MOORE: გლობალური სტრატეგიული პარტნიორი
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
2008 წელს ქართულ ბაზარზე ოპერირება დაიწყო კომპანიამ, რომელმაც მიზნად დაისახა არა უბრალოდ ფინანსური სერვისების მიწოდება, არამედ ლოკალური და საერთაშორისო ბიზნესებისთვის საიმედო, გრძელვადიანი და სტრატეგიული პარტნიორობის გაწევა. დღეს Moore ქვეყანაში ერთ-ერთი წამყვანი აუდიტორული და საკონსულტაციო ფირმაა, რომელიც მომხმარებელს საბუღალტრო და საგადასახადო აღრიცხვა-ანგარიშგების, ქონების შეფასების, აუდიტისა და სხვა დაკავშირებული პროფესიული მომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს.
როგორც ლონდონში 1907 წელს დაფუძნებული აუდიტორული და საკონსულტაციო ფირმების გლობალური ქსელის, Moore Global Network Limited-ის დამოუკიდებელი წევრი, Moore უნიკალურ სინერგიას ქმნის: მას ქართულ ბაზარზე შემოაქვს საერთაშორისო მასშტაბის ცოდნა და გამოცდილება, რომელსაც იდეალურად უთავსებს ადგილობრივი ბიზნესგარემოს სპეციფიკას. გლობალური ქსელი დღეს 119 ქვეყანაში 563 ოფისსა და 37 000-ზე მეტ თანამშრომელს აერთიანებს, ხოლო მისი საერთო შემოსავალი 5 მილიარსდ აშშ დოლარს აჭარბებს.
კომპანიის ფილოსოფია ეფუძნება ოთხ ერთგვარ ქვაკუთხედს, რომელიც Moore Global-ის დნმ-ის ნაწილია და და მისი კორპორაციული კულტურის ცენტრში დგას:
- ზრუნვა (Care): ისინი გულწრფელად ზრუნავენ იმაზე, რასაც აკეთებენ და ადამიანებზე. ხარისხი მათი ზრუნვის მთავარი გამოხატულებაა ყოველდღიურ საქმიანობაში.
- ენთუზიაზმი (Passion): მათ კარგად ესმით ის გზა, რომელსაც კლიენტები გადიან ბიზნესში, რადგან ამ პროცესს მათთან ერთად იზიარებენ. მათი ჩართულობა ყოველთვის სცდება უბრალო პარტნიორისას.
- წვდომა (Access): ისინი უზრუნველყოფენ პირდაპირ წვდომას დარგის საუკეთესო ექსპერტებთან საჭიროებისამებრ.
- ერთობა (Community): მათ აქვთ ადგილობრივი ბაზრის სიღრმისეული ცოდნა და ამავდროულად თითოეულ კლიენტს აკავშირებენ გლობალურ საერთაშორისო ქსელთან, რაც ქმნის ერთიან პროფესიულ ეკოსისტემას.
ამ წარმატების მიღმა დგას მაღალმოტივირებული პროფესიონალების გუნდი, რომელიც კომპანიის ფილოსოფიასა და ყოველდღიურ საქმიანობას წარმართავს. კომპანიის საწყისებზე საუბრისას Moore-ის პარტნიორი, სოფო აბაიაძე იხსენებს, რომ მთავარი ბიძგი სწორედ ბაზარზე არსებული ვაკუუმის შევსება იყო.
"მთავარი ინსპირაცია იყო საჭიროება ადგილობრივ ბაზარზე, რომ კომპანიებს სხვადასხვა მიმართულებით ჰყოლოდათ ერთი ძლიერი, მრავალპროფილური პარტნიორი. საწყის ეტაპზევე ჩვენ წინაშე დადგა უმთავრესი გამოწვევა – ხარისხიანი მომსახურების შენარჩუნება და მუდმივად გაუმჯობესებაზე ზრუნვა. ჩვენს სფეროში ხარისხის მოპოვება და, მითუმეტეს, მისი სტაბილურად შენარჩუნება საკმაოდ რთული პროცესია".
სოფოს აქვს 17-წლიანი სამუშაო გამოცდილება აუდიტისა და მარწმუნებელი მომსახურებების მიმართულებით ისეთ მრავალფეროვან სექტორებში, როგორიცაა საბანკო-საფინანსო, სადაზღვევო, სატრანსპორტო, წარმოება, საცალო ვაჭრობა, კომუნიკაციები, სოფლის მეურნეობა, ასევე საჯარო და არასამთავრობო სექტორები. "კავკასიის უნივერსიტეტის" ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრის ხარისხის მიღების შემდგომ, მან განათლება პარიზში, IAE Gustave Eiffel École de Management-ის საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამაზე გააღრმავა. მუდმივად მიისწრაფვის კლიენტებისთვის მაღალი ხარისხის აუდიტორული და საკონსულტაციო მომსახურების მიწოდებაზე და მუდამ ორიენტირებულია შედეგებზე.
სოფო ხაზს უსვამს, რომ Moore-ში ხარისხის კონტროლი რამდენიმე დონეზე მიმდინარეობს, რაც მომხმარებლისთვის უპირობო გარანტიას ქმნის:
"ჩვენ მუდმივად ვზრუნავთ ხარისხის გაუმჯობესებაზე. პერიოდულ შემოწმებებს გავდივართ როგორც საერთაშორისო ქსელის, ასევე საქართველოში სახელმწიფოს მხრიდანაც. Moore-სთვის ხარისხზე კომპრომისი და დათმობა გამორიცხულია – ის უპირობოდ უმაღლესი უნდა იყოს ყველა მიმართულებით. ამის კიდევ ერთი ოფიციალური დასტურია ჩვენი ISO 9001:2015 სერტიფიცირება.
მეორე მნიშვნელოვანი გამოწვევა მუდმივი სიახლეებია. ჩვენს სფეროში კანონმდებლობა, როგორც ფინანსური, ისე საგადასახადო მიმართულებით, მუდმივად იცვლება. ჩვენი ამოცანაა, ავუწყოთ ფეხი ამ ტემპს, რათა კლიენტებს სტრატეგიის დროულ ცვლილებებსა და სწორ გადაწყვეტილებების მიღებაში დავეხმაროთ".
Moore-ის ფილოსოფია ბევრად სცილდება სტანდარტული ფინანსური მომსახურების ჩარჩოებს. კომპანიის პარტნიორი და აუთსორსინგის განყოფილების ხელმძღვანელი, თეონა აბდუშელიშვილი აღნიშნავს, რომ მათი გუნდის მთავარი მამოძრავებელი ძალა უფრო მასშტაბური მისიაა.
"ჩვენ მხოლოდ საკუთარ კომპანიაზე არ ვკონცენტრირდებით. Moore-ის მთავარი საზრისი და მიზანი კლიენტების წარმატებაში წვლილის შეტანა და, საბოლოო ჯამში, ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაა. ჩვენს საქმეს უმაღლეს დონეზე ვაკეთებთ: იქნება ეს ანალიტიკა, ზუსტი ფინანსური მონაცემების მიწოდება-დადასტურება თუ შემდგომი სტრატეგიული რეკომენდაციების გაცემა. სწორედ ეს ეხმარება ბიზნესს სტრატეგიული ნაბიჯების გადადგმაში. როდესაც ჩვენი კლიენტები წარმატებას აღწევენ, ეს ავტომატურად ზრდის ქვეყნის ეკონომიკას და ეს სიკეთე ერთგვარად უკანვე გვიბრუნდება. ჩვენ არ ვართ უბრალოდ ბუღალტრები ან აუდიტორები – ჩვენი მისიაა, დავეხმაროთ თითოეულ ბიზნესს წინსვლაში, ხოლო ქვეყანას – გაძლიერებაში".
თეონა Moore-ის პარტნიორია 2019 წლის 1 დეკემბრიდან და წარმატებით უძღვება აუთსორსინგის მიმართულებას. ფლობს "თავისუფალი უნივერსიტეტის" მაგისტრის ხარისხს (MBA), არის სერტიფიცირებული ბუღალტერი (ACCA, CPA) და აქვს ფინანსების სფეროში მუშაობის 18-წლიანი მდიდარი გამოცდილება. თეონა სიღრმისეულად იცნობს როგორც ფინანსურ აღრიცხვასა და საგადასახადო კანონმდებლობას, ისე თანამედროვე საბუღალტრო პროგრამებსა და ERP სისტემებს.
Moore ABC-ში ხარისხის კონტროლისა და მისი შენარჩუნების შესახებ თეონა ამბობს:
"ხარისხის კუთხით, ISO 9001:2015 სტანდარტის შესაბამისად, ჩვენ გვაქვს უაღრესად დახვეწილი შიდა კონტროლის მექანიზმები. თუმცა, ჩვენი ყველაზე დიდი უპირატესობა კონკურენტებთან მიმართებით არის ის, თუ როგორ ვზრუნავთ ჩვენს კლიენტებზე. მაქსიმალურად ღრმად ვეძიებით მათ პრობლემებს და მათი გამოწვევა ჩვენი გამოწვევაც ხდება. Moore-სთვის ხარისხი, ზრუნვა და შედეგი თანაბრად მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ არის ჩვენი თითოეული კლიენტი წარმატებული: ზოგიერთმა ბიზნესმა ზრდისა და განვითარების გზა ჩვენთან ერთად გაიარა, ხოლო უკვე წარმატებულმა კომპანიებმა ჩვენი მხარდაჭერით კიდევ უფრო გააფართოეს საქმიანობა და ახალ მასშტაბებს მიაღწიეს. ეს პარტნიორობა და მათგან მიღებული უკუკავშირი ჩვენი უდიდესი სიამაყეა".
ბიზნესის მდგრადობისა და სანდოობის ყველაზე ობიექტური ინდიკატორი კლიენტების ერთგულებაა. თითქმის ორი ათწლეულის განმავლობაში Moore-მა შეძლო ბაზარზე უპრეცედენტო ლოიალობის მოპოვება.
"ის ფაქტი, რომ კლიენტები ჩვენთან თანამშრომლობას წლების განმავლობაში აგრძელებენ, ჩვენთვის დიდი მოტივაციაა. კმაყოფილი კლიენტები თავადვე გვიწევენ რეკომენდაციას თავიანთ პარტნიორებსა და მეგობრებთან ბიზნესსექტორში. ეს არის ჩვენი მუშაობის ხარისხის ყველაზე დიდი აღიარება".
სერვისების სრული სპექტრი მზარდი ბიზნესისთვის
Moore-ის წარმატების საიდუმლო მის მაღალმოტივირებულ გუნდშია, რომელიც კლიენტ ორგანიზაციებს სთავაზობს უმაღლესი სტანდარტის სერვისებს შემდეგი მიმართულებებით:
- აუდიტი და მარწმუნებელი გარიგებები: ფინანსური გამჭვირვალობისა და რისკების მინიმიზაციის გარანტია.
- საშემფასებლო მომსახურება: უძრავი და მოძრავი ქონების შეფასება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.
- საგადასახადო და იურიდიული მომსახურება: ოპტიმალური საგადასახადო სტრატეგიების შემუშავება და სამართლებრივი მხარდაჭერა.
- საბუღალტრო მომსახურება: ფინანსური აღრიცხვის და საგადასახადო დეკლარირების სრული ციკლის მართვა თანამედროვე პროგრამული უზრუნველყოფით.
- საკონსულტაციო მომსახურება: მათ შორის ESG (გარემო, სოციალური და მმართველობითი სტანდარტები) მიმართულები.
გლობალური ხედვა, ლოკალური ბაზრის დეტალური ცოდნა, ურყევი ფასეულობები და კლიენტის ბიზნესზე ისე ზრუნვა, როგორც საკუთარზე – ეს არის ფორმულა, რომლითაც Moore უკვე 18 წელია ქართულ ბიზნესლანდშაფტს აძლიერებს და სამომავლოდაც ახალ სტანდარტებს აწესებს.
კომპანიაში ამბობენ, რომ დინამიკურ ბიზნესგარემოში გადარჩენისა და ზრდისთვის მხოლოდ ტრადიციული ფინანსური სერვისები საკმარისი აღარ არის. თანამედროვე ბიზნესებს სჭირდებათ მოქნილობა, სტრატეგიული ხედვა და მაღალი კვალიფიკაციის ექსპერტიზა, რაც ხშირად დიდ ფინანსურ რესურსებთან არის დაკავშირებული. ბაზრის ამ მოთხოვნას Moore ინოვაციური მიდგომებითა და ახალი სერვისების დანერგვით პასუხობს.
როგორც თეონა აბდუშელიშვილი აღნიშნავს, ახალი მიმართულებების ათვისება Moore-ისთვის სტრატეგიული პასუხიცაა ბაზრის ევოლუციაზე.
"ჩვენ მუდმივად ვითვალისწინებთ ჩვენი კლიენტების საჭიროებებს და სწრაფად ვრეაგირებთ ბაზრის ცვლილებებზე. ახალი მომსახურებები Moore-სთვის სტრატეგიული ნაბიჯია თანამედროვე მოთხოვნებთან შესაბამისობისკენ. სწორედ ასე გაჩნდა CFO აუთსორსინგის სერვისი (ე.წ Floating CFO), რომელიც კომპანია SavvY–თან კოლაბორაციით შევქმენით. ეს არის პირდაპირი პასუხი საქართველოში კვალიფიციურ ფინანსურ მენეჯმენტთან დაკავშირებულ დეფიციტსა და მოთხოვნაზე".
მცირე და საშუალო ზომის კომპანიებისთვის უმაღლესი კლასის ფინანსური დირექტორის სრულ განაკვეთზე აყვანა ხშირად ფუფუნებაა. ამის გამო მათ უჭირთ ისეთი მნიშვნელოვანი პროცესების მართვა, როგორიცაა სიღრმისეული ანალიტიკა, ბიუჯეტირება, ფინანსური რისკების შეფასება და საგადასახადო დაგეგმარება. Moore-ის CFO აუთსორსინგი ბიზნესებს აძლევს შესაძლებლობას, შედარებით ნაკლები დანახარჯით მიიღონ უმაღლესი დონის ექსპერტიზა.
თეონა ხაზს უსვამს, რომ მათი "Floating CFO" მკვეთრად განსხვავდება არსებული ანალოგებისგან:
"ჩვენი მიდგომა გაცილებით უფრო ღრმა და კომპლექსურია. SavvY-ს აქვს მნიშვნელოვანი გამოცდილება ანალიტიკის, ბაზრის კვლევისა და სტრატეგიული ფინანსების მიმართულებით, ხოლო ჩვენი ძლიერი მხარე ფინანსური აღრიცხვის მონიტორინგი, საგადასახადო კანონმდებლობასთან შესაბამისობის კონტროლი და რეპორტინგია.
ერთობლივი სერვისი აერთიანებს მომსახურების სრულ სპექტრს – იმ კომპეტენციებს, რომელთა სრულყოფილად ფლობა ერთ ადამიანისთვის პრაქტიკულად შეუძლებელია. ერთი სპეციალისტის ნაცვლად კლიენტი იღებს პროფესიონალების გუნდს, სადაც თითოეული წევრი საკუთარ მიმართულებაზეა პასუხისმგებელი, დეტალურად ამუშავებს საკითხს და კლიენტს უკვე გაანალიზებულ, პრაქტიკულად გამოსაყენებელ ინფორმაციას აწვდის.
მსგავსი დონის სერვისის შიდა რესურსით მისაღებად კომპანიას მინიმუმ სამი მაღალკვალიფიციური კადრის დაქირავება დასჭირდებოდა, რაც მნიშვნელოვნად უფრო ძვირია, ვიდრე ჩვენი კომპლექსური მომსახურება".
კომპანიის განვითარების კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი და სტრატეგიული მიმართულებაა ტრანსფერპრაისინგი. ეს არის საერთაშორისო კონტროლირებული ოპერაციების ფასების განსაზღვრა, რომელიც დღეს ბიზნესის გამჭვირვალობის გლობალურ სტანდარტად მიიჩნევა. Moore-ის გუნდი ამ მიმართულებითაც უნიკალურ პოზიციაშია, რადგან ორგანულად აერთიანებს ადგილობრივ საგადასახადო სპეციფიკასა და საერთაშორისო ქსელის გლობალურ გამოცდილებას. ეს სინერგია ქართულ ბიზნესს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ოპერირების გარანტიას აძლევს.
როდესაც საქმე ეხება ფინანსურ გამჭვირვალობას, შიდა კონტროლის სიმკაცრე და მენეჯმენტის ჩართულობა გადამწყვეტია. Moore-ის ერთ-ერთი მთავარი სავიზიტო ბარათი სწორედ უშუალო, პარტნიორული მოდელია.
"ჩვენ, პარტნიორები, უშუალოდ ვმონაწილეობთ თითოეული პროექტის მართვაში, რაც ხარისხისა და პასუხისმგებლობის მაღალ სტანდარტს უზრუნველყოფს. ვუსმენთ კლიენტს, ვაანალიზებთ მის საჭიროებებს და ვთავაზობთ მათ ინდივიდუალურ გადაწყვეტილებებს, რომლებიც რეალურ შედეგებსა და გრძელვადიან პარტნიორობას ეფუძნება", - ამბობს სოფო აბაიაძე Entrepreneur-თან ინტერვიუში.
სოფო განმარტავს, რომ დინამიკურ გარემოში უცვლელად მაღალი ხარისხის შესანარჩუნებლად კომპანია სამ ძირითად პრინციპს ეყრდნობა:
- პროფესიული სტანდარტების მკაცრი დაცვა;
- გუნდის წევრების უწყვეტი განათლება და კვალიფიკაციის ამაღლება;
- თანამედროვე ტექნოლოგიების ეფექტიანი ინტეგრაცია.
ამ მიზნებისთვის Moore ABC აქტიურად იყენებს როგორც Moore Global-ის უზარმაზარ საერთაშორისო რესურსებსა და ტექნოლოგიურ პლატფორმებს, ისე ადგილობრივ ექსპერტიზას, რათა კლიენტს ნებისმიერ კრიზისულ თუ გარდამავალ ეტაპზე მოქნილი და სანდო მომსახურება შესთავაზოს.
კომპანიის ხედვა ყოველთვის მიმართულია მომავლისკენ. სწორედ ამიტომ, Moore-ის დღის წესრიგში განსაკუთრებული ადგილი უკავია ESG (Environmental, Social, and Governance) ახალ მიმართულებას და ხელოვნური ინტელექტის ბიზნესპროცესებში ინტეგრირებას (AI).
სოფო აბაიაძის თქმით, ESG სულ უფრო ხშირად ექცევა ინვესტორების, მარეგულირებლებისა და საერთაშორისო პარტნიორების ფოკუსში, რადგან ეს არის ერთგვარი მექანიზმი კომპანიებისთვის, რომ იყვნენ პასუხისმგებლიანები, გამჭვირვალეები საერთაშორისო სტანდარტების დაცვით და ეს მხოლოდ ფინანსურ მიმართულებას არ გულისხმობს. ეს არის გრძელვადიანი სტრატეგიული ხედვა კომპანიის განვითარების გზაზე.
"დღეს წარმატება მხოლოდ ფინანსური შედეგებით აღარ იზომება. რეალური ღირებულება იქმნება მაშინ, როდესაც ბიზნესი პასუხისმგებლობას იღებს საკუთარ გავლენაზე, ქმნის ნდობას და გრძელვადიან პერსპექტივაში მდგრად განვითარებას ირჩევს. ESG რეპორტინგი არ არის მხოლოდ სტანდარტების შესრულება – ეს არის არჩევანი, იყო უკეთესი კომპანია თანამშრომლებისთვის, გარემოსთვის, პარტნიორებისა და მომავალი თაობებისთვის. სწორედ ასეთ არჩევანზე შენდება მდგრადი წარმატება. მდგრადობა კი ბიზნესისთვის დამატებითი ვალდებულება კი არა, მომავლის ზრდისა და კონკურენტუნარიანობის ყველაზე ძლიერი საფუძველია", – ამბობს სოფო აბაიაძე.
რაც შეეხება ხელოვნურ ინტელექტს, სოფო აღნიშნავს, რომ ეს ფინანსური სფეროსთვის უდიდესი ინოვაციაა. გამოწვევაა. Moore-ში მუდმივად ცდილობენ, დაინერგოს უახლესი ტექნოლოგიური სიკეთეები, თუმცა, ამავდროულად, ეს პროცესები მაქსიმალური სიფრთხილითაც იმართება.
"ხელოვნური ინტელექტი უდიდეს შესაძლებლობებს ქმნის, თუმცა მისი ეფექტიანი გამოყენება მხოლოდ ტექნოლოგიებზე არ გადის – ის პასუხისმგებლობას, პროფესიულ ეთიკასა და ადამიანურ განსჯასაც მოითხოვს. ჩვენი მიზანია, ინოვაციები სწორედ ამ პრინციპებზე დაყრდნობით დავნერგოთ, რათა კლიენტებისთვის სანდო და მაღალი ხარისხის მომსახურება უზრუნველვყოთ".
"ინოვაცია ჩვენთვის მხოლოდ ახალი ტექნოლოგიების დანერგვა არ არის – ეს არის მზადყოფნა, მუდმივად ვადაპტირდეთ ცვლილებებთან და კლიენტებისთვის შევქმნათ უფრო სწრაფი, უფრო ზუსტი და უფრო ეფექტიანი სერვისი. ხელოვნური ინტელექტი სწორედ ამ ტრანსფორმაციის მნიშვნელოვანი ნაწილია. ხელოვნურ ინტელექტი არა მხოლოდ ახალი ტექნოლოგიაა ჩვენთვის, არამედ განვითარების ახალი უწვეტი შესაძლებლობები".
Moore-ის მიდგომა კლიენტებისადმი ხშირად სცილდება ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ჩარჩოებს. თეონა აბდუშელიშვილი გვიზიარებს საინტერესო დეტალს, რომელიც საუკეთესოდ აჩვენებს კომპანიის შინაგან კულტურას:
"ჩვენ ხშირად, სრულად ჩვენი ინიციატივით, ვიწყებთ ჩვენი კლიენტების სისტემების პროგრამულ განახლებასა და თანამედროვე სისტემების დანერგვას. ეს მოიცავს ოპტიმიზაციას, შემდეგ იმ კომპანიის თანამშრომელთა გადამზადებასა და პროცესების სრულ გამართვას. ამით მათ საოპერაციო ყოველდღიურობას ვამარტივებთ და ვზრდით შედეგიანობას. ამ პროცესებში ჩვენთვის მთავარი მოტივაცია კლიენტისთვის დამატებითი ღირებულების შექმნა და მისი საქმიანობის ეფექტიანობის გაზრდაა. გვჯერა, რომ ძლიერი პარტნიორობა სწორედ ასეთ პროაქტიულ და გრძელვადიან მიდგომას ეფუძნება. ჩვენ გვიყვარს ის, რასაც ვაკეთებთ, და რასაც ხელს ვკიდებთ, უმაღლეს დონეზე ვასრულებთ. ეს არის ჩვენი ერთგვარი კორპორაციული კულტურა და კრედო".
დაარსების დღიდან Moore-ის სერვისები მუდმივად განიცდიდა ტრანსფორმაციას, რათა ზუსტად აესახა ადგილობრივი თუ გლობალური ბაზრის მოთხოვნები. თუმცა, როგორც სოფო აბაიაძე აჯამებს, კომპანიის მთავარი მისია უცვლელი რჩება:
"ჩვენ ვეხმარებით კლიენტებს, თავდაჯერებულად უპასუხონ თანამედროვე ბიზნესგამოწვევებს და გამოიყენონ ახალი შესაძლებლობები ზრდისთვის. Moore ABC-ის თითოეული სერვისი იმ მიზანს ემსახურება, ვიყოთ პარტნიორი, რომელიც ბიზნესის განვითარებასა და წარმატებას უწყობს ხელს".
27%-იანი ზრდა და დინამიკური განვითარების საიდუმლო
Moore-ის მიერ ბაზარზე გადადგმული ყოველი ნაბიჯი მის მდგრადობასა და სიმყარეზე მეტყველებს. გასულ წელს კომპანიამ შთამბეჭდავი 27%-იანი წლიური ზრდა აჩვენა, რის შედეგადაც ქვეყნის ტოპ 8 აუდიტორულ და საკონსულტაციო ფირმას შორის ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მზარდ სუბიექტად დასახელდა. ბუნებრივია, იბადება კითხვა: როგორ ახერხებს კომპანია ასეთი მასშტაბური ფინანსური ზრდის პარალელურად შეინარჩუნოს ის მოქნილი, ინდივიდუალური და პერსონალიზებული მიდგომა, რომელიც მისი მთავარი სავიზიტო ბარათია?
კომპანიის პარტნიორი, სოფო აბაიაძე განმარტავს, რომ ამ დინამიკის საფუძველი არა აგრესიული გაფართოება, არამედ გააზრებული, ხარისხზე დაფუძნებული სტრატეგიაა.
"Moore-ის საფუძველი მდგრადი განვითარება და ხარისხზე ორიენტირებული მიდგომაა. ჩვენ უზრუნველვყოფთ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის მომსახურებას, რომელიც თითოეული კლიენტის საჭიროებებზეა მორგებული. კომპანიის ზრდა კი ეფუძნება გრძელვადიან ხედვასა და პროფესიული სტანდარტებისადმი ერთგულებას. გვჯერა, რომ მდგრადი წარმატება იქ იწყება, სადაც პროფესიონალიზმი, პასუხისმგებლობა და განვითარებაზე ორიენტირებული ხედვა ერთმანეთს ხვდება".
Moore-ის კლიენტების პორტფელი მრავალფეროვანია. ის აერთიანებს კერძო სექტორის ლიდერებს, მსხვილ საერთაშორისო ინვესტორებსა და სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ სტრატეგიულ კომპანიებს. ამ მრავალფეროვანი პორტფელის მომსახურება მოითხოვს მოქნილობას, ღრმა ექსპერტიზასა და სხვადასხვა ბიზნესგარემოს სპეციფიკის სრულ გააზრებას.
დამკვეთების ასეთი ფართო სპექტრის მოზიდვისა და, რაც მთავარია, მათი გრძელვადიანი შენარჩუნების გასაღები კომპანიის უცვლელ ფორმულაშია: კლიენტებსა და თანამშრომლებზე ზრუნვა, ღია კომუნიკაცია, სანდოობა, ინოვაციური მიდგომები და კლიენტების უწყვეტი მხარდაჭერა. იმისათვის, რომ სექტორის დინამიკური განვითარების ფონზე უმაღლესი პროფესიული სტანდარტები იქნას დაცული, Moore სრულად შეესაბამება როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო რეგულაციებს. კომპანია რეგულარულად გადის როგორც შიდა, ისე გარე დამოუკიდებელ შემოწმებებს, რაც გუნდს აძლევს შესაძლებლობას, მუდმივად ერთი ნაბიჯით წინ იყოს ბაზარზე არსებულ ტენდენციებზე.
ადამიანური კაპიტალი და ACCA-ის ოქროს სტატუსი
კომპანიის ხელმძღვანელობაში კარგად ესმით, რომ დამკვეთის ვერცერთ მოთხოვნას ვერ უპასუხებ, თუ არ იზრუნებ მათზე, ვინც ამ ღირებულებას ქმნის. საკუთარ თანამშრომლებზე ზრუნვა მენეჯმენტისთვის ისეთივე სტანდარტია, როგორიც მომხმარებლების კმაყოფილებაზე ზრუნვა. Moore-ში ტალანტების მიზიდვა და მათი შენარჩუნება კორპორაციული კულტურის უმნიშვნელოვანესი ნაწილია.
Moore საქართველოში უკვე რამდენიმე წელია ფლობს ACCA-ის (სერტიფიცირებულ ნაფიც ბუღალტერთა ასოციაციის) აკრედიტებული დამსაქმებლის ოქროს სტატუსს და ამავდროულად არის ACCA-ს სტუდენტებისა და წევრების მხარდამჭერი ექსკლუზიური ჯგუფის წევრი. კომპანიაში დარწმუნებულები არიან, რომ ადამიანების განვითარება ყველაზე მნიშვნელოვანი ინვესტიციაა, ამიტომ განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობენ მათი პროფესიული პოტენციალის რეალიზებასა და უწყვეტ ზრდას თანამშრომლებში უწყვეტი ინვესტიციით.
"ჩვენ მყარად გვჯერა, რომ ადამიანური კაპიტალის განვითარება კომპანიის გრძელვადიანი წარმატების ერთადერთი ფუნდამენტია", – ამბობენ კომპანიის პარტნიორები.
სამუშაო გარემო Moore-ში სრულად დაფუძნებულია გამჭვირვალობაზე, მენტორობასა და კარიერული წინსვლის რეალურ შესაძლებლობებზე. დასაქმებულებს ეძლევათ სწავლების, სერტიფიცირებისა და საერთაშორისო გლობალურ ქსელში გამოცდილების გაზიარების უამრავი შანსი.
ფინანსებისა და აუდიტის სექტორში კადრების მაღალი დენადობა და ე.წ. ტვინების გადინება გლობალური გამოწვევაა. Moore-მა ამ პრობლემას დაუპირისპირა ძლიერი შიდა კულტურა, სადაც თანამშრომელი საყრდენი ღერძია.
კომპანიაში საქმე ისეა სტრუქტურირებული, რომ საოპერაციო ყოველდღიურობაში რუტინა მინიმუმამდეა დაყვანილი. ყველაფერს, რისი ავტომატიზაციაც შესაძლებელია, თანამედროვე ტექნოლოგიებსა და ხელოვნურ ინტელექტს ანდობენ, რათა გუნდმა ფოკუსირება შეძლოს კრეატიულ, ანალიტიკურ და სტრატეგიულ ამოცანებზე.
"ჩვენ ვაფასებთ ადამიანებს, რომლებსაც აქვთ ძლიერი კომუნიკაციის უნარები, მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომა და პროფესიული გამოწვევების ეფექტიანად მართვის უნარი. კომპანია განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ახალი თაობის პროფესიული განვითარების მხარდაჭერას და შესაბამისი შესაძლებლობების შექმნას. თანამშრომლების ზრდას კი მუდმივი სწავლით ვუჭერთ მხარს და შიდა ტრენინგებთან ერთად, მათ შესაძლებლობა აქვთ მონაწილეობა მიიღონ საერთაშორისო პროგრამებსა და კვალიფიკაციის ამაღლების კურსებში საზღვარგარეთ, რათა საუკეთესო პრაქტიკა ჩვენს საქმიანობაში დანერგონ", – ამბობს თეონა აბდუშელიშვილი ინტერვიუში.
Moore-ის მმართველობითი ბირთვი ძლიერი პროფესიონალების სინერგიას წარმოადგენს:
- მიშა აბაიაძე და სოფო აბაიაძე: კომპანიის განვითარებაში პირველივე წლებიდან არიან ჩართული. მათი ხედვა თავიდანვე მომსახურების უზადო ხარისხზე ორიენტაციას დაეფუძნა, რაც დღემდე მთელი საქმიანობის მთავარი საყრდენია.
- მამუკა დანელია: ხელმძღვანელობს კომპანიის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს, შეფასების მიმართულებას. მამუკას ბიზნესების, უძრავი და მოძრავი ქონების შეფასების სფეროში მრავალწლიანი, უნიკალური ექსპერტიზა და გამოცდილება აქვს.
- თეონა აბდუშელიშვილი: გუნდს 2019 წელს შემოუერთდა. იგი წარმატებით უძღვება აუთსორსინგის დეპარტამენტს, რომელიც საბუღალტრო და რეპორტინგის მიმართულებებს აერთიანებს.
- პაატა ჩუბინიძე: მმართველ გუნდს აუდიტის მიმართულების პარტნიორად 2023 წელს შემოუერთდა. პაატას საერთაშორისო კომპანიებში სხვადასხვა სექტორის აუდიტირების 15 წელზე მეტი მდიდარი გამოცდილება ზურგს უმაგრებს.
ეს გამოცდილი და დივერსიფიცირებული ხელმძღვანელობა კომპანიას აძლევს საშუალებას, მუდმივად ინოვაციებზე ორიენტირებულ, მოქნილ და ბაზრის მოთხოვნებზე მორგებულ ორგანიზაციად დარჩეს.
Moore-ის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მახასიათებელი ქართულ ბიზნესრეალობაში ქალთა გაძლიერების მიმართულებით არსებული მკაფიო პოზიციაა. კომპანიაში დასაქმებულთა დიდი უმრავლესობა (80-ზე მეტი თანამშრომლიდან დაახლოებით 70%) ქალია, რაც ბევრს ამბობს ორგანიზაციის მიდგომებზე. ჯერ კიდევ გენდერული ბალანსის თვალსაზრისით გამოწვევებით სავსე გარემოში, ფირმა ქალებს აძლევს სრულფასოვანი პროფესიული რეალიზებისა და მწვერვალების დაპყრობის უწყვეტ შესაძლებლობებს.
ამ წარმატების საუკეთესო მაგალითები თავად თეონა აბდუშელიშვილი და სოფო აბაიაძე არიან. მათი, როგორც წამყვანი მენეჯერებისა და პარტნიორების, ისტორია აჩვენებს, თუ როგორ შეუძლია ნიჭს, შრომისმოყვარეობასა და ხელშემწყობ გარემოს უმაღლესი შედეგების მოტანა. კომპანია ზრუნავს, რომ თითოეული თანამშრომელი ქალი იყოს საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია როგორც პროფესიულად, ისე პიროვნულად.
"ჩვენს კომპანიაში ქალებისა და მამაკაცების ბალანსი მენეჯმენტში ასახავს თანაბარი შესაძლებლობების პრინციპს და ქმნის მრავალფეროვან, დაბალანსებულ და შედეგზე ორიენტირებულ მართვის კულტურას, სადაც გადაწყვეტილებები ეფუძნება პროფესიონალიზმსა და გამოცდილებას. ქალთა როლი მენეჯმენტში დღეს უკვე ცალსახად ადასტურებს, რომ ლიდერობა არ არის მხოლოდ პოზიცია – ეს არის ხედვა, პასუხისმგებლობა და უნარი, შექმნა რეალური ცვლილება. ქალები მენეჯმენტში აერთიანებენ სტრატეგიულ აზროვნებას, ემპათიასა და გამბედაობას, რაც ორგანიზაციებს უფრო მოქნილს, მდგრადსა და ადამიანზე ორიენტირებულს ხდის. როდესაც ქალებს ეძლევათ შესაძლებლობა, სრულად გამოავლინონ საკუთარი პოტენციალი, ისინი არა მხოლოდ წარმატებას აღწევენ, არამედ ქმნიან ახალ სტანდარტებს ლიდერობისთვის," – ამბობს სოფო აბაიაძე.
სოციალური პასუხისმგებლობა და ეთიკური ბიზნესგარემო
Moore-ის საქმიანობა მხოლოდ კომერციული მიზნებით არ შემოიფარგლება. კომპანია აქტიურად ქმნის რეალურ ფასეულობას მთელი საზოგადოებისთვის. გუნდი მუდმივად არის ჩართული საგანმანათლებლო ინიციატივებში, უზიარებს პრაქტიკულ ცოდნას სტუდენტებსა თუ დამწყებ ბუღალტრებს და ეხმარება ქართულ ბიზნესებს პროფესიული კონსულტაციებით. ამ ინიციატივების საბოლოო, გლობალური მიზანი ქვეყანაში მყარი, გამჭვირვალე და ეთიკურად მოქმედი ფინანსური გარემოს ჩამოყალიბებაა.
Moore-ის კორპორაციული კულტურის კიდევ ერთი უმთავრესი მახასიათებელი, რომელიც მას გამოარჩევს, გლობალური სოციალური პროექტია, Social Ambition. ეს არ არის უბრალოდ ფორმალური კორპორაციული პასუხისმგებლობა (CSR), არამედ ქსელის მასშტაბით შექმნილი უნიკალური და მასშტაბური პროექტია, რომელიც გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების გარშემო ხორციელდება.
საგულისხმოა, რომ Moore-ის პარტნიორი, სოფო აბაიაძე, ამ გლობალური პროექტის საერთაშორისო ბორდის წევრად იქნა არჩეული, რაც ხაზს უსვამს ქართული ოფისის მაღალ რეპუტაციას საერთაშორისო დონეზე.
"პროექტს ჩვენი ქსელის თითოეულ ქვეყნის ოფისში ჰყავს წარმომადგენელი, რომლებიც ერთიანდებიან ერთი მიზნით – შეცვალონ სამყარო უკეთესობისკენ. სწორად ამის გამოძახილია პროექტის ინსპირაციით გამსჭვალული სლოგანი "ჩვენ ყოველთვის ვიქნებით პოზიტიური სოციალური ცვლილების მამოძრავებელი ძალა. გვჯერა, რომ ბიზნესს შეუძლია და უნდა ჰქონდეს რეალური გავლენა საზოგადოების განვითარებაზე – არა მხოლოდ ეკონომიკური ზრდის, არამედ უფრო სამართლიანი, თანასწორი და მდგრადი გარემოს შექმნის მიმართულებით. სწორედ ამ რწმენით ვიღებთ პასუხისმგებლობას, რომ ჩვენი საქმიანობა ყოველდღიურად გახდეს პოზიტიური ცვლილების ნაწილი", – აღნიშნავს სოფო აბაიაძე.

გზა მომავლისკენ: განვითარებადი ტექნოლოგიები და უცვლელი ღირებულებები
Moore-ის კრედო სამომავლოდაც უცვლელი რჩება – სანდო და ხარისხზე ორიენტირებული მიდგომა. მათთვის მიღწეული წარმატება გაჩერების საფუძველს არ იძლევა და სწორედ ამიტომ, კომპანია წარმატების მოდელს ხუთ ფუნდამენტურ ელემენტზე აშენებს:
- მრავალწლიანი საერთაშორისო და ადგილობრივი გამოცდილება;
- ბიზნესისთვის მაქსიმალურად სასარგებლო და ხარისხიანი სერვისები;
- მუდმივი და გულწრფელი ზრუნვა კლიენტებზე;
- საუკეთესო პირობების შექმნა და ზრუნვა თანამშრომლებზე;
- საზოგადოებისთვის რეალური ღირებულების შექმნა.
სამომავლო გეგმები ამბიციურია. Moore-ის უახლოესი მომავალი ტექნოლოგიური სერვისების კიდევ უფრო გაძლიერებას, ახალი სერვისებისა და მიმართულების მასშტაბურ განვითარებასა და რეგიონულ გაფართოებას უკავშირდება.
კომპანიის წარმატების ნამდვილი საზომი არა მხოლოდ მისი წარსული მიღწევები, არამედ მომავლის მკაფიო, ამბიციური და სტრატეგიულად გააზრებული ხედვაა. Moore-ისთვის ეს ხედვა ეყრდნობა გლობალურ აღიარებას, ციფრულ ტრანსფორმაციასა და ქართული ბიზნესგარემოს განვითარებაში შეტანილ უცვლელ წვლილს.
საერთაშორისო ასპარეზზე მიღწეული უახლესი ტრიუმფი კომპანიის სწორი მიმართულების საუკეთესო დასტურია. პრესტიჟულმა საერთაშორისო ორგანიზაციამ – International Accounting Forum & Awards (IAFA)-მა Moore Global წლის საუკეთესო ქსელად დაასახელა. ეს ჯილდო, რომელიც დამოუკიდებელი ექსპერტებისა და მკვლევრებისგან შემდგარი ჟიურის მიერ გაიცემა, ხაზს უსვამს ქსელის გამორჩეულ ხარისხს, ინოვაციურობასა და ეთიკურ სტანდარტებს მსოფლიოს 119 ქვეყანაში.
თანამედროვე ტექნოლოგიების ეპოქაში Moore-ის კლიენტები მასშტაბურ ციფრულ ტრანსფორმაციას უნდა ელოდონ. კომპანიის პარტნიორი, სოფო აბაიაძე აღნიშნავს, რომ ინოვაციები მათი ყოველდღიური საოპერაციო საქმიანობის განუყოფელი ნაწილი ხდება.
"ციფრული ტრანსფორმაცია აღარ არის მომავლის თემა – ეს არის დღევანდელობის აუცილებლობა. ჩვენი მიზანია, ინოვაციები ყოველდღიური საქმიანობის ბუნებრივ ნაწილად ვაქციოთ და კლიენტებს მასშტაბური, ეფექტიანი ცვლილებების პროცესში მუდმივი მხარდაჭერა შევთავაზოთ", – განმარტავს სოფო აბაიაძე.
ტექნოლოგიური პროგრესის პარალელურად, Moore ABC აქტიურად ავითარებს სერვისების მიმართულებებს და პასუხობს ბაზრის მზარდ მოთხოვნებს. კომპანია ორიენტირებულია ისეთ სფეროებზე, როგორიცაა ESG კონსულტაციები, CFO აუთსორსინგი, შიდა აუდიტი და ტრანსფერპრაისინგი, რათა გახდეს სანდო პარტნიორი მდგრადი და პასუხისმგებლიანი ზრდისთვის.
Moore Global-ის საერთაშორისო ქსელის მხარდაჭერითა და დაგროვილი ექსპერტიზით, კომპანია არ შემოიფარგლება მხოლოდ ადგილობრივი ბაზრით და რეგიონულ გაფართოებასაც გეგმავს. ახალი ეტაპი მოითხოვს სხვადასხვა ქვეყნის სამართლებრივი და ბიზნესგარემოს ღრმა გააზრებას, თუმცა გუნდი მზად არის ამ გამოწვევებისთვის და მიზნად ისახავს ქართული ოფისის ქცევას რეგიონულ ჰაბად, რომელიც ადგილობრივ და საერთაშორისო პრაქტიკას დააკავშირებს.
Moore-ის ხედვა ყოველთვის სცილდებოდა წმინდა ბიზნესინტერესებს. კომპანიის პარტნიორები მყარად იცავენ პრინციპს, რომ წარმატება პირდაპირ უნდა აისახებოდეს საზოგადოების კეთილდღეობაზე.
"ჩვენი ხედვა მხოლოდ ბიზნესით არ შემოიფარგლება. გვჯერა, რომ უმაღლესი პროფესიული სტანდარტების, ეთიკისა და განათლების მხარდაჭერის გზით, შეგვიძლია რეალური, ხელშესახები წვლილი შევიტანოთ ქვეყნის ეკონომიკურ და საზოგადოებრივ განვითარებაში", – ამბობს სოფო აბაიაძე.
Moore ABC-ის პარტნიორები მომავალ მენეჯერებსა და ბიზნესმფლობელებს ასეთ გზავნილს უტოვებენ:
"შრომისმოყვარეობა და საქმის სიყვარული შესაძლოა მარტივ ჭეშმარიტებად აღიქმებოდეს, მაგრამ სწორედ ესაა წარმატების გასაღები. ჩვენი საქმიანობა განსაკუთრებით ღირებულია მაშინ, როცა ვხედავთ, რომ კლიენტის გამოწვევა წარმატებით გადაიჭრა. დაუღალავი შრომა, ხარისხისადმი ერთგულება და ზრუნვა როგორც კლიენტებზე, ისე თანამშრომლებზე ქმნის იმ საფუძველს, რომელზეც ვდგავართ. ჩვენ გვჯერა, რომ საქმეს შედეგი მაშინ მოაქვს, როცა ის გულით გიყვარს".
მომავალ 5 წელიწადში კომპანია საკუთარ თავს ხედავს როგორც რეგიონულ ლიდერს, ბიზნესების მეგზურს, ინოვაციების წამყვან პლატფორმასა და ხარისხის უცვლელ ორიენტირს ქართულ ბიზნესლანდშაფტში. პარალელურად კი რჩება ორგანიზაციად, სადაც საერთაშორისო მასშტაბი და გულწრფელი, პერსონალიზებული ზრუნვა ბიზნესის წარმატების ახალ სტანდარტს ქმნის.