EJOI 2026-ის საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრი: ნატალია პაპაშვილია
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
ნატალია საქართველოს გუნდთან ერთად ლიტვაში, ქალაქ კაუნასში მიემგზავრება, სადაც 25 ქვეყნის უძლიერეს თანატოლებს შორის საქართველოს ღირსეულად წარდგენასა და უმაღლესი შედეგების ჩვენებას შეეცდება. აღსანიშნავია, რომ ნატალია ასევე იყო ევროპის გოგონათა ოლიმპიადის (EGOI) ნაკრების წევრი, სადაც უდიდესი საერთაშორისო გამოცდილება დააგროვა, ამ მიღებული ცოდნისა და პრაქტიკის გამოყენებას კი ის უკვე მეორედ, EJOI ოლიმპიადაზე შეეცდება.
ნატალია მე-9 კლასში გადავიდა და მისი ალგორითმული მომზადება საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრ "მზიურს" უკავშირდება. მიუხედავად ასაკისა, ნატალიას ანგარიშზე უკვე არის არაერთი მნიშვნელოვანი გამარჯვება როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო ასპარეზზე:
- პირველი ადგილი საქართველოს ინფორმატიკის ეროვნულ ოლიმპიადაზე 7-8 კლასის კატეგორიაში (2026 წ.)
- პირველი ადგილი საქართველოს ზამთრის ინფორმატიკის ოლიმპიადაზე 7-8 კლასის კატეგორიაში (2026 წ.)
- ბრინჯაოს მედლები უკრაინის გოგონათა და ჯუნიორების ოლიმპიადაზე (UJGOI)
- ბრინჯაოს მედალი შუმენის საერთაშორისო ოლიმპიადაზე (IATI)
"ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ბევრ ოლიმპიადაზე გასვლა იყო, რადგან ასე მივეჩვიე საოლიმპიადო გარემოს და 4-5 საათის განმავლობაში განუწყვეტლივ ამოცანებზე ფიქრს. საქართველოს ნაკრების წევრობა ჩემთვის ძალიან დიდი სიხარულია. ოლიმპიადის წინ ზოგჯერ ვნერვიულობ ხოლმე, მაგრამ წერის დაწყებისთანავე მხოლოდ ამოცანებზე გადავერთვები და სხვა ყველაფერი მავიწყდება. ეს პასუხისმგებლობა ჩემთვის ნიშნავს, რომ ჩემი გამოსვლა მხოლოდ ჩემთვის კი არა, ქვეყნისთვისაცაა, ამიტომ ვეცდები ოლიმპიადაზე ჩემი მაქსიმუმი დავდო. ყოველდღე ვწერ ამოცანებს და ვფიქრობ, რომ ჩვენი ნაკრები კარგ შედეგს დადებს!"
საქართველოს სანაკრებო გუნდი 24-30 ივლისს მონაწილეობას მიიღებს ლიტვაში, ქალაქ კაუნასში გამართულ ევროპის მე-10 ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიადაში ინფორმატიკაში (EJOI 2026).
წლების განმავლობაში საქართველომ EJOI-ზე უმნიშვნელოვანესი წარმატებები მოიპოვა და ევროპულ პლატფორმაზე თავი დაიმკვიდრა, როგორც ერთ-ერთმა უძლიერესმა გუნდმა. ჩვენი ისტორიული შედეგები ასე გამოიყურება:
- საერთო მონაგარი: 2 ოქრო, 4 ვერცხლი, 20 ბრინჯაო.
- ევროპის აბსოლუტური ჩემპიონი — ნიკოლოზ ბირკაძე.
ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიადისთვის ინფორმატიკაში (EJOI) რეგისტრაცია წელს პირველად ტექ ოლიმპიადების ჰაბის ფარგლებში გამოცხადდა. ეროვნული და საერთაშორისო საოლიმპიადო გუნდების მომზადება და მხარდაჭერა ხორციელდება საქართველოს ტექ ოლიმპიადების ჰაბის ფარგლებში. ჰაბი თიბისის მხარდაჭერით, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის (BTU) ბაზაზე ფუნქციონირებს და მისი მიზანია ახალგაზრდა ტალანტების აღმოჩენა, მათი სისტემური გაძლიერება და მსოფლიო ასპარეზზე საქართველოს სახელით ღირსეული წარდგენა.
ჰაბის პარტნიორები არიან: UN Women Georgia, EPAM Georgia, Lineate Georgia, Tech Association of Georgia, McDonald's Georgia, BLOX • ბლოქსი.
დავუჭიროთ მხარი და ვუგულშემატკივროთ საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე ინფორმატიკაში!