როგორ ქმნის J&J Training Center პროფესიული ცოდნის ახალ სტანდარტს
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

როდესაც ბაზარზე ცოდნა ფრაგმენტულია, ხოლო პრაქტიკა ხშირად ბუნდოვანი, იქ ჩნდება საჭიროება ისეთი სივრცის, რომელიც პროფესიულ განათლებას მხოლოდ თეორიად არ დატოვებს.
სწორედ ამ იდეით შექმნა ნინა ჯულაყიძემ სამშენებლო სამართლის იურისტმა და J&J Training Center-ის დამფუძნებელმა პლატფორმა, სადაც სამართლის კომპლექსური საკითხები გასაგებ, პრაქტიკულ და გამოყენებად ცოდნად იქცევა.
ნინა ჯულაყიძე სამშენებლო სამართლის მიმართულებით 2018 წლიდან მუშაობს. ეს არის სფერო, სადაც ერთმანეთს ერწყმის ადმინისტრაციული სამართალი, უძრავი ქონების რეგულაციები, მერიის პრაქტიკა, კერძო სამართალი, სასამართლო მიდგომები და ხშირად განსხვავებული ინტერპრეტაციებიც.
მისი თქმით, სწორედ ამ პრაქტიკამ დაანახა მთავარი პრობლემა: ბაზარზე არსებობდა არა მხოლოდ ცოდნის დეფიციტი, არამედ პრაქტიკის ფრაგმენტულობა.
"ყოველდღიური მუშაობისას ხშირად მიჩნდებოდა კითხვები, რომლებზეც მხოლოდ თეორიული პასუხი საკმარისი არ იყო. საჭირო იყო ცოცხალი პროფესიული დიალოგი იმ ადამიანებს შორის, ვინც სისტემას სხვადასხვა მხრიდან ხედავს. ამიტომ 2021 წელს შევქმენი J&J Training Center სივრცე, სადაც მოსამართლეები, კერძო ადვოკატები და საჯარო სექტორში დასაქმებული პროფესიონალები ერთ სამუშაო მაგიდასთან პრაქტიკას აზიარებენ."
ნინა ამბობს, რომ მისი მიზანი არ ყოფილა კიდევ ერთი ტრენინგ ცენტრის შექმნა. იდეა იყო ისეთი საგანმანათლებლო პლატფორმის ჩამოყალიბება, რომელიც რეალურ პროფესიულ გამოწვევებზე გასცემს პასუხს.
"ჩვენთვის სწავლება არ არის მხოლოდ ინფორმაციის გადაცემა. ეს არის ცოდნის გამჭვირვალე სისტემად ქცევა, სადაც მსმენელი იღებს არა მხოლოდ თეორიას, არამედ ხედავენ, როგორ მუშაობს სამართალი პრაქტიკაში."
ხარისხი, როგორც იდენტობა
J&J Training Center-ის შექმნა ნინა ჯულაყიძისთვის მხოლოდ ბიზნესის დაწყება არ ყოფილა. მისი თქმით, ეს იყო პასუხისმგებლობის აღება სფეროში, სადაც ნდობა, ხარისხი და რეპუტაცია გადამწყვეტია.
"როდესაც ქმნი სივრცეს, რომელმაც პროფესიონალებს ცოდნა, პრაქტიკული ანალიზი და ხედვა უნდა შესთავაზოს, ვეღარ იმალები ზოგადი დაპირებების უკან. შენს სახელთან არის დაკავშირებული ყველაფერი ვის მოიწვევ, რას ასწავლი, რა ხარისხს შექმნი და რამდენად სანდო იქნები."
სწორედ ამ მიდგომის შედეგია, რომ J&J Training Center ფლობს ISO 9001:2015 სტანდარტს და საქართველოში სამართლის მიმართულებით პირველი და ერთადერთი კერძო ტრენინგ ცენტრია, რომელსაც ეს საერთაშორისო ხარისხის მართვის სტანდარტი აქვს.
ნინასთვის ეს მხოლოდ სტატუსი არ არის. ეს არის დადასტურება, რომ ხარისხი, პროცესების მართვა და მსმენელისთვის რეალური ღირებულების შექმნა ცენტრის საქმიანობის საფუძველია.
მთავარი გამოწვევა - ნდობის შექმნა
ნინა ჯულაყიძე ამბობს, რომ ყველაზე დიდი გამოწვევა იმ ფორმატის მიმართ ნდობის დამკვიდრება იყო, რომელსაც თავიდანვე მაღალი სტანდარტი ჰქონდა.
ერთ სივრცეში მოსამართლის, კერძო სექტორის წარმომადგენლისა და საჯარო უწყებაში დასაქმებული პროფესიონალის გაერთიანება მხოლოდ საორგანიზაციო საკითხი არ არის. ეს ნიშნავს პლატფორმის შექმნას, სადაც თითოეული მონაწილე ხედავს აზრს, სანდოობას და ხარისხს.
"მე არ მინდოდა მხოლოდ ღონისძიებების ორგანიზება. მინდოდა პროფესიული აზროვნების კულტურის გაძლიერება."
მეორე დიდი გამოწვევა იყო დროისა და ენერგიის მართვა, აქტიურ იურიდიულ პრაქტიკასა და საგანმანათლებლო ბრენდის შენებას შორის.
"ასეთ დროს ყოველდღიურად გიწევს არჩევანი ხარისხსა და მასშტაბს შორის. მე თავიდანვე ავირჩიე ხარისხი. ვფიქრობ, სწორედ ამ მიდგომამ მომცა შესაძლებლობა, სირთულეები არა დაბრკოლებად, არამედ ზრდის პროცესად მექცია."
ქალი სამშენებლო სამართალში
პროფესიულ გზაზე ნინას გენდერულ სტერეოტიპებთან შეხებაც მოუწია. განსაკუთრებით ისეთ სფეროში, როგორიც სამშენებლო სამართალია. მიმართულება, რომელიც ხშირად ტექნიკურ, მკაცრ და ტრადიციულად "მამაკაცურ" გარემოსთან ასოცირდება.
მისი თქმით, ასეთ რეალობაში ქალს ხშირად უწევს არა მხოლოდ პროფესიული ცოდნის, არამედ საკუთარი სიმყარისა და კომპეტენციის მუდმივად დამტკიცება.
"ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ყურადღება არასდროს გადამეტანა დაბრკოლებაზე და ორიენტირებული შედეგზე ვყოფილიყავი. მჯერა, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში ადამიანს ამკვიდრებს არა სტერეოტიპებთან დაპირისპირების დეკლარაცია, არამედ პროფესიონალიზმი, შრომა და სანდო რეპუტაცია."
ანტრეპრენერობა, როგორც პასუხისმგებლობა
ნინა ჯულაყიძისთვის დამოუკიდებელი ბიზნესის გზა ერთ მნიშვნელოვან ჭეშმარიტებამდე მივიდა, იდეა მხოლოდ დასაწყისია. წარმატებას განსაზღვრავს ყოველდღიური დისციპლინა, სტაბილურობა და ხარისხისადმი ერთგულება.
მისი თქმით, დამწყები ანტრეპრენერისთვის მთავარი კითხვა ასეთია: რას ქმნი და რატომ უნდა ჰქონდეს ამას ფასი სხვებისთვის?
თუ ამ კითხვაზე პასუხი ბუნდოვანია, ბაზარიც ბუნდოვანი რეაქციით პასუხობს. ამიტომ ბიზნესის საფუძველი თავიდანვე ნდობის შენება უნდა იყოს და არა მხოლოდ სწრაფი გაყიდვები.
ქალებსა და გოგონებს, რომლებიც საკუთარი საქმის დაწყებას ფიქრობენ, ნინა ეუბნება:
"შიშის არარსებობა არ არის სიმამაცე. სიმამაცეა იმოქმედო მაშინაც, როცა ყველა პასუხი ჯერ არ გაქვს. ხშირად ქალები საკუთარ თავს იმაზე მეტ კრიტერიუმს უყენებენ, ვიდრე გარემო სთხოვს. არ უნდა დაელოდონ იდეალურ დროს. უნდა დაიწყონ იმ რესურსით, რაც აქვთ მაგრამ მაღალი სტანდარტით და დიდი პასუხისმგებლობით."
მისთვის ანტრეპრენერი არის ადამიანი, რომელიც პრობლემას ხედავს იქ, სადაც სხვები მხოლოდ მოცემულობას ხედავენ და იღებს პასუხისმგებლობას მის გადაწყვეტაზე.
"ანტრეპრენერობა ჩემთვის არ არის მხოლოდ კომპანიის ფლობა ან ფინანსური მოგება. ეს არის ხედვა, ინიციატივა, რისკის აღება და იდეის ღირებულ პროდუქტად ან სერვისად ქცევა. ნამდვილი ანტრეპრენერი ქმნის გავლენას თავის სფეროში, პროფესიულ კულტურაში და ადამიანების გადაწყვეტილებებში."
განვითარების შემდეგი ეტაპი
ნინა ჯულაყიძის ხედვა ორ მიმართულებას აერთიანებს, ერთის მხრივ გააძლიეროს საკუთარი პოზიცია როგორც სამშენებლო სამართლის პრაქტიკოსმა იურისტმა, მეორეს მხრივ კი J&J Training Center ჩამოაყალიბოს როგორც მაღალი სტანდარტის პროფესიული განათლების მყარი პლატფორმა.
ამ ხედვის ფარგლებში მაისში დაგეგმილია 24 საათიანი საავტორო კურსი "სამშენებლო სამართლის ABC", რომელიც რთულ სამართლებრივ საკითხებს სისტემურად და გასაგებ ენაზე მიაწვდის მონაწილეებს.
პარალელურად, ცენტრმა დაიწყო ახალი ფორმატი "სალონურ შეხვედრებს სამართალზე", რომელიც 16 მაისს გაიმართება. ეს არის პროფესიული დისკუსიების სივრცე იურისტებსა და მოქმედ თუ ყოფილ მოსამართლეებს შორის, სადაც კონკრეტული სასამართლო გადაწყვეტილებების განხილვა პრაქტიკის გააზრებად და რეალურ პროფესიულ დიალოგად იქცევა.
J&J Training Center-ისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მსმენელთა კარიერულ განვითარებას. სწორედ ამიტომ ცენტრი აქტიურად ერთვება კარიერულ მხარდაჭერაში, მსმენელებს გაუზიარებს იურიდიულ ვაკანსიებს, პროფესიულ შესაძლებლობებს და დააკავშირებს შესაბამის HR წარმომადგენლებთან.
ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯია თანამშრომლობა ILARIA-სთან. პარტნიორობის ფარგლებში J&J Training Center ჩაერთვება ILARIA-ს HR გუნდის პროფესიულ დატრენინგებაში, ხოლო ILARIA-ს იურიდიული მიმართულების ვაკანსიები და კარიერული შესაძლებლობები ხელმისაწვდომი გახდება J&J-ის მსმენელებისთვის.
"ჩემი მიზანია, J&J Training Center იყოს ადგილი, სადაც ადამიანები მოდიან არა მხოლოდ ცოდნის მისაღებად, არამედ პროფესიული ხედვის გასაძლიერებლად, ანალიტიკური აზროვნების გასავითარებლად და პრაქტიკის უკეთ გასაგებად. მინდა, ჩემი საქმიანობა როგორც იურისტის, ასევე მეწარმის უკავშირდებოდეს ისეთი სივრცეების შექმნას, სადაც ცოდნა რეალურ პროფესიულ ძალად იქცევა."