საქართველოში პირველი ფიტნეს-კონფერენცია გაიმართება – "ჩერის ფიტნესი" სფეროს განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

საქართველოში პირველად გაიმართება ფიტნეს-კონფერენცია, რომელიც ორ დღეში ფიტნესის, ველნესის, სპორტული მედიცინისა და ჯანმრთელობის სფეროს პროფესიონალებს, მოქმედ და დამწყებ მწვრთნელებს, ექიმებსა და ამ მიმართულებით დაინტერესებულ ადამიანებს გააერთიანებს.
ღონისძიებას "ჩერის ფიტნესი" 11-12 ივლისს "ფაბრიკაში" გამართავს. კონფერენციის ფარგლებში მონაწილეები გაეცნობიან თანამედროვე ტენდენციებს, პრაქტიკულ გამოცდილებასა და საერთაშორისო სპიკერების მოხსენებებს, ასევე პირველად იქნება წარმოდგენილი Cherrys Fit App-ის ახალი AI მოდული.
იდეა, რომელმაც საქართველოში პირველი ფიტნეს-კონფერენცია შექმნა
დაარსების დღიდან, ჯერ კიდევ მაშინ, როცა პერსონალურად ატარებდა ვარჯიშებს და ბლოგი პირველ ნაბიჯებს დგამდა, ნინო (ჩერი) ჩერქეზიშვილს ძალიან უნდოდა, რომ მის ბიზნესთან ერთად, გაზრდილიყო ფიტნესისა და ველნესის მიმართულება საქართველოში და ზოგადად, ყველგან განვითარებულიყო სფერო, რადგან ადამიანისთვის ეს არის ხარისხიანი ცხოვრების შესაძლებლობა, ჯანმრთელობა, როგორც ფიზიკური, ისე მენტალური.
"ახლა, როცა "ჩერის ფიტნესი" უკვე გუნდია და ახალ-ახალი პროდუქტებით, მათ შორის, პირველი ქართული, სრულყოფილი ფიტნეს-აპლიკაციით არის წარმოდგენილი ბაზარზე, გვყავს ასიათასობით მიმდევარი, რომელთა ცხოვრებაც შეიცვალა, გვაქვს პრეტენზია, რომ მნიშვნელოვანი წვლილი შეგვაქვს სფეროს განვითარებაში.
გადავწყვიტეთ კიდევ უფრო მეტი რესურსი ჩაგვედო ამ ყველაფერში და მეტ-ნაკლებად ყველა ფიტნესთან, ფიზიკურ აქტივობასთან დაკავშირებული მიმართულება, როგორიცაა ჯანმრთელობა, კეთილდღეობა, სპორტული მედიცინა, სილამაზე, ნუტრიციოლოგია, ერთი ღონისძიების ფარგლებში გაგვეერთიანებინა", – ამბობს ნინო ჩერქეზიშვილი.
მისი თქმით, წლების განმავლობაში მან და მისმა გუნდმა მნიშვნელოვანი ცოდნა, გამოცდილება და პრაქტიკული დაკვირვებები დააგროვეს, რომელთა გაზიარებაც საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ, ბუნებრივად გაჩნდა პირველი ფიტნეს-კონფერენციის ჩატარების იდეა, რომელმაც ამ ყველაფერს ერთ სივრცეში მოუყარა თავი.
რა ელოდებათ კონფერენციის მონაწილეებს ორი დღის განმავლობაში
"ღონისძიება განკუთვნილია ფიტნესითა და ველნესით დაინტერესებული ნებისმიერი ადამიანისთვის და მე ვფიქრობ, რომ ყველა ადამიანი უნდა დაინტერესდეს თანამედროვეობაში ამ მიმართულებებით, ეს ხომ პირდაპირ კავშირშია, თუ რამდენად სრულფასოვნად ვიცხოვრებთ", – ამბობს "ჩერი ფიტნესის" დამფუძნებელი.
მისი თქმით, კონფერენცია განსაკუთრებით საინტერესო იქნება სფეროს პროფესიონალებისთვის, ტრენერებისთვის.
"ისინი ძალიან ძვირფას ინფორმაციას წაიღებენ ღონისძიებიდან, რომელსაც უდიდესი ყურადღებით და მონდომებით შერჩეული მონაწილეები შემოგვთავაზებენ, უფრო მეტად ვგულისხმობ არა მხოლოდ ფიტნესის, არამედ სხვა, მაგალითად სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების გამოსვლებს, რაც ხედვის გაფართოებისა და პროგრესისთვის იდეალურია, მითუმეტეს, აქ, საქართველოში, ქართულ ენაზე, საკმაოდ კომფორტული, ხოლო ხარჯის მხრივ ეფექტურია".
კონფერენციის პროგრამა მოიცავს არა მხოლოდ ვარჯიშთან დაკავშირებულ თემებს, არამედ კვებას, საკვებ დანამატებს, პლასტიკურ ქირურგიას, ტრავმების მართვას, კარდიოლოგიას, რეგენერაციულ მედიცინას, მენტალურ მდგრადობასა და ტერფის ჯანმრთელობას. მომხსენებლები მონაწილეებს გაუზიარებენ თანამედროვე მიდგომებს, პრაქტიკულ გამოცდილებასა და სიახლეებს, რომლებიც კეთილდღეობის გაუმჯობესებას, ტრავმების პრევენციასა და ხანგრძლივი, ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობას ემსახურება.
ხელოვნური ინტელექტი, საერთაშორისო სპიკერები და ახალი შესაძლებლობები
Cherrys Fit App წარმოადგენს პირველ ქართულ, სრულყოფილ ფიტნეს-აპლიკაციას, რომელიც ბაზარზე წარმატებით გამოჩნდა და ხელმისაწვდომი გახადა პერსონალური მწვრთნელისა და ნუტრიციონისტის ყოლა პირდაპირ სმარტფონში. AI მოდულების დანერგვით კი, ის კიდევ უფრო უახლოვდება მომხმარებელს და პერსონალიზებულს ხდის მის გამოცდილებას.
"Nebula AI Hub-თან ერთად, ჩვენ შეგვეძლება შევთავაზოთ მომხმარებელს კალორიების ტრეკერი, რომელიც არა მხოლოდ ფოტოს გადაღების ფუნქციით დაითვლის კალორიებს (როგორი ფუნქციონალითაც შეცდომის დაშვება მარტივია), არამედ მომხმარებელს შეეძლება ამოცნობილი პროდუქტების ნამდვილობა დაადასტუროს ან დააკორექტიროს და მიიღოს ზუსტი აღრიცხვა. ასევე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია: აპლიკაციაში არსებული კვების, სარეაბილიტაციო და სავარჯიშო პროგრამების მიხედვით, AI ასისტენტის დახმარებით, მომხმარებელი შეძლებს შექმნას გეგმა, რომელიც მორგებული იქნება მისი ცხოვრების რიტმზე, გემოვნებაზე, გარემოზე, ფიზიკურ მდგომარეობაზე და ა.შ. ფაქტობრივად, აღარ მოუწევს ვარაუდით შეიძინოს პროგრამები, რადგან AI მოდული მას შესთავაზებს იდეალურად მორგებულ კომბინაციებს", – აღნიშნავს "ჩერის ფიტნესის" დამფუძნებელი.
ნინო ჩერქეზიშვილის თქმით, სპიკერების შერჩევისას ყურადღება გამახვილდა არა მხოლოდ მათ პროფესიულ კომპეტენციაზე, არამედ მიმდინარე საქმიანობაზე, პრაქტიკულ გამოცდილებასა და იმ თემებზე, რომლებიც აქტუალურია და აუდიტორიისთვის ახალ ინფორმაციას მოიცავს.
რა გამოარჩევს პირველ ქართულ ფიტნეს-კონფერენციას
ნინო ჩერქეზიშვილი აღნიშნავს, რომ ღონისძიების გამორჩეული და აღსანიშნავი ნაწილი, უპირველეს ყოვლისა, მასშტაბია – ქართულ რეალობაში ტარდება სემინარები, მასტერკლასები, გამოფენები, – მაგრამ კონფერენცია, რომლის ორგანიზება მეცნიერული ინფორმაციითა და უამრავი მიმართულების პროფესიონალის თავმოყრით ხდება, არ ჩატარებულა.
"თამამად ვიტყვი, რომ იდეალურად არის აწყობილი თემები ფიტნესისა და ველნესის კომბინაციით, არის სიახლეები, რომელიც აქამდე ყურადღების მიღმა არსებობდა, მაგალითად ფეხსაცმლის შერჩევის მნიშვნელობა სპორტული აქტივობისას – პოდიატრი გვეყოლება მომხსენებლად, ბევრისთვის, ალბათ, სრულიად უცხოა პროფესიაც და თემის მნიშვნელობაც, ამიტომ, ეს ღონისძიება ძალიან დიდი ნახტომი იქნება სფეროს განვითარებისთვის".
"ჩერის ფიტნესის" დამფუძნებელი მიიჩნევს, რომ საქართველო ჯერ კიდევ "ძალიან პატარაა" ამ მიმართულებით – არიან დამწყები სპეციალისტები მხოლოდ რამდენიმეთვიანი კურსებით, რაც დასაწყისისთვის ბუნებრივი და გასაგებია, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ განვითარება უნდა შეწყდეს.
"ეს არ ნიშნავს იმას, რომ არ მოიძიოს დამწყებმა ტრენერმა ინფორმაცია, არ იყოს ღია სიახლისთვის. ეს ღონისძიებაც ზუსტად ამ სფეროში არსებული ცოდნის გაფართოებასა და განვითარებას ეძღვნება. პირდაპირი შეხება გვაქვს ადამიანის კეთილდღეობასთან, ჯანმრთელობასთან. მნიშვნელოვანია, რომ ფოკუსირებული ვიყოთ ძალაზე, ფიზიკურ ფორმაზე და არა სოცმედიით თავს მოხვეულ სტერეოტიპებზე, "სილამაზის სტანდარტებზე". ვარჯიში და მოძრაობა უნდა იყოს გაცნობიერებული არჩევანი. სწორი კვება არ უნდა ასოცირდებოდეს მხოლოდ მწვანე ბოსტნეულის ჭამასთან და რაც მთავარია, მუდმივი გადამოწმება გავრცელებული მითების – ეს ყველაფერი მიიყვანს გონიერ ადამიანს სწორ არჩევანამდე", – აღნიშნავს ის.
"მოძრაობა საკუთარი სხეულის პატივისცემაა" – რა გზავნილით სრულდება კონფერენცია
ნინო ჩერქეზიშვილი ამბობს, რომ მათი მხრიდან არსებობს დიდი სურვილი იმისა, რომ კონფერენციას ყოველწლიური სახე მიეცეს და მასშტაბები გაფართოვდეს. მისი თქმით, ამ სფეროს განვითარება მხოლოდ კომერციული ინტერესი არ არის, ეს ნიშნავს ზოგადი საზოგადოებრივი კეთილდღეობისთვის გაღებულ ძალისხმევასა და კომპანიის მისიაც სწორედ ეს არის.
"ჩვენ არ ვართ განებივრებული, ჩვენივე ქვეყანაში, ქართულ ენაზე ამ სფეროში ასეთი ძვირფასი ინფორმაციისა და გამოცდილების მიღების შესაძლებლობით. ნამდვილად არ ღირს ბევრი ფიქრი. ვისთვისაც საკუთარი ჯანმრთელობა, ფიზიკური ფორმა მნიშვნელოვანია, ღონისძიება არ უნდა გამოტოვოს".
მისი თქმით, კონფერენცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება ფიტნესის სფეროში მომუშავე სპეციალისტებისთვის, რადგან ინდუსტრიაში მუდმივად ჩნდება ახალი კვლევები და იცვლება რეკომენდაციები. ადამიანების ჯანმრთელობასთან მუშაობა პროფესიონალებისგან მუდმივ სწავლას, ცოდნის განახლებასა და კვალიფიკაციის ამაღლებას მოითხოვს.
"მოძრაობა საკუთარი სხეულის პატივისცემაა, ეს არის ინფორმირებული, გაცნობიერებული არჩევანი, რომელსაც მივყავართ ხანგრძლივი და ხარისხიანი ცხოვრებისკენ, ჩვენი ორგანიზმის დაბერების გადავადებისკენ.
არ არსებობს, რომ ადამიანმა გაიაზროს ეს სიკეთეები და არ აირჩიოს ჯანმრთელობა. მთავარია, ჩვენ მათ ეს ყველაფერი მივაწოდოთ, დავარწმუნოთ და თავად ვიყოთ კომპეტენტურები – ვიძიებდეთ და ვვითარდებოდეთ მუდმივად!" – ამბობს ნინო ჩერქეზიშვილი, "ჩერის ფიტნესის" დამფუძნებელი.
დაინტერესებული პირებისთვის ბილეთების შეძენა შესაძლებელია ბმულზე: https://tkt.ge/show/34309/fitnes-konferencia-2026
კორპორატიული პაკეტური შეთავაზებისთვის ბიზნესებს შეუძლიათ მიმართონ კომპანიას.