაძე (CEO) და ვაჟა არავიაშვილი (CTO), ხოლო სტრატეგიული განვითარების მიმართულებით გუნდთან ერთად მუშაობს ცირა გვრიტიშვილი (Advisory Board).
ShieldWise-ის მთავარი განსხვავება იმაში მდგომარეობს, რომ ის მხოლოდ საგანმანათლებლო LMS პლატფორმა არ არის. სისტემა რეალურ დროში აკავშირებს ფიშინგის კონტროლირებად სიმულაციებსა და ავტომატიზებულ საგანმანათლებლო რეაგირებას (Automated Remediation), რაც კომპანიებს თანამშრომლების ქცევითი რისკების შემცირებაში ეხმარება.
პლატფორმა ასევე იყენებს გემიფიკაციის (Gamification) ელემენტებს, რაც ამცირებს ტრადიციულ კიბერუსაფრთხოების ტრენინგებთან დაკავშირებულ "training fatigue"-ს და თანამშრომლების ჩართულობას ზრდის.
ShieldWise-ის დამფუძნებლისა და აღმასრულებელი დირექტორის, ალექსანდრე მაისურაძის თქმით, პლატფორმის მთავარი მიზანია კომპანიებში კიბერცნობიერების სისტემურად ამაღლება.
"ჩვენი ფოკუსი ტრენინგების გავლასთან ერთად, არის რეალური ქცევის შეცვლა, რომ თანამშრომელმა დროულად ამოიცნოს ფიშინგი, საეჭვო ბმული, სოციალური ინჟინერია, პაროლის რისკები და სხვა ყოველდღიური საფრთხეები", - ამბობს ალექსანდრე მაისურაძე.
მისივე თქმით, მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის კიბერჰიგიენა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან მათ ხშირად არ აქვთ დიდი კიბერუსაფრთხოების გუნდები ან ძვირადღირებული სისტემები.
"ერთი არასწორი კლიკი ან ფიშინგზე რეაგირება შეიძლება გადაიზარდოს ფინანსურ ზარალში, მონაცემების გაჟონვაში, ოპერაციების გაჩერებაში ან რეპუტაციულ პრობლემაში. ჩვენი მიზანია, კიბერუსაფრთხოება მხოლოდ IT დეპარტამენტის პასუხისმგებლობა აღარ იყოს და ის მთელი გუნდის ყოველდღიურ ჩვევად იქცეს", — აღნიშნავს ის.
კომპანიის ინფორმაციით, პლატფორმაზე უკვე დარეგისტრირებულია 150-ზე მეტი აქტიური მომხმარებელი, ხოლო მომხმარებლებმა 800-ზე მეტი კიბერჰიგიენის კურსი წარმატებით გაიარეს. ამ ეტაპზე ShieldWise მსხვილ ბიზნეს-ენტერპრაიზებთანაც აწარმოებს მოლაპარაკებებს, რომელთა ინტეგრაციაც 2026 წლისთვის იგეგმება.