ნდობა, როგორც მთავარი ღირებულება: როგორ აქცია მედეა ლომთათიძემ ოჯახური თავგადასავალი 70 000 გამომწერის მქონე ციფრულ ბრენდად ინტერვიუ სამოგზაურო ბლოგის – @trav_four.fam-ის დამფუძნებელთან, რომელმაც ერთ წელზე ოდნავ მეტ დროში ვირუსული ნახვები რეალურ, ლოიალურ აუდიტორიად აქცია

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ქართული კონტენტკრეატორების ინდუსტრია სწრაფი ტემპით იზრდება, თუმცა ბაზრის მთავარ გამოწვევად კვლავ აუდიტორიის ნდობის მოპოვება და შენარჩუნება რჩება. იმ პირობებში, როდესაც მხოლოდ "ვირუსული" ნახვები აღარაფერს ნიშნავს, გრძელვადიან წარმატებას ის კრეატორები აღწევენ, რომლებიც აქცენტს კონტენტის ხარისხსა და პრაქტიკულ ღირებულებაზე აკეთებენ.

ჩვენი დღევანდელი რესპონდენტი სწორედ იმ ახალი ტალღის წარმომადგენელია, რომელმაც ინსტაგრამსა და ფეისბუქზე ერთ წელზე ოდნავ მეტ დროში მოახერხა მყარი, 70 000-იანი ლოიალური აუდიტორიის შემოკრება. Full-time კრეატორობის რისკები, ბრენდებთან ეთიკური თანამშრომლობის პრინციპები, ხელოვნური

ინტელექტის როლი მოგზაურობის დაგეგმვაში და ბალანსი სარეკლამო კონტენტსა და ავთენტიკურობას შორის – ინტერვიუში წაიკითხავთ, როგორ აქცია ერთმა ოჯახმა საკუთარი ცხოვრების სტილი და ბავშვებთან ერთად მოგზაურობის გამოცდილება წარმატებულ ციფრულ ბრენდად.

"რადგან მოგზაურობა (შემდეგ უკვე ბავშვებთან ერთად მოგზაურობა) დიდი ხანია ჩვენი ცხოვრების ნაწილია, იდეაც სრულიად ბუნებრივად გაჩნდა. თავიდან უფრო პირადი ფოტოდღიური იყო, სადაც ჩვენს შთაბეჭდილებებსა და მოგონებებს ოჯახის წევრებსა და მეგობრებს ვუზიარებდით.

სწორედ ერთ-ერთ მეგობრულ შეკრებაზე გაჩნდა კითხვა რატომ არ უნდა გაგვეზიარებინა ეს გამოცდილება უფრო ფართო საზოგადოებისთვისაც, მითუმეტეს როდესაც ოჯახური მოგზაურობების შესახებ ქართულად ძალიან ცოტა ინფორმაცია არსებობდა და უცებ გადავწყვიტეთ გვეცადა.

ჩემი აუდიტორია ძირითადად მოგზაურობით დაინტერესებული ადამიანები არიან საქართველოდან და ახალგაზრდა მშობლები, რომელთათვისაც ბავშვებთან ერთად მოგზაურობა საინტერესოა. ასევე უცხოეთში მცხოვრები ქართველები, რადგანაც ჩვენც საზღვარგარეთ ვცხოვრობთ და ჩვენს ყოველდღიურობას ადევნებენ თვალს.

1 წელზე ცოტა მეტია რაც დავიწყე აქტიურობა და უკვე 70 000-მდე გამომწერი დამიგროვდა ინსტაგრამსა და Facebook-ზე, რაც ვფიქრობ, დიდი მოტივაციაა ჩემთვის. თავიდან უფრო პასიურია აუდიტორია, დროსთან ერთად ემოციური კავშირიც მყარდება და ვფიქრობ, საკმაოდ აქტიური გამომწერები მყავს, მილიონობით ნახვა კარგია, თუმცა ბევრად სასიამოვნო და მნიშვნელოვანია შეტყობინებები, როგორ იმოგზაურეს ჩემი რჩევით, მიიღეს სხვადასხვა გადაწყვეტილება ან კიდევ ადამიანები, რომლებიც ქუჩაში გხვდებიან, უხარიათ ჩვენი ნახვა და გვეუბნებიან, რომ მათთვის ინსპირაცია ვართ", - Entrepreneur-თან საუბარში აღნიშნავს @trav_four.fam-ის იდეის ავტორი,მედეა ლომთათიძე.

კამერასთან აბსოლუტური თავისუფლების მოპოვება და საკუთარი ოჯახური ყოველდღიურობის სხვისთვის გასაგებ, საინტერესო ენაზე თარგმნა – ეს არის შემოქმედებითი პროცესის ის უხილავი მხარე, რომელიც მაყურებლისთვის ხშირად შეუმჩნეველი რჩება. როდესაც მედეა ლომთათიძემ მეგობრების რჩევით იდეის საჯარო სივრცეში გადმოტანა გადაწყვიტა, მთავარი ამოცანა არა საინტერესო მარშრუტების პოვნა, არამედ საკუთარ თავთან ბალანსის პოვნა აღმოჩნდა, რომელიც პირად ცხოვრებასა და აუდიტორიის წინაშე პასუხისმგებლობას ერთმანეთთან შეათავსებდა.

"საწყის ეტაპზე ყველაზე რთული კამერასთან თავისუფლად ყოფნა იყო, – იხსენებს მედეა, – ასევე დიდი გამოწვევა აღმოჩნდა მოგზაურობის, ოჯახის ყოველდღიურობის და კონტენტის შექმნის ერთმანეთთან შეთავსება, განსაკუთრებით ბავშვებთან ერთად მოგზაურობის დროს. მაგრამ ვინაიდან მაქსიმალურად ბუნებრივ მდგომარეობას გადმოვცემთ, ნელ-ნელა თავდაჯერებულობაც მოგვემატა. ჩვენი პერსონალური ბრენდის ძირითადი ღირებულებები სანდოობა და პრაქტიკული ღირებულებაა. არასოდეს ვცდილობთ იდეალური სურათის შექმნას ვაჩვენებთ როგორც ლამაზ, ისე რეალურ მხარეს. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ადამიანი ჩვენი კონტენტის ნახვის შემდეგ უკეთ ინფორმირებული იყოს და ნამდვილი გამოცდილება აღიქვას".

ამგვარი მიდგომა განსაზღვრავს ახალი იდეებისა და შთაგონების დაბადების ადგილსაც. აქ არ არსებობს წინასწარ დაწერილი მშრალი სცენარები; თითოეული კადრი უშუალოდ გზაში, უცნობი ქუჩების, ახალი კულტურებისა და იმ უცაბედი ემოციების აღმოჩენისას იქმნება, რომლებსაც ავტორი ჯერ თავად განიცდის და მხოლოდ ამის შემდეგ უზიარებს სხვებს.

"ძალიან მიყვარს სხვადასხვა ქვეყანაში განსაკუთრებული ადგილების აღმოჩენა. ნახვის დროს, თუ მართლაც ისეთი შთამბეჭდავია, როგორიც წარმომედგინა, ვფიქრობ, სხვებსაც დააინტერესებთ. ვცდილობთ, თითოეული მოგზაურობა ისე გადმოვცეთ, როგორც რეალურად განვიცდით გულწრფელად, ემოციურად და მარტივად. რაც მთავარია, პარალელურად ვაჩვენებთ, რომ ბავშვებთან ერთად მოგზაურობა არა დაბრკოლება, არამედ შესაძლებლობაა", – განმარტავენ @trav_four.fam-ში.

როგორც თავად მედეა გვიყვება, ნებისმიერი საქმის დასაწყისს, რომელსაც მყისიერი აღიარება არ მოაქვს, გარკვეული იმედგაცრუებები ყოველთვის ახლავს. ციფრული კონტენტის შექმნა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ის მოგზაურობისა და ოჯახური ლოგისტიკის პარალელურად ხდება, ხშირად მოითხოვს იმაზე მეტ ემოციურ რესურსს, ვიდრე ეს გარედან ჩანს. თუმცა, პირველივე ბარიერის დროს უკან არდახევა და პროცესის მიმართ ინტერესის შენარჩუნება სწორედ ის თვისებაა, რომელიც შემთხვევით წამოწყებას გრძელვადიან პროექტად აქცევს.

"ზოგადად, არ მიყვარს ხოლმე დაწყებულ საქმეზე სწრაფად ხელის ჩაქნევა, – აღნიშნავს მედეა, ეს თვისება დამეხმარა იმაში, რომ თავიდან იმედგაცრუებისთვის სხვა თვალით შემეხედა და კიდევ ბევრჯერ მეცადა".

ეს შეუპოვრობა ბევრად უფრო მარტივად რეალიზებადია, როდესაც კრეატორის უკან არა უბრალოდ ტექნიკური ასისტენტები, არამედ საერთო ინტერესების მქონე იდეური გუნდი დგას. მედეას შემთხვევაში ეს გუნდი თავად მისი ოჯახია, სადაც ფუნქციები და მოვალეობები წინასწარ გაწერილი გეგმების გარეშე, სრულიად ორგანულად არის გადანაწილებული.

"ჩემი გვერდის უკან ვდგავართ მე იდეების ავტორი, ჩემი მეუღლე, რომელიც უდიდესი მხარდამჭერია ჩემი ყველა წამოწყების და ამავდროულად არის ფოტო-ვიდეოგრაფიც, და ჩვენი ორი მოუსვენარი და მოგზაურობაზე ჩვენსავით შეყვარებული ბიჭი, რომლებიც ბუნებრივად კადრებს გვილამაზებენ. ვფიქრობ, ოჯახური დინამიკა და რეალური კადრები არის ის, რაც ჩვენს კონტენტს გამორჩეულს ხდის", – აღნიშნავს კონტენტ კრეატორი.

როდესაც ციფრული პლატფორმა იზრდება, ის ბუნებრივად იქცევა კომერციული ინტერესის საგნად. თუმცა, გარედან დანახული "ლამაზი კადრები" და მუდმივი მოგზაურობის შთაბეჭდილება ხშირად მალავს იმ რისკებსა და არასტაბილურობას, რაც ამ სფეროს ახლავს. სრულ განაკვეთზე (Full-time) კონტენტის შექმნა ბევრისთვის საოცნებო საქმიანობაა, თუმცა რეალობა ბევრად უფრო კომპლექსურია, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს.

"გარედან ხშირად ლამაზ კადრებს ვხედავთ და ჩვენს შემთხვევაში ბევრ მოგზაურობას, თუმცა, ჩემი აზრით, რეალურად ეს საკმაოდ არასტაბილური სფეროა, შემოსავალი ყოველთვის პროგნოზირებადი არ არის და დიდწილად დამოკიდებულია პლატფორმების ცვლილებაზე, სეზონურობაზე, პარტნიორობებზე. ასევე, რადგანაც მე თვითონ მხოლოდ ერთ წელზე ცოტა მეტია აქტიურად დავიწყე კონტენტის შექმნა, ხანგრძლივ პერსპექტივაზე საუბარი ცოტა მიჭირს".

ამ არასტაბილურ გარემოში კრეატორისთვის ყველაზე მყარ ვალუტად მაინც საკუთარი აუდიტორიის ნდობა რჩება. როდესაც შემოთავაზებების რაოდენობა იზრდება, ჩნდება მთავარი დილემაც: როგორ აქციო გვერდი შემოსავლის წყაროდ ისე, რომ არ დაკარგო ის მთავარი, რის გამოც ადამიანებმა გამოწერა გადაწყვიტეს. მედეას ამ კითხვაზე მარტივი, თუმცა ძალიან მკაცრი შინაგანი ფილტრი აქვს, რაც ფინანსურად მოგებიან, მაგრამ რეპუტაციულად შეუსაბამო პროექტებზე უარის თქმას გულისხმობს.

"ჩემთვის მთავარი კითხვა ყოველთვის ისაა, გამოვიყენებდი თუ არა ამა თუ იმ პროდუქტს ან სერვისს მაშინაც, თუ რეკლამას არ გავაკეთებდი? დღეს უკვე საკმაოდ ბევრი შემოთავაზება მოდის, თუმცა ჩემი აუდიტორიის ნდობას, რაც ვფიქრობ, მცირე დროში მოვიპოვე, ძალიან დიდი სიფრთხილით ვეკიდები. თუ ეს ნდობა ერთხელ დაიკარგა, მისი დაბრუნება ძალიან რთულია. ამას ემატება ჩემი პრინციპებიც და საბოლოოდ ვარჩევ ისეთ პარტნიორებს, რომლებიც ბუნებრივად ესადაგებიან ჩვენს ცხოვრებას, მოგზაურობას ან საზღვარგარეთ ცხოვრების გამოცდილებას", – განმარტავს რესპონდენტი.

ეს პრინციპი პირდაპირ აისახება იმაზეც, თუ როგორ მიეწოდება სარეკლამო კონტენტი მაყურებელს. ხელოვნური, თავს მოხვეული სარეკლამო პაუზები ხშირად გაღიზიანებას იწვევს, ამიტომ წარმატების ფორმულა აქაც ბუნებრიობაშია – პროდუქტი თუ სერვისი ისტორიის ნაწილი უნდა გახდეს და არა მოწოდება ყიდვისკენ.

"ვფიქრობ, აუდიტორიას უფრო ხელოვნური რეკლამა აღიზიანებს. თუ რომელიმე სერვისს ვიყენებ მოგზაურობისას, ვაჩვენებ სწორედ იმ დროს, როდესაც ის რეალურად საჭიროა. ჩემი მიზანი არასოდეს ყოფილა პროდუქტის გაყიდვა ნებისმიერ ფასად. უფრო მნიშვნელოვანია ვაჩვენო, როგორ წყვეტს ის რეალურ პრობლემას. როდესაც რეკლამა ბუნებრივად არის ინტეგრირებული ისტორიაში, აუდიტორია მას ბევრად უკეთ იღებს და უფრო მეტ ნდობასაც ამყარებს, როგორც ბრენდის, ისე კონტენტის შემქმნელის მიმართ. რაც შეეხება შემოსავლების გადანაწილებას პლატფორმების მიხედვით, ჩემი გამოცდილებით, ეს ინსტაგრამზე ჩართულობით უფრო ხდება.

კონტენტის წარმოების ყოველდღიური ზრდა და მზარდი კონკურენცია ქართულ რეალობაში სრულიად ახალ გამოწვევებს აჩენს. დღეს, როდესაც ტექნიკური ხელმისაწვდომობა ყველას აქვს, ბაზარზე გადამწყვეტი ბრძოლა არა მომენტალური ყურადღების, არამედ გრძელვადიანი ლოიალობის მოსაპოვებლად მიმდინარეობს.

რესპონდენტის განმარტებით, ქართული ბაზრის მთავარი გამოწვევა დღეს ნდობის შენარჩუნებაა. კონტენტის რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება, კონკურენციაც სულ უფრო მაღალი ხდება და აუდიტორიის გაკვირვება მარტივი არ არის. ამ პირობებში ყველაზე მნიშვნელოვანი ხდება არა მხოლოდ ყურადღების მოპოვება, არამედ მისი შენარჩუნება. სწორედ ამიტომ, გრძელვადიან პერსპექტივაში ხარისხი და სანდოობა ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ერთი ვირუსული ვიდეო.

ქართული ციფრული ბაზრის ევოლუცია პირდაპირ აისახება ბრენდებისა და კრეატორების ურთიერთობაზეც. ინდუსტრია ეტაპობრივად ტოვებს ქაოსურ ფაზას და უფრო სტრუქტურირებულ, გრძელვადიან გათვლებზე ორიენტირებულ გარემოდ ყალიბდება. ამ პროცესში ვიწრო ნიშებისა და კონკრეტული მიმართულებების სწორად შერჩევა გადამწყვეტი ხდება.

"კონტენტკრეატორების ინდუსტრია საქართველოში უფრო და უფრო პროფესიული და ორგანიზებული ხდება, – აღნიშნავს მედეა, სავარაუდოდ, მომავალში ბრენდები უფრო გააზრებულად შეარჩევენ სასურველ პარტნიორებს, რადგანაც არჩევანი იზრდება და კრეატორებიც უფრო მეტად კონკრეტულ აუდიტორიებსა და ნიშებს ფარავენ. ამ დროს ბრენდისთვისაც უფრო ეფექტური იქნება მათი სერვისების და პროდუქტებისთვის შესაბამისი კონტენტკრეატორების შეჩევა".

ვინაიდან მოგზაურობა, როგორც თემატიკა, თავისი არსით უნივერსალურია და მასზე შექმნილ კონტენტს გლობალური ინტერესის გაჩენა შეუძლია, ბუნებრივად იბადება კითხვა – რამდენად რეალურია ქართული ციფრული პროდუქტის საერთაშორისო ასპარეზზე გატანა. თუმცა, აქ საქმე გვაქვს რესურსების პრაგმატულ გადანაწილებასთან, სადაც ხარისხის შენარჩუნება მთავარი პრიორიტეტია.

"მიფიქრია ამ საკითხზეც, რადგანაც ჩვენი თემა მოგზაურობა უნივერსალურია და საინტერესო უნდა იყოს, თუმცა ქართული აუდიტორიისთვის შექმნილი კონტენტი ბუნებრივად ქართულ ენაზეა ამორგებული. უცხოენოვანი კონტენტი დამატებით დროსა და რესურსს მოითხოვს, რასაც ამჯერად ვერ გავწვდებით", – ამატებს მედეა.

ციფრულ სივრცეში გადარჩენისა და ზრდისთვის აუცილებელია იმ მიმდინარე ტრენდების შეგრძნებაც, რომლებიც ყოველდღიურად იცვლება. დღეს პლატფორმები მკაცრად ფილტრავენ ხელოვნურობას და უპირატესობას ანიჭებენ დინამიკას, სადაც მაყურებელი ილუზიის ნაცვლად საკუთარ თავსა და ყოველდღიურობას ხედავს.

"ყველაზე მეტად მუშაობს ბუნებრივი, ემოციური და რეალური კონტენტი ისეთი ვიდეოები, სადაც ადამიანები საკუთარ თავს ხედავენ. Reels-ები, რომლებიც პირველივე წამებში იპყრობს ყურადღებას; უფრო დაუგეგმავი მომენტები და სასარგებლო ინფორმაცია: რჩევები, ბიუჯეტი, ლოკაციები, გამოცდილება. ნაკლებად მუშაობს ძალიან დადგმული და არაბუნებრივი ვიდეოები, ასევე ტრენდების ბრმად გამეორება, როდესაც კონტენტი ავტორის სტილს არ ერგება", – აღნიშნავს კონტენტკრეატორი.

ამ რეალობის პარალელურად იცვლება წარმატების საზომი კრიტერიუმებიც. თუ წლების წინ მთავარ ორიენტირად მხოლოდ ციფრული პოპულარობა და ნახვების რაოდენობა მიიჩნეოდა, დღეს წამყვანი კრეატორები ყურადღებას ბევრად უფრო სიღრმისეულ მეტრიკებზე ამახვილებენ.

"დასაწყისში ნახვებს ვუყურებდი აქტიურად, დღეს კი ვიცი, რომ მილიონი ნახვაც კი ყოველთვის წარმატებას არ ნიშნავს. ჩემთვის ყველაზე საინტერესო მეტრიკებია: გადაგზავნები, შენახვები და კომენტარები. ეს ნიშნავს, რომ ადამიანმა კონტენტი უბრალოდ კი არ ნახა, არამედ ის საკმარისად ღირებული აღმოჩნდა საიმისოდ, რომ სხვებისთვისაც გაეზიარებინა ან მომავალში დასაბრუნებლად შეინახა", – განმარტავს რესპონდენტი.

ტექნოლოგიური პროგრესი, კერძოდ ხელოვნური ინტელექტი (AI), შემოქმედებით ინდუსტრიაშიც იკავებს ადგილს. კრეატორები მას სულ უფრო ხშირად იყენებენ რუტინული პროცესების ოპტიმიზაციისთვის, თუმცა, ტექნოლოგიური დახმარების მიუხედავად, ციფრული სამყაროს მთავარ ბირთვად კვლავ უნიკალური, შეუცვლელი ადამიანური ხედვა რჩება.

"AI ინსტრუმენტებს ვიყენებ, განსაკუთრებით მოგზაურობის დაგეგმვისას, საინტერესო ადგილების საპოვნელად, იდეების გენერირებაშიც გამომიყენებია. ვფიქრობ, ხელოვნური ინტელექტი კონტენტკრეატორების საქმიანობას შეცვლის იმ მხრივ, რომ ანალიტიკა და კონტენტის პერსონალიზაცია გაცილებით მარტივი გახდება. მაგრამ, ჩემი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც ადამიანის ხედვა და გამოცდილებაა. AI-ს შეუძლია დაგეხმაროს კონტენტის შექმნაში, მაგრამ ვერ ჩაანაცვლებს რეალურ გამოცდილებას, ხედვებს, მოგზაურობისას განცდილ ემოციებსა და ისტორიებს", – აცხადებს კონტენტკრეატორი.

საბოლოო ჯამში, გრძელვადიანი წარმატების ფორმულა საკუთარი იდენტობის შენარჩუნებასა და საქმისადმი ნამდვილ, გულწრფელ ინტერესში მდგომარეობს – ეს არის ერთადერთი გზა, რომელიც კრეატორს ციფრული ხმაურის ფონზე საკუთარი ხმის პოვნაში ეხმარება.

"დამწყებ კონტენტკრეატორებს ვურჩევდი, არ შეადარონ საკუთარი თავი სხვა კრეატორებს და იპოვონ ის თემა, რაც მართლა აინტერესებთ და რის შესახებაც შეეძლებათ ხანგრძლივ პერსპექტივაში გაუზიარონ გამოცდილება მათ აუდიტორიას", – განმარტავს მედეა.

ელენე ლომსაძე

Entrepreneur Staff

ჟურნალისტი

Bits & Pretzels-ის Community Lead შტუტგარტში, Steinbeis School of International Business and Entrepreneurship (SIBE)-ის ინოვაციებისა და საერთაშორისო პროექტების გუნდის წევრი.