Caucasus Mandili: როგორ იქმნება გუდაურში ოთხსეზონიანი საერთაშორისო კურორტის ახალი მოდელი

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

გუდაური უკვე მრავალი წელია საქართველოს ერთ-ერთ მთავარ სამთო-სათხილამურო კურორტად რჩება. ბოლო წლებში კურორტზე არაერთი სასტუმრო და საცხოვრებელი კომპლექსი განვითარდა, თუმცა ახალი პროექტი Caucasus Mandili მიზნად ისახავს გუდაურისთვის სრულიად ახალი სტანდარტის შექმნას, რომელიც გააერთიანებს საერთაშორისო დონის მომსახურებას, გამორჩეულ არქიტექტურას, მრავალფეროვან ინფრასტრუქტურასა და ოთხსეზონიანი კურორტის კონცეფციას.

პროექტის მთავარი უპირატესობა რამდენიმე ძლიერი საერთაშორისო და ადგილობრივი პარტნიორის ერთობლივ მუშაობაშია. ასევე, ამ პროექტით საინვესტიციო და სასტუმროს ნომრები აქტიურად გაიყიდება. პროექტში გაერთიანებულია ქართული დეველოპერული კომპანია Pontus, საერთაშორისო სასტუმრო ოპერატორი Rotana და იტალიური არქიტექტურული ბიურო NOA.

Pontus-ს უკვე აქვს Rotana-სთან თანამშრომლობის წარმატებული გამოცდილება ბათუმში, პროექტი Pontus Rotana Resort & Spa, შესაბამისად, კარგად იცნობს როგორც ადგილობრივ ბაზარს, ისე საქართველოს ტურისტულ პოტენციალს. Rotana კი ახლო აღმოსავლეთის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სასტუმრო ოპერატორია, რომელიც რეგიონში მომსახურების მაღალ სტანდარტებს ამკვიდრებს. არქიტექტურულ კონცეფციაზე კი მუშაობს NOA, სტუდია, რომელსაც ალპურ რეგიონებში განხორციელებული არაერთი წარმატებული პროექტი აქვს პორტფოლიოში.

"ჩვენი მიზანი მხოლოდ ახალი სასტუმროს აშენება არ არის. გვინდა გუდაურში შეიქმნას ახალი სტანდარტი, რომელიც ერთდროულად გააერთიანებს მაღალი დონის სერვისს, თანამედროვე ინფრასტრუქტურასა და გამორჩეულ არქიტექტურას", – ირაკლი ვარშალომიძე, Pontus-ს დამფუძნებელი.

Rotana-ს პირველი სრული მენეჯმენტის მოდელი გუდაურში

პროექტის ერთ-ერთი მთავარი განმასხვავებელი ფაქტორი Rotana-ს მონაწილეობაა. მნიშვნელოვანია, რომ კომპანია გუდაურში პირველად შემოდის არა ფრენჩაიზის, არამედ სრული მენეჯმენტის (Full Management) მოდელით.

ეს ნიშნავს, რომ სასტუმროს ყოველდღიურ ოპერირებას, მომსახურების ხარისხის კონტროლს, პერსონალის გადამზადებასა და საოპერაციო სტანდარტების დანერგვას უშუალოდ საერთაშორისო ბრენდი განახორციელებს.

ასეთი მიდგომა უზრუნველყოფს ხარისხის სტაბილურად მაღალ დონეს, საერთაშორისო სტანდარტების დაცვასა და იმ ტიპის მომსახურების შეთავაზებას, რომელიც დღეს მსოფლიოს წამყვან სამთო კურორტებზეა ხელმისაწვდომი.

სასტუმრო ინდუსტრიაში მაღალი ხარისხის სერვისი პირდაპირ აისახება სტუმრების კმაყოფილებაზე, შეფასებებსა და განმეორებით ვიზიტებზე, რაც საბოლოოდ ზრდის როგორც დატვირთულობას, ისე პროექტის კომერციულ ღირებულებას.

ხუთვარსკვლავიანი ინფრასტრუქტურა მთელი წლისთვის

Caucasus Mandili თავიდანვე ოთხსეზონიანი კურორტის კონცეფციით ვითარდება. პროექტი მოიცავს SPA და Wellness ცენტრს, საცურაო აუზს, რესტორნებსა და ბარებს, ლაუნჯ სივრცეებს, დასასვენებელ ზონებს, სპორტული და სათხილამურო აღჭურვილობის გაქირავების სერვისებსა და სხვა მრავალფეროვან ინფრასტრუქტურას.

პროექტის ავტორების შეფასებით, გუდაურს უკვე აქვს ყველაფერი, რასაც ბუნება სტუმრებს სთავაზობს, შთამბეჭდავი ხედები, სუფთა ჰაერი და მრავალფეროვანი აქტივობები. თუმცა სრულფასოვანი ოთხსეზონიანი კურორტისთვის აუცილებელია შესაბამისი ინფრასტრუქტურა, რომელიც ვიზიტორებს წლის ნებისმიერ დროს მაღალი ხარისხის გამოცდილებას შესთავაზებს.

"გუდაური მხოლოდ ზამთრის კურორტი არ არის. ისევე როგორც ალპური კურორტები, მასაც აქვს პოტენციალი, მთელი წლის განმავლობაში მასპინძლობდეს ტურისტებს. სწორედ ამიტომ პროექტში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ინფრასტრუქტურას, რომელიც სტუმრებს კომფორტულ და მრავალფეროვან გამოცდილებას შესთავაზებს ოთხივე სეზონზე".

იტალიური არქიტექტურა და ქართული იდენტობა

პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე მუშაობს იტალიური სტუდია NOA, რომელსაც მრავალწლიანი გამოცდილება აქვს მაღალმთიან არქიტექტურაში.

სტუდიის პორტფოლიოში შედის ისეთი ცნობილი პროექტები, როგორებიცაა Hotel Hubertus, Hub of Huts, Zallinger და Ötzi Peak 3.251 m. სწორედ ამ გამოცდილების საფუძველზე შეიქმნა გუდაურისთვის ახალი არქიტექტურული ხედვა, რომელიც თანამედროვე საერთაშორისო დიზაინს ქართულ კულტურულ მემკვიდრეობასთან აერთიანებს.

NOA-ს გუნდი საქართველოში ვიზიტისას განსაკუთრებით მოიხიბლა გუდაურის ლანდშაფტებითა და მთების დინამიკური ფორმებით. პარალელურად, არქიტექტორებმა შეისწავლეს ქართული ტრადიციული სიმბოლოები, ორნამენტები და კულტურული მემკვიდრეობა.

ამ პროცესის შედეგად პროექტის მთავარ შთაგონებად იქცა მანდილი, ქართული ტრადიციული თავსაბურავი, რომლის ფორმამაც გავლენა მოახდინა კომპლექსის სახურავის არქიტექტურულ გადაწყვეტაზე. შედეგად შეიქმნა დინამიკური და რბილი ფორმები, რომლებიც ერთდროულად უკავშირდება როგორც მთის ლანდშაფტს, ისე ქართულ კულტურულ სიმბოლიკას.

"ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ შენობა ბუნებრივად შერწყმოდა გარემოს. მიზანი არ ყოფილა ხმაურიანი და გარემოსგან მოწყვეტილი არქიტექტურის შექმნა. პირიქით, გვინდოდა თანამედროვე, გამორჩეული, მაგრამ ამავე დროს საქართველოს ბუნებასა და კულტურულ იდენტობასთან ჰარმონიულად დაკავშირებული პროექტი".

პროექტის კონცეფციის ავტორია ლუკას რუნგგერი, საერთაშორისო პროფესიული წრეების აქტიური წარმომადგენელი, არქიტექტურული კონკურსების ჟიურის წევრი და მრავალი პროფესიული ნაშრომის ავტორი.

ადგილობრივი ხასიათი და საერთაშორისო სტანდარტები

Caucasus Mandili-ს კონცეფციაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ადგილობრივ იდენტობას, თუმცა პროექტის ავტორები ხაზს უსვამენ, რომ ეს ელემენტი პირველ რიგში დიზაინსა და ვიზუალურ გადაწყვეტებში ვლინდება.

არქიტექტურაში გამოყენებული მანდილის მოტივი, ქართული მთის კულტურის ელემენტები და ადგილობრივი სიმბოლოები ქმნის ავთენტიკურ გარემოს, ხოლო საერთაშორისო სტანდარტები სტუმრის გამოცდილებაში, სერვისსა და კომფორტში აისახება.

"ადგილობრივი იდენტობა დიზაინის ნაწილია, ხოლო საერთაშორისო კლასი სერვისისა და კომფორტის. სწორედ ამ ორი კომპონენტის ბალანსი ქმნის პროექტის განსაკუთრებულობას".

<iframe width="560" height="315" src="https://www.youtube.com/embed/JC90Xw9Ptms?si=Tuooon0Kt_bOeQm3" title="YouTube video player" frameborder="0" allow="accelerometer; autoplay; clipboard-write; encrypted-media; gyroscope; picture-in-picture; web-share" referrerpolicy="strict-origin-when-cross-origin" allowfullscreen></iframe>

სტრატეგიული მდებარეობა, რომელიც წარმატებას განსაზღვრავს

სამთო კურორტებზე სასტუმროს წარმატების ერთ-ერთ მთავარ ფაქტორად მისი მდებარეობა მიიჩნევა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საბაგიროებთან სიახლოვე და მარტივი მისადგომობა.

Caucasus Mandili სწორედ ამ უპირატესობას ფლობს. პროექტი ფართო ტერიტორიაზე განთავსდება და მრავალფეროვანი ინფრასტრუქტურის განვითარების შესაძლებლობას იძლევა. ამასთანავე, უახლოესი საბაგირო სასტუმროდან მხოლოდ 200–250 მეტრში მდებარეობს, რაც დაახლოებით 3-4 წუთის სასიარულო მანძილია.

მსოფლიოს წამყვან სამთო კურორტებზე მსგავსი მდებარეობა ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან კონკურენტულ უპირატესობად ითვლება. როგორც წესი, ასეთ სასტუმროებს მაღალი დატვირთულობა და პრემიუმ პოზიციონირება ახასიათებთ.

საერთაშორისო აუდიტორიაზე გათვლილი პროექტი

Rotana-ს ერთ-ერთი მთავარი აქტივი მისი ერთგული მომხმარებლების ფართო ქსელია. ბრენდის სტუმრების მნიშვნელოვანი ნაწილი სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან, არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან, საუდის არაბეთიდან, კატარიდან, ქუვეითიდან, ბაჰრეინიდან და სხვა ქვეყნებიდან ჩამოდის.

საქართველოს ტურიზმის სექტორში სწორედ ეს სეგმენტი ითვლება ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მზარდ მიმართულებად. შესაბამისად, Rotana-ს საერთაშორისო ქსელი და გაყიდვების არხები პროექტისთვის მნიშვნელოვანი უპირატესობაა.

დღეს Rotana-ს ჯავშნის სისტემას მსოფლიოს მასშტაბით დაახლოებით 600 000 ტურისტული კომპანია იყენებს, რაც პროექტს საერთაშორისო ბაზრებზე პირდაპირი წვდომის შესაძლებლობას აძლევს.

ამავდროულად, Caucasus Mandili გათვლილია როგორც უცხოელ, ისე ქართველ სტუმრებზე. მათზე, ვინც გუდაურს სათხილამურო დასვენებისთვის, აქტიური ტურიზმისთვის ან, უბრალოდ, მაღალი დონის კომფორტისა და სერვისის მისაღებად სტუმრობს.

ეკონომიკური გავლენა რეგიონზე

პროექტის მნიშვნელობა მხოლოდ ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებით არ შემოიფარგლება. მისი განხორციელება მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს ადგილობრივ ეკონომიკაზე, დასაქმებასა და რეგიონულ განვითარებაზე.

პირველ ეტაპზე შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები მშენებლობის პროცესში, ხოლო შემდგომ სასტუმროს ოპერირების პერიოდში. გარდა ამისა, Rotana-ს საერთაშორისო ტრენინგებისა და სტანდარტების მეშვეობით ადგილობრივ მოსახლეობას პროფესიული განვითარების ახალი შესაძლებლობები ექნება.

პროექტი ასევე ხელს შეუწყობს ადგილობრივი ბიზნესების განვითარებას. ტურისტული ნაკადის ზრდა გაზრდის მოთხოვნას ტრანსპორტზე, ექსკურსიებზე, აღჭურვილობის გაქირავებაზე, კვების ობიექტებსა და სხვა მომსახურებებზე.

ოთხსეზონიანი კონცეფციისა და საერთაშორისო ბრენდის კომბინაცია კი გუდაურს დამატებით შესაძლებლობას მისცემს, მთელი წლის განმავლობაში მოიზიდოს ვიზიტორები და კიდევ უფრო გააძლიეროს საკუთარი პოზიციები საერთაშორისო ტურისტულ ბაზარზე.

ფართო ხედვა და მთავარი გამოწვევა

როგორც ირაკლი აღნიშნავს, ყველაზე რთული გამოწვევა საერთაშორისო ბრენდის, გამორჩეული არქიტექტურისა და დიდი საინვესტიციო ხედვის ერთიან სისტემად გარდაქმნაა.

საერთაშორისო ბრენდს საკუთარი მოთხოვნები აქვს მომსახურებისა და ოპერირების მიმართ, არქიტექტორები ქმნიან უნიკალურ კონცეფციას, ხოლო დეველოპერის პასუხისმგებლობაა, ეს ყველაფერი რეალობად აქციოს ხარისხის, ვადებისა და ბიუჯეტის დაცვით.

"ჩვენი მთავარი ამოცანაა, ვიპოვოთ ბალანსი ამბიციურ ხედვასა და პრაქტიკულ განხორციელებას შორის. სწორედ ამიტომ ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება პარტნიორებს შორის მჭიდრო თანამშრომლობის საფუძველზე მიიღება. გვჯერა, რომ ასეთი მიდგომა ქმნის პროექტებს, რომლებიც ამართლებს როგორც სტუმრების, ისე ინვესტორებისა და პარტნიორების მოლოდინებს".

Caucasus Mandili სწორედ ასეთი პროექტის შექმნას ისახავს მიზნად, პროექტის, რომელიც გუდაურში არა მხოლოდ ახალ სასტუმროს, არამედ სტუმარმასპინძლობის, არქიტექტურისა და კურორტის განვითარების ახალ სტანდარტს დაამკვიდრებს.