Air Astana ყაზახეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების 15 წლის იუბილეს აღნიშნავს
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
Air Astana Group-მა საქართველოში ოპერირების 15 წელი სპეციალური ღონისძიებით აღნიშნა, რასთან დაკავშირებითაც ავიაკომპანიამ სპეციალური ღონისძიება გამართა, სადაც მხოლოდ მედიასექტორის წარმომადგენლები იყვნენ მოწვეული.
Air Astana Group ცენტრალური აზიის ბაზარზე ლიდერის პოზიციას წლებია სტაბილურად ინარჩუნებს. ჯგუფი ამჟამად 63 თვითმფრინავისგან შემდგარ თანამედროვე ავიაპარკს ფლობს, რომელიც განაწილებულია ავიაკომპანია Air Astana-სა და მის დაბალბიუჯეტიან შვილობილ კომპანია FlyArystan-ს შორის. ორივე ავიაკომპანია საერთაშორისო აღიარებით სარგებლობს: Skytrax-ის მიერ Air Astana ზედიზედ 14 წლის განმავლობაში დასახელდა საუკეთესო ავიაკომპანიად ცენტრალურ აზიასა და დსთ-ში, ხოლო FlyArystan ამავე პრესტიჟული დაჯილდოების სამგზის გამარჯვებულია, როგორც რეგიონის საუკეთესო დაბალბიუჯეტიანი ავიაგადამყვანი.
Air Astana Group 2026 წელს საქართველოში ოპერირების მნიშვნელოვან თარიღს აღნიშნავს. ავიაკომპანიამ ყაზახეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების 15 წლის იუბილესთან დაკავშირებით სპეციალური საზეიმო ღონისძიება გამართა, რომელსაც მედიასექტორის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. კომპანიის წარმომადგენლებმა პრეზენტაცია გამართეს და აუდიტორიას ის მნიშვნელოვანი მიღწევები და პროექტები გაუზიარეს, რამაც ავიაკომპანია ბაზარზე ერთ-ერთ მოწინავე ბრენდად აქცია.
Air Astana-მ პირველი პირდაპირი რეისი ალმათისა და თბილისს შორის 2011 წლის ივნისში განახორციელა. გასული 15 წლის განმავლობაში Air Astana Group-მა სტაბილურად გააფართოვა თავისი წარმომადგენლობა ყაზახეთისა და საქართველოს დამაკავშირებელი ყოვლისმომცველი ქსელის განვითარებით. ყველაზე აქტიურ ტურისტულ საზაფხულო სეზონზე Air Astana და მისი დაბალბიუჯეტიანი ავიაგადამყვანი FlyArystan ორ ქვეყანას შორის კვირაში 44-მდე რეისს ასრულებენ. ავიაკომპანია მოგზაურებს მიმართულებების მრავალფეროვან არჩევანსა და მოსახერხებელ სამგზავრო პაკეტებს სთავაზობს. რეისები ხელმისაწვდომია ალმათიდან, ასტანადან, ატირაუდან და აქტაუდან თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის მიმართულებით.
ორ ქვეყანას შორის საჰაერო მიმოსვლის განვითარება და ფრენების სიხშირის ზრდა ავიაკომპანიის მიერ წლების განმავლობაში გაწეული თანმიმდევრული მუშაობის შედეგია. Air Astana Group-მა ეტაპობრივად გაზარდა ხელმისაწვდომი მიმართულებების რაოდენობა და საქართველოს თითქმის ყველა მოქმედი აეროპორტი აითვისა. ეს პროცესი 2011 წელს ალმათი-თბილისის პირველი რეისით დაიწყო, რასაც 2015 წელს ასტანა-თბილისის მიმართულება დაემატა (რომელიც პანდემიის შემდეგ, 2022 წელს ხელახლა ამოქმედდა). მოგვიანებით, საჰაერო ქსელი კიდევ უფრო მრავალფეროვანი გახდა: 2021 წელს გაიხსნა რეისები ალმათი-ბათუმისა და ასტანა-ქუთაისის მიმართულებით, 2023 წელს მათ ალმათი-ქუთაისი დაემატა, ხოლო 2025 წელს ფრენებს ატირაუ-თბილისის ხაზიც შემოუერთდა. მიმდინარე, 2026 წელს კი მარშრუტების რუკას კიდევ ორი ახალი მიმართულება – ასტანა-ბათუმისა და აქტაუ-ბათუმის პირდაპირი რეისები დაემატა. 2026 წლის ზაფხულის სეზონზე Air Astana კვირაში 25, FlyArystan კი კვირაში 19 რეისს ასრულებს.
მარშრუტების მზარდი პოპულარობა ასახავს ყაზახეთსა და საქართველოს შორის ეკონომიკური, ტურისტული და კულტურული კავშირების გაძლიერებას. 2025 წელს Air Astana Group-მა ორ ქვეყანას შორის არსებულ მარშრუტებზე 270 000-ზე მეტი მგზავრი გადაიყვანა, რაც წინა წელთან შედარებით 17%-იანი ზრდაა. როგორც პრეზენტაციაზე აღინიშნა, საქართველო Air Astana-ს მგზავრებს შორის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მიმართულებაა. საქართველო სულ უფრო მნიშვნელოვანი წყარო ხდება ტრანზიტული მგზავრებისთვის, რომლებიც Air Astana-ს ჰაბების – ალმათისა და ასტანას გავლით მოგზაურობენ ცენტრალური აზიის, ჩინეთის, ინდოეთის, სამხრეთ კორეის, ტაილანდისა და ვიეტნამის მიმართულებით. იმ ტრანზიტული მგზავრებისთვის, რომელთა გადაჯდომის დრო 10 საათზე მეტს შეადგენს, მოქმედებს სპეციალური პროგრამები, რაც მოიცავს ტურსა და განთავსებას.
"საქართველო რჩება ერთ-ერთ საკვანძო ბაზრად Air Astana Group-ის რეგიონულ ქსელში. გასული თხუთმეტი წლის განმავლობაში ჩვენ მუდმივად ვაფართოებდით ჩვენს სერვისებს, როგორც დასასვენებელ, ისე ბიზნესმოგზაურობებზე მზარდი მოთხოვნის საპასუხოდ. ჩვენ კვლავ ერთგულნი ვართ ყაზახეთსა და საქართველოს შორის კავშირების შემდგომი გაძლიერების, თანაც მგზავრებისთვის ცენტრალური აზიისა და აზიის მიმართულებებზე მოსახერხებელი წვდომის უზრუნველყოფით", – განაცხადა Air Astana-ს სამგზავრო და სატვირთო გადაზიდვების გაყიდვების დირექტორმა, სერიკ რის-ულიმ.
სერიკ რის-ულიმ Entrepreneur-თან საუბრისას ხაზი გაუსვა Air Astana-ს მაღალ სტანდარტებსა და იმ რეპუტაციას, რომელიც ბრენდმა საქართველოში მუშაობის 15 წლის განმავლობაში დაიმსახურა:
"ჩვენ გვჯერა, რომ მომხმარებელს ძალიან კარგ პროდუქტს ვთავაზობთ – როგორც კი მგზავრი ჩვენს სერვისს გამოცდის, ის ყოველთვის კმაყოფილი რჩება, რასაც მათი პოზიტიური უკუკავშირიც ადასტურებს. საქართველოში საქმიანობის 15 წლის განმავლობაში ჩვენ შევქმენით საიმედო ავიაკომპანიის რეპუტაცია, რომელიც მგზავრებს ჯერ ცენტრალურ აზიასთან, ხოლო შემდეგ აღმოსავლეთის მიმართულებებთან – ტაილანდთან, ჩინეთთან, ინდოეთსა და კორეასთან აკავშირებს. გარდა ამისა, ჩვენი პრიორიტეტი მგზავრებზე ზრუნვაა. მოგზაურობისას ყველაფერი ხდება, იქნება ეს ფრენის შეფერხება თუ სხვა გაუთვალისწინებელი გარემოება, თუმცა ჩვენ მგზავრებს არასდროს ვტოვებთ უყურადღებოდ. თუ ვინმე უცხო ქვეყნის აეროპორტში ყოვნდება, ჩვენ უზრუნველვყოფთ მას სასტუმროთი და ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ მან საბოლოო დანიშნულების ადგილამდე უსაფრთხოდ მიაღწიოს. ამასთან, ჩვენი დროის განრიგთან თანხვედრის, ე.წ. On-time performance-ის მაჩვენებელი ძალიან მაღალია".
პრეზენტაციისას ავიაკომპანიის წარმომადგენლებმა მედიასთან ისაუბრეს იმაზე, თუ რამდენად დიდ ყურადღებას უთმობს Air Astana ფრენის დასამახსოვრებელ გამოცდილებად ქცევას. მაგალითად, ბიზნესკლასში მენიუ წამყვან რესტორნებთან კოლაბორაციით იქმნება. ასევე საგულდაგულოდ არის შერჩეული მენიუ მათთვის, ვისაც აქვს ალერგია სხვადასხვა საკვებო პროდუქტზე, არის ვეგეტარიანელი ან იცავს სპეციალურ კვების რაციონს. ბორტის პატარა მგზავრებს კი ავიაკომპანია სპეციალურ საბავშვო მენიუს სთავაზობს. სასიამოვნო სიახლე იყო ისიც, რომ ბიზნესკლასის მგზავრებს ავიაკომპანია ქართული ღვინით უმასპინძლდება.
პრეზენტაციის ნაწილი კომპანიის მდგრადი განვითარების სტრატეგიის მიმოხილვას დაეთმო. Air Astana აგრძელებს ინვესტირებას თანამედროვე და ეკოლოგიურ საჰაერო ტრანსპორტში, რომლებიც ნაკლებ საწვავს მოიხმარს და გარემოში გადაადგილებისას ბევრად ნაკლებ ხმაურს იწვევს. ამასთანავე, ავიაკომპანია აქტიურად უჭერს მხარს გენდერულ თანასწორობას პილოტებს შორის და მუშაობს სოციალურ პროგრამებზე სამკურნალო საჭიროების მქონე ბავშვებისა თუ ნიჭიერი ახალგაზრდების მგზავრობის დასაფინანსებლად.
ვრცელმა პრეზენტაციამ Air Astana-ს ოპერირების შესახებ ბევრი საინტერესო დეტალი გამოავლინა. ღონისძიება სპეციალური გათამაშებით დასრულდა – კომპანიამ ეკონომკლასისა და ბიზნესკლასის ბილეთების მფლობელები შემთხვევითობის პრინციპით გამოავლინა.