Dell-მა თანამშრომლები ზედიზედ მესამე წელია 10%-ით შეამცირა მასობრივი დათხოვნების გარეშე
By Sherin Shibu
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
ბოლო ერთი წლის განმავლობაში Dell-მა გეგმაზომიერად შეამცირა პერსონალის რაოდენობა დაახლოებით 10%-ით. კომპანია დაეყრდნო ვაკანსიების შეჩერებასა და რეორგანიზაციას, ნაცვლად მასობრივი დათხოვნებისა.
მიმდინარე კვირაში გამოქვეყნებულ უახლეს ფედერალურ ანგარიშში, რომელიც Business Insider-მა მოიპოვა, Dell იტყობინება, რომ 31 იანვრის მონაცემებით, კომპანიაში დაახლოებით 97 000 თანამშრომელი იყო დასაქმებული. ეს მაჩვენებელი მიუთითებს იმაზე, რომ 2025 წელთან შედარებით კომპანიის სამუშაო ძალა 11 000 ადამიანით შემცირდა.
ამჟამად Dell-ს 36 000-ით ნაკლები თანამშრომელი ჰყავს, ვიდრე 2023 წლის თებერვალში, რაც სამი წლის განმავლობაში პერსონალის თითქმის 30%-იან შემცირებას ნიშნავს. 2024 წლის აგვისტოს შემდეგ, როდესაც კომპანიამ შტატი 12 500 ადამიანით შეამცირა, მასობრივი დათხოვნის შესახებ მკვეთრი განცხადება აღარ გაკეთებულა.
ფედერალურ დოკუმენტაციაში ტექნოლოგიურმა გიგანტმა აღნიშნა, რომ გასულ წელს ხარჯები შეამცირა "თანამშრომელთა რეორგანიზაციის, გარე კადრების აყვანის შეზღუდვისა და სხვა ქმედებების მეშვეობით, რათა ინვესტიციები შესაბამისობაში მოეყვანა გამოცხადებულ სტრატეგიულ და სამომხმარებლო პრიორიტეტებთან".
"ჩვენ მუდმივად ვაფასებთ ჩვენს ბიზნესს, რათა შევინარჩუნოთ კონკურენტუნარიანობა და დარწმუნებული ვიყოთ, რომ მზად ვართ მომხმარებლებისა და პარტნიორებისთვის საუკეთესო ინოვაციების, ღირებულებისა და სერვისის მისაწოდებლად", – ნათქვამია Dell-ის განცხადებაში, რომელიც მან Business Insider-ს მიაწოდა.
როგორ შეამცირა Dell-მა პერსონალის რაოდენობა
Dell-მა თავის ანგარიშში ხარჯების შემცირების ძირითად სტრატეგიად ხაზი გაუსვა "გარე კადრების აყვანის შეზღუდვას". ვაკანსიების შევსების შეჩერებით კომპანიამ შეძლო, რომ სამუშაო ძალის შემცირების პროცესის უდიდესი ნაწილი "ბუნებრივ დენადობაზე" გადაეტანა, რაც იმას ნიშნავს, რომ იმ თანამშრომლების ნაცვლად, რომლებიც სამსახურიდან საკუთარი სურვილით მიდიოდნენ, ახალ კადრებს აღარ ასაქმებდნენ, რითაც შტატის საერთო რაოდენობა მცირდებოდა.
გასულ წელს Dell-მა ასევე დანერგა ოფისში დაბრუნების ხუთდღიანი პოლიტიკა და ყველა თანამშრომელს მოსთხოვა სამუშაო ადგილებზე გამოცხადება 2025 წლის მარტიდან. ამ გადაწყვეტილებამ კადრების დენადობა გამოიწვია, რადგან ბევრმა მუშაკმა, ნაცვლად ტექნოლოგიურ გიგანტში დარჩენისა, უფრო მოქნილი სამუშაო გრაფიკის ძიება სხვაგან დაიწყო – კომპანიამ კი ეს თანამშრომლები ახლებით აღარ ჩაანაცვლა.
ფედერალურ დოკუმენტაციაში ასევე აღიარებულია, რომ კომპანიამ განახორციელა "თანამშრომელთა რეორგანიზაცია", ანუ შიდა გადაჯგუფება პოზიციების გაერთიანებისა და ზედმეტი იერარქიული შრეების გაუქმების მიზნით, რამაც შტატების შემცირება გამოიწვია. მიუხედავად ამისა, Dell-ს 2025 წელს მასობრივი დათხოვნების ტალღა არ ჩაუტარებია.
ბოლო წლებში მასობრივი გათავისუფლებების მაჩვენებელი მკვეთრად გაიზარდა. მხოლოდ 2026 წელს Amazon-მა 16 000 თანამშრომელი დაითხოვა, ჯეკ დორსის კომპანია Block-მა სამუშაო ძალა 40%-ით შეამცირა, ხოლო პროგრამული უზრუნველყოფის სტარტაპმა Atlassian-მა – 10%-ით.
ამ დათხოვნების მთავარ მიზეზად კომპანიების ხელმძღვანელები ხელოვნურ ინტელექტს ასახელებენ. მაგალითად, დორსიმ აქციონერებისადმი მიწერილ წერილში აღნიშნა: "ინტელექტუალურმა ინსტრუმენტებმა შეცვალა წარმოდგენა იმის შესახებ, თუ რას ნიშნავს კომპანიის შენება და მართვა... მნიშვნელოვნად მცირე გუნდს, ჩვენ მიერ შექმნილი ხელსაწყოების გამოყენებით, შეუძლია გააკეთოს მეტი რამ და გააკეთოს უკეთესად".
როგორც ჩანს, სილიკონის ველზე მასობრივი დათხოვნების ტალღა უახლოეს მომავალში არ შენელდება. გავრცელებული ინფორმაციით, Meta გეგმავს პერსონალის 20%-ის, ანუ დაახლოებით 16 000 თანამშრომლის დათხოვნას მიმდინარე წელს, რათა დააბალანსოს AI-თან დაკავშირებული ხარჯები.
Dell არ მართავს ხმაურიან კამპანიას სამუშაო ადგილების შემცირებასთან დაკავშირებით, თუმცა ის ჩუმად ახორციელებს ტრანსფორმაციას, რათა ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული მომავლისთვის მოემზადოს. კომპანია ღიად არ ადანაშაულებს AI-ს სამუშაო ძალის შემცირებაში და არც გუნდების შემცირებას ახდენს უშუალოდ ხელოვნური ინტელექტის გამო. თუმცა, ფედერალურ ანგარიშში Dell-მა აღნიშნა, რომ იგი ერთგულია "ხარჯების მართვისა, მიმდინარე ბიზნესმოდერნიზაციის ინიციატივებთან კოორდინაციაში".
კომპანიის შიგნით Dell ემზადება სამუშაო პროცესების ოპტიმიზაციისთვის. მაისში კომპანია გეგმავს ერთიანი კორპორაციული პლატფორმის, One Dell Way-ს დანერგვას, რათა სამუშაო ნაკადების კონსოლიდაცია მოახდინოს. იანვრის შიდა მემორანდუმში Dell-ის ხელმძღვანელობამ სისტემების ეს ფუნდამენტური განახლება აღწერა, როგორც "უდიდესი ტრანსფორმაცია კომპანიის ისტორიაში".
თარგმანი: მარიამ ქობალია