რას ჰყვება თქვენი გარდერობი თქვენს პერსონალურ ბრენდზე?

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ჩვენ გვაქვს მიდრეკილება, 2 წამში 2 უკიდურესობად შევაფასოთ ადამიანი:

ცუდია – კარგია, ავიყვანოთ - არ ავიყვანოთ, მოვუსმინოთ – არ მოვუსმინოთ, ვენდოთ – არ ვენდოთ, წარმატებულია – ლუზერია.

თქვენი აზრით, ორ წამში რის მიხედვით ვიღებთ ამ გადაწყვეტილებას?

დიახ, ვიზუალური მახასიათებლების მიხედვით.

და ამ ვიზუალური მახასიათებლების მიხედვით, 30 წამში პირველადი შთაბეჭდილება გვექმნება ადამიანზე და დაახლოებით ვადგენთ მის:

  • ასაკს
  • პროფესიას
  • სოციალურ კლასს
  • განათლების დონეს
  • ოჯახურ მდგომარეობას
  • და ჯანმრთელობის მაჩვენებლებსაც კი.

რატომ არის გადამწყვეტი პირველადი შთაბეჭდილება – ამაზე სანამ ვისაუბრებთ,

მოდი ავხსნათ, როგორ მუშაობს ბრენდინგში ვიზუალური იდენტობა.

კორპორაციული ბრენდები იყენებენ შეფუთვას, ლოგოს, ფერებს, დიზაინს, რომ საკუთარი იდენტობა გამოხატონ. ბრენდების ვიზუალი არასდროს არის შემთხვევითად ლამაზი დიზაინი, ვიზუალი ეწყობა ბრენდის სტრატეგიაზე, რათა ვიზუალმაც ზუსტად იგივე ასოციაცია და ემოცია გააჩინოს, რასაც ბრენდები ყველა სხვა საკომუნიკაციო პროგრამებით ცდილობენ.

ე.ი. ვიზუალური ნაწილი ისეთივე მნიშნელოვან როლს ასრულებს კომუნიკაციაში, როგორც სხვა დანარჩენი.

ზუსტად ასევე მუშაობს პერსონალურ ბრენდინგში – რა ფეხსაცმელი გვაცვია, თმა რა სტილზე გვაქვს, რა ფერები ჭარბობს ჩვენს გარდერობში, რა მარკის მანქანას ვმართავთ... ყველაფერი საუბრობს ჩვენზე და ყველაფერი ტოვებს კონკრეტულ ასოციაციასა და აღქმას.

აუცილებლად გაგიჩნდებათ კითხვა და მეტყვით – რომ გამიცნობენ, მერე ხომ მიხვდებიან, რელაურად ვინც ვარ და სწორი ასოციაციებიც გაუჩნდებათ?

ჩემი პასუხია – დიახ, თუმცა თუ ვერ მიხვედით იქამდე და არ მოგეცათ გაცნობის შესაძლებლობა?

ფსიქოლოგიურად ავხსნათ, რა დასკვნები გამოაქვს ტვინს გარეგული მახასიათებლების მიხედვით და როგორ განსაზღვრავს პირველი შთაბეჭდილება მოვლენების შემდგომ განვითარებას?

ფსიქოლოგიაში არსებობს ასეთი ტერმინი – ჰალო ეფექტი.

ჰალო ეფექტი პირველად შემოიღო ფსიქოლოგმა ედვარდ თორნდაიკმა 1920 წელს – ეს არის ტვინის კოგნიტური მიკერძოება, როდესაც ერთი კონკრეტული პოზიტიური შთაბეჭდილება განსაზღვრავს ზოგად წარმოდგენას ადამიანზე.

მაგალითად, თუ ადამიანთან შეხვედრის დროს თქვენ მათთვის სასიამოვნოდ და მიმზიდველად გამოიყურებით, დიდი ალბათობით ის ჩათვლის, რომ თქვენ ამავდროულად ხართ ჭკვიანიც, კეთილიც, ნიჭიერიც, მოხერხებულიც და ა.შ. მიუხედავად იმისა, რომ ამ მახასიათებლებზე მას არანაირი ინფორმაცია აქვს.

ედვარდ თორნდაიკმა დაადგინა, რომ ჩვენი საერთო შთაბეჭდილების შესაქმნელად ყველაზე დიდ გავლენას ფიზიკური მაჩვენებელი განსაზღვრავს (ადამიანზე თუ პროდუქტზე).

შესაბამისად, ჰალო ეფექტის მიხედვით, ზუსტად პირველ წამებში შეიძლება გადაწყდეს თქვენი ბედი მოლაპარაკებებზე, გასაუბრებებზე, შეხვედრებზე და ა.შ.

ამიტომ, სანამ თქვენ არგუმენტები მოგყავთ – "რომ გამიცნობენ, მერე ნახავენ რეალურად ვინც ვარო", – იცოდეთ, რომ თქვენი ბედი მანამდე გადაწყდა, სანამ გაცნობის შანსი მოგეცათ.

აქვე, რა თქმა უნდა, თქვენი ვიზუალური იდენტობა არ შეცვლის იმას, რამდენად პროფესიონალურად ასრულებთ თქვენს სამუშაოს, თუმცა მნიშვნელოვან როლს ითამაშებს გადაწყვეტილების მიღებაში, აგიყვანონ თუ არა ამ საქმის შესასრულებლად.

ეს დაახლოებით იმას ჰგავს, სულ რომ ვამბობთ, წიგნი ყდის მიხედვით არ განვასჯოთო, თუმცა რამდენჯერ მიგიღიათ ყიდვის გადაწყვეტილება სწორედ ყდის მიხედვით?

ეს ბუნებრივი პროცესია, ადამაინები ავტომატურად ვავლებთ ლინკს გარეგნულ მახასიათებელსა და შინაგან მახასიათებლებს შორის.

ძველი რომაელებიც ამას გულისხმობდნენ ალბათ გამოთქმაში: "ჯანმრთელ სხეულში ჯანმრთელი სულიაო".

***

პერსონალურ ბრენდინგში ვიზუალურ იდენტობაზე მუშაობა იწყება მას შემდეგ, რაც თქვენი ბრენდის შინაარსობრივი ნაწილი დამუშავდება, გაიწერება: პოზიციონირება, ღირებულებები, ფასეულობები, ნიშა და ა.შ.

და როცა ზუსტად იცით, რა ასოციაციები გინდათ გამოიწვიოთ აუდიტორიაში, რა გინდათ თქვენზე დაამახსოვრდეთ, შემდეგ გადახედეთ თქვენს გარდერობს:

  • პასუხობს თქვენს სურვილებს?
  • რა ასოციებს ტოვებს თქვენი სტილი?
  • გაქვს რაიმე გამორჩეული სტილი/აქსესუარი, რომელიც გამოიყენება თქვენი იდენტურობისთვის?
  • ტანსაცმელს რომ საუბარი შეეძლოს, რა იტყოდა თქვენზე?

ვიზუალური იდენტობის დამახასიათებელი პერსონებია, მაგალითად:

Larry king – თავისი საკიდრებით,

George w.boush – კოვბოის ჩექმებით,

Jackie Kennedy – ოვერსაიზ სათვალეებით,

Karl Lagerfeld – შავი სათვალით, მაღალი საყელოთი და ხელთათმანებით, ფაქტობრივად, ბრენდის მოსიარულე ლოგო იყო.

Steve Jobs – ტურტლენეკითა და ლივაისის ჯინსებით და ასე უამრავი მაგალითი თქვენც გაგახსენდებათ.

თქვენ რას აირჩევდით თქვენი ბრენდის თრეიდმარკად?

სულ არ არის საჭირო იდეალური სტილი აირჩიოთ, პირიქით, ეს ხელოვნური იქნება, ზუსტად ის სტილი უნდა მოირგოთ, რომელიც თქვენია და პასუხობს თქვენს პერსონალურ ბრენდს.

გახსოვდეთ, რომ ვიზუალი უნივერსალურ ენაზე საუბრობს და სანამ თქვენ ისაუბრებთ საკუთარ თავზე, თქვენმა ვიზუალმა სათქმელი უკვე თქვა!

ანი ციცქიშვილი

ბრენდის კომუნიკაციის სტრატეგი

ბრენდის კომუნიკაციის სტრატეგი