BIM Solutions Georgia: გზა მონაცემებზე დაფუძნებული მშენებლობისკენ
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
როგორ ცვლის BIM და მონაცემებზე დაფუძნებული მიდგომა საქართველოს სამშენებლო სექტორს და რატომ უნდა დაიწყონ კომპანიებმა ციფრული პროცესების ეტაპობრივი დანერგვა დღესვე.
საქართველოს სამშენებლო სექტორი სწრაფად იცვლება. პროექტები უფრო კომპლექსური ხდება, იზრდება მოთხოვნა ხარისხზე, გამჭვირვალობაზე, კოორდინაციაზე, ხარჯების კონტროლსა და დროულ გადაწყვეტილებებზე.
ამ პროცესში BIM ტექნოლოგიები და მონაცემებზე დაფუძნებული მიდგომა უკვე აღარ არის მხოლოდ დამატებითი უპირატესობა, ის თანდათან ხდება აუცილებელი წინაპირობა თანამედროვე პროექტების ეფექტიანი მართვისთვის. ამ თემაზე Entrepreneur ესაუბრა მარიამ ქუთათელაძეს, BIM Solutions Georgia-ს მმართველ პარტნიორს, რომელიც ამბობს, რომ საქართველოს სამშენებლო ბაზარი ახალი ტიპის კომპეტენციების საჭიროების წინაშე დგას.
როგორ შეიცვალა სამშენებლო სექტორი ბოლო წლებში და რატომ არის ეს ცვლილება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი საქართველოსთვის?
სამშენებლო სექტორი დღეს ბევრად უფრო სწრაფად იცვლება, ვიდრე შრომის ბაზარი ახერხებს ადაპტაციას. ადრე მშენებლობა ძირითადად აღიქმებოდა როგორც ფიზიკური პროცესი: პროექტირება, სამშენებლო მოედანი, სამუშაოების შესრულება. დღეს კი თანამედროვე სამშენებლო პროექტი პირველ რიგში არის ინფორმაციის, გადაწყვეტილებების, რისკებისა და მონაცემების მართვის პროცესი.
საქართველოშიც ეს ცვლილება ძალიან აქტუალურია. ქვეყანაში აქტიურად ვითარდება საცხოვრებელი, კომერციული, ინფრასტრუქტურული, სასტუმრო და საჯარო სექტორის პროექტები. ამავდროულად, მოთხოვნები უფრო რთულდება, – ინვესტორებს, დამკვეთებს, არქიტექტორებს, ინჟინრებს, კონტრაქტორებსა და ოპერატორებს სჭირდებათ უკეთესი კოორდინაცია, ზუსტი დოკუმენტაცია, სანდო მონაცემები და უფრო სწრაფი გადაწყვეტილებები.
დღეს პროექტის წარმატება მხოლოდ იმაზე აღარ არის დამოკიდებული, რამდენად კარგად არის შესრულებული კონკრეტული ნახაზი ან სამუშაო. მნიშვნელოვანია, როგორ იმართება ინფორმაცია მთელი პროექტის განმავლობაში, საწყისი კონცეფციიდან, ღირებულების დაგეგმვიდან და BIM კოორდინაციიდან მშენებლობის ზედამხედველობამდე, ჩაბარებამდე და შენობის შემდგომ ოპერირებამდე.
ნიშნავს თუ არა ეს, რომ ტრადიციული ინჟინრული ცოდნა საკმარისი აღარ არის?
ტექნიკური ცოდნა კვლავ კრიტიკულად მნიშვნელოვანია. საქართველოს სამშენებლო სექტორს სჭირდება ძლიერი არქიტექტორები, ინჟინრები, MEP სპეციალისტები, კონსტრუქტორები და პროექტის მენეჯერები. მაგრამ თანამედროვე პროექტებისთვის ეს უკვე აღარ არის საკმარისი.
დღეს საჭირო ხდება უფრო ფართო, სისტემური აზროვნება, ციფრული უნარები, კოორდინაციის კულტურა, მონაცემების მართვა, სხვადასხვა დისციპლინის ინფორმაციის დაკავშირება და პროექტის სრული სიცოცხლის ციკლის დანახვა.
თანამედროვე პროექტებში გადაწყვეტილებების დიდი ნაწილი მიიღება მანამდე, სანამ ფიზიკური სამუშაოები დაიწყება. ეს ხდება ციფრული მოდელირების, clash detection-ის, quantity take-off-ის, ხარჯების ანალიზის, დაგეგმვის, სცენარების შეფასებისა და რისკების პროგნოზირების საშუალებით. ეს მიდგომა კომპანიებს ეხმარება თავიდან აიცილონ შეცდომები, შეამცირონ ხარჯები და უკეთ მართონ დრო, ხარისხი და რესურსები.
რა ტიპის ახალი სპეციალისტები სჭირდება ბაზარს?
დღეს სამშენებლო პროექტებში სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდებიან ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ მუშაობა არა მხოლოდ ნახაზებთან, არამედ ციფრულ მოდელებთან, სტრუქტურირებულ მონაცემებთან, პროგრამულ პლატფორმებთან, ინფორმაციის გაცვლის სტანდარტებსა და კომპლექსურ საინჟინრო სისტემებთან.
ეს ნიშნავს, რომ ბაზარს სჭირდება BIM კოორდინატორები, BIM მენეჯერები, ინფორმაციის მენეჯერები, ციფრული მშენებლობის სპეციალისტები, პროექტის კონტროლიორები, მონაცემთა ანალიტიკოსები და ტექნოლოგიებზე ორიენტირებული პროფესიონალები.
მშენებლობა უნდა გახდეს მიმზიდველი არა მხოლოდ ინჟინერიის სტუდენტებისთვის, არამედ იმ ახალგაზრდებისთვისაც, ვინც ინტერესდება ციფრული ტექნოლოგიებით, მონაცემებით, პროცესების მართვით, პროგრამირებით, ავტომატიზაციითა და საინფორმაციო სისტემებით. თუ მშენებლობა მონაცემებზე დაფუძნებულ ინდუსტრიად ყალიბდება, ჩვენ უნდა ვიყოთ იქ, სადაც ეს ადამიანები არიან, უნივერსიტეტებში, ტექნიკურ ფაკულტეტებზე, ინოვაციურ გარემოსა და ციფრული განათლების სივრცეებში.
რა როლი აქვს BIM-ს ამ ტრანსფორმაციაში?
BIM არ არის მხოლოდ 3D მოდელი ან პროგრამა. BIM არის პროექტის ინფორმაციის მართვის მეთოდოლოგია. მისი მთავარი ღირებულება ის არის, რომ სხვადასხვა დისციპლინის ინფორმაცია ერთიან, კოორდინირებულ და კონტროლირებად გარემოში მოაქციოს.
BIM პროცესები ეხმარება კომპანიებს უკეთ დაინახონ, სად არის რისკი, სად არის დისციპლინებს შორის კონფლიქტი, როგორ იცვლება რაოდენობები, რა გავლენა აქვს ერთ გადაწყვეტილებას ღირებულებაზე, ვადებზე, სამშენებლო თანმიმდევრობაზე ან შენობის შემდგომ ექსპლუატაციაზე.
ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, სადაც ბევრი პროექტი ჯერ კიდევ ფრაგმენტულად, დოკუმენტებზე დაფუძნებული კომუნიკაციით იმართება. ასეთ გარემოში ხშირად რთულია ცვლილებების კონტროლი, პასუხისმგებლობების გამიჯვნა, დისციპლინებს შორის კოორდინაცია და პროექტის რეალური მდგომარეობის დროული შეფასება.
როგორ ეხმარება BIM Solutions Georgia კომპანიებს ამ პროცესში?
BIM Solutions Georgia-ს ერთ-ერთი მთავარი მიმართულება სწორედ ის არის, რომ არქიტექტურულ, საინჟინრო, სამშენებლო და დეველოპერულ კომპანიებს დავეხმაროთ BIM პროცესების დანერგვაში უკვე არსებულ სამუშაო გარემოში.
ჩვენი მიდგომა არ არის მხოლოდ პროგრამული უზრუნველყოფის მიწოდება. ჩვენ ვსწავლობთ კომპანიის მიმდინარე პროცესებს, პროექტების ტიპებს, გუნდის სტრუქტურას, არსებულ პრობლემებს და შემდეგ ვთავაზობთ პრაქტიკულ გზას, როგორ შეიძლება BIM მეთოდოლოგიის ეტაპობრივი ინტეგრაცია ისე, რომ ეს იყოს რეალისტური, ეფექტიანი და ბიზნესისთვის სასარგებლო.
ჩვენ ვუწევთ კომპანიებს კონსულტაციას BIM პროცესების დაგეგმვაში, პროგრამული უზრუნველყოფის სწორ შერჩევასა და დანერგვაში, სამუშაო პროცესების ოპტიმიზაციაში, გუნდის გადამზადებაში, ტექნიკურ მხარდაჭერაში და საჭიროების შემთხვევაში BIM სტანდარტების, workflow-ებისა და პროექტის მართვის პრაქტიკული წესების ჩამოყალიბებაში.
ჩვენი მიზანია, კომპანიამ უბრალოდ კი არ შეიძინოს პროგრამა, არამედ რეალურად შეძლოს მისი გამოყენება უკეთესი კოორდინაციისთვის, სწრაფი გადაწყვეტილებებისთვის, შეცდომების შემცირებისა და პროექტის ხარისხის გაუმჯობესებისთვის.
BIM Solutions Georgia საქართველოში წარმოადგენს მსოფლიოში წამყვან პროფესიულ პროგრამულ უზრუნველყოფებს AEC სექტორისთვის, მათ შორის Autodesk-ის, Trimble Tekla Structures-ის, SketchUp-ის, IDEA StatiCa-ს, GEO5 / Fine Software-ის, Chaos-ის, Fildwire-ისა და სხვა ტექნოლოგიურ გადაწყვეტებს.
ხშირად კომპანიებს ჰგონიათ, რომ BIM-ის დანერგვა რთული და ძვირი პროცესია. როგორ უნდა დაიწყონ მათ?
ყველაზე დიდი შეცდომაა BIM-ის დანერგვის წარმოდგენა როგორც ერთჯერადი, ძალიან დიდი და რთული ტრანსფორმაცია. სინამდვილეში სწორად დაგეგმილი დანერგვა შეიძლება იყოს ეტაპობრივი და პრაქტიკულ საჭიროებებზე მორგებული.
პირველი ნაბიჯია დიაგნოსტიკა, კომპანიამ უნდა გაიგოს, სად არის ყველაზე დიდი პრობლემა: კოორდინაციაში, დოკუმენტაციაში, ცვლილებების კონტროლში, რაოდენობებში, ვადებში, პროექტის კომუნიკაციასა თუ სამშენებლო მოედანთან ინფორმაციის გაცვლაში.
შემდეგ შესაძლებელია მცირე, მაგრამ სწორი ნაბიჯებით დაწყება: ერთი პროექტის ფარგლებში BIM კოორდინაციის დანერგვა, კონკრეტული გუნდის გადამზადება, საერთო მონაცემთა გარემოს გამოყენება, clash detection-ის პროცესი, მოდელზე დაფუძნებული დოკუმენტაცია ან რაოდენობების ამოღება.
მთავარია, BIM არ იყოს მხოლოდ ტექნოლოგიური გადაწყვეტილება. ეს არის ორგანიზაციული ცვლილება, რომელიც მოითხოვს პროცესების გადახედვას, პასუხისმგებლობების განსაზღვრას და გუნდის სწავლებას.
თქვენ ასევე ავითარებთ BIM Solutions – BIM Academy-ს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან. რატომ არის ეს მნიშვნელოვანი?
განათლების სისტემასა და ინდუსტრიას შორის კავშირი დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ბაზარი იმდენად სწრაფად იცვლება, რომ უნივერსიტეტები ყოველთვის ვერ ასწრებენ ახალი კომპეტენციების დროულად ინტეგრაციას სასწავლო პროცესში.
სწორედ ამიტომ ვავითარებთ BIM Solutions – BIM Academy-ს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან. ჩვენი მიზანი არ არის მხოლოდ პროგრამების სწავლება. უფრო ფართო ამოცანაა, სტუდენტებსა და ახალგაზრდა სპეციალისტებს მივცეთ პრაქტიკული ცოდნა იმის შესახებ, როგორ იქმნება, მოწმდება, კოორდინირდება, იცვლება და გამოიყენება ციფრული ინფორმაცია რეალურ პროექტებში.
აკადემიის ფარგლებში სტუდენტებს ექნებათ შესაძლებლობა გაეცნონ BIM მოდელირებას, კოორდინაციის პროცესებს, მოდელზე დაფუძნებულ დოკუმენტაციას, clash detection-ს, quantity extraction-ს, ინფორმაციის მოთხოვნებს, common data environment-ს და BIM-ის პრაქტიკულ გამოყენებას დიზაინსა და მშენებლობის მართვაში.
ეს არის ინვესტიცია არა მხოლოდ სტუდენტებში, არამედ მთელი სექტორის მომავალში.
რა სარგებელი შეიძლება მიიღონ კომპანიებმა BIM პროცესების დანერგვით?
სწორად დანერგილი BIM პროცესები კომპანიებს აძლევს რამდენიმე მნიშვნელოვან სარგებელს.
პირველ რიგში, უმჯობესდება კოორდინაცია. პროექტის მონაწილეებს აქვთ უკეთესი ხედვა, სად არის კონფლიქტი, რა ინფორმაცია აკლია და რა გადაწყვეტილებაა მისაღები.
მეორე – მცირდება შეცდომები და გადაკეთებები. როდესაც პრობლემა მოდელში ჩანს მშენებლობის დაწყებამდე, მისი გამოსწორება გაცილებით იაფი და სწრაფია.
მესამე – კომპანიები იღებენ უფრო სანდო ინფორმაციას რაოდენობებზე, ღირებულებაზე, ვადებსა და პროექტის სტატუსზე.
მეოთხე – იზრდება გამჭვირვალობა. დამკვეთს, პროექტის მენეჯერს, დიზაინერსა და კონტრაქტორს შეუძლიათ იმუშაონ უფრო კოორდინირებულად და ერთიან ინფორმაციაზე დაყრდნობით.
და ბოლოს, BIM ეხმარება კომპანიას არა მხოლოდ კონკრეტული პროექტის უკეთ მართვაში, არამედ საკუთარი შიდა პროცესების განვითარებაში. ეს უკვე გრძელვადიანი კონკურენტული უპირატესობაა.
როგორ ხედავთ საქართველოს სამშენებლო სექტორის მომავალს?
საქართველოს სამშენებლო ბაზარს აქვს დიდი პოტენციალი, მაგრამ ამ პოტენციალის რეალიზებისთვის საჭიროა ხარისხის, გამჭვირვალობის, ტექნოლოგიებისა და პროფესიული კომპეტენციების განვითარება.
მომავალი ეკუთვნის იმ კომპანიებს, რომლებიც დღეს დაიწყებენ ინვესტირებას ციფრულ პროცესებში, მონაცემებზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებებსა და ადამიანების განვითარებაში.
ინჟინრები კვლავ დარჩებიან სექტორის საფუძვლად, მაგრამ მათ გვერდით უნდა გამოჩნდნენ ახალი ტიპის პროფესიონალები, BIM კოორდინატორები, ინფორმაციის მენეჯერები, მონაცემთა ანალიტიკოსები, ციფრული მშენებლობის სპეციალისტები და ტექნოლოგიური პროცესების მმართველები.
თანამედროვე მშენებლობა აღარ არის მხოლოდ ფიზიკური სტრუქტურების აშენება. ეს არის სანდო ინფორმაციის შექმნა, მართვა და გამოყენება უკეთესი გადაწყვეტილებებისთვის. სწორედ ამ მიმართულებით უნდა განვითარდეს საქართველოც.